“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

სომხეთის პრემიერლიგა ოფიციალური სტატუსის დაკარგვის წინაშეა

სომხეთის ჩემპიონატი სერიოზული საფრთხის წინაშეა.

ფინანსური პრობლემების გამო ქვეყნის უმაღლესი დივიზიონიდან “ულისი” გარიცხეს, რის შემდეგაც ჩემპიონატში მხოლოდ შვიდი კლუბი დარჩა.

უეფას წესების თანახმად, იმისთვის, რომ ჩემპიონატი ოფიციალურად ჩაითვალოს, ტურნირზე მინიმუმ რვა გუნდი უნდა თამაშობდეს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში ამ რთული ვითარებიდან გამოსვლის გზებს ეძებენ, თუმცა პრობლემას ის ართულებს, რომ მეორე დივიზიონის ვერცერთი კლუბი სომხეთის პრემიერლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

 

მხითარიანი: “ძალიან გამიხარდება, თუ სომხეთის ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე ვითამაშებ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრების შედეგი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ოდესმე დიდ ტურნირზე თამაშს შეძლებს.

“ჩვენი ოცნებაა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, თუმცა რას ვიზამთ… ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ვართ იმედგაცრუებულნი, რადგან ამ შესარჩევ ციკლში მხოლოდ ორი ქულა დავაგროვეთ. აი, ორი ან ოთხი წლის წინათ მართლაც გულდასაწყვეტი იყო, რადგან მაშინ დიდ ტურნირზე თამაშის შანსი გვქონდა.

ღმერთმა ქნას, მნიშვნელოვანი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ. მორიგი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე კიდევ ერთი წელია. ვფიქრობ, წარმატებისთვის ცოტა გამართლებაც საჭიროა. ძალიან გამიხარდება, თუ ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწევ”, – აღნიშნა მხითარიანმა გაზეთ “სპორტ ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოდის

6 ივნისს, თბილისში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩამოვა.

ამ ინფორმაციას TVS ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთის ნაკრებს სტუმრობს. პორტუგალიელები ამ შეხვედრისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ კი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან. ისინი თბილისში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან.

პორტუგალიურ მხარესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება მარტის თვეში გაფორმდა. ამ ინფორმაციას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ადასტურებს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. სომხეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილი უკავია.

 

მხითარიანი სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ჯილდოს სახით ოთხი მილიონი დრამი გადასცეს.

25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 215 ხმა მოაგროვა. მეორე ადგილზე მოსკოვის “დინამოს” მეკარე რომან ბერეზოვსკი გავიდა (96 ხმა), ხოლო მესამე პოზიცია პერმის “ამკარის” მცველმა რობერტ არზუმანიანმა დაიკავა (59 ხმა).

მხითარიანი უკვე მეხუთედ გახდა ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე. მანამდე ის 2009, 2011, 2012 და 2013 წლებში დააჯილდოვეს.

 

პლატინი სომხურად ალაპარაკდა

როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის საუკეთესო სომეხ ფეხბურთელად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დაასახელეს.

„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წლის ფეხბურთელის ტიტული მე გადმომეცა. მადლობას ვუხდი ჩემს სანაკრებო თანაგუნდელებს, რომელთა წყალობითაც ამ წარმატებას მივაღწიე“, – მხითარიანის ეს სიტყვები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.


აღსანიშნავია, რომ სომეხ ფეხბურთელს ჯილდოს მოგება უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სპეციალური ვიდეომიმართვით სომხურ ენაზე მიულოცა. მხითარიანი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.

„ჩემთვისაც და დამსწრე საზოგადოებისთვის ეს დიდი სურპრიზი იყო. ყოველდღე ვერ მოისმენ უეფას პრეზიდენტისგან შენს გვარს“, – აღნიშნა მხითარიანმა.

დასასრულს, 24 წლის სომეხმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„28 დეკემბერს შვებულებაში გავდივარ. 5 იანვარს „ბორუსიას“ შევუერთდები და ვარჯიშს განვაახლებ. შემდეგ ესპანეთში რვადღიანი შეკრება გვექნება, სადაც სეზონის მეორე წრისთვის მოვემზადებით“.

აქვე გთავაზობთ პლატინის ვიდეომიმართვას.

ბექა დოგრაშვილი

მხითარიანს ჰიმნი დაუწერეს (ვიდეო)

სომეხი ჟურნალისტები და ფეხბურთის ქომაგები იმდენად ამაყობენ ჰენრიხ მხითარიანით, რომ მას ჰიმნი მიუძღვნეს. დორტმუნდის „ბორუსიას“ ფანებმა მალევე აიტაცეს მათი ერთ-ერთი ლიდერისადმი დაწერილი კომპოზიცია.

გთავაზობთ მხითარიანისადმი მიძღვნილ ჰიმნს.

 

ბალოტელიმ ბერლუსკონის მედიაჰოლდინგის კამერის დაზიანება სცადა

იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სომხეთის ნაკრებთან გამართავს. „სკუადრა აძურა“ ფლორენციიდან ნეაპოლში მატარებლით ჩავიდა.

ნეაპოლის სადგურში ჩეზარე პრანდელის გუნდს ასობით ქომაგი და რამდენიმე სატელევიზიო ჯგუფი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ამ თბილ სიტუაციაში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიხისტე. მედიაჰოლდინგ „მედიასეტის“ წარმომადგენელთა ცნობით, ბალოტელიმ ერთ-ერთ ოპერატორს დაარტყა და კამერის დაზიანებაც სცადა. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია მილანური კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაა.

აქვე დავამატებთ, რომ გუშინ ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ერთ-ერთი პუბლიკაციის შესავალი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

„ბალოტელი ავად არის, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავა, როგორც სიმბოლო კამორას (მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატი) მოწინააღმდეგისა“.

ბალოტელიმ გაზეთში გამოქვეყნებულ ამ სიტყვებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„მე ჩავდივარ იმიტომ, რომ ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და თითოეულმა ადამიანმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას სურს. აი, ეს არის თამაში!“

სხვათა შორის, პრანდელის გუნდი ვარჯიშს იმ მოედანზე გამართავს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლიტანურ მაფიას ჩამოართვეს.

რაც შეეხება თავად მატჩს, იტალიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი