ლა ლიგის წლევანდელ სეზონს ფანტასტიური ფინალი აქვს. “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონობის შანსი “ატლეტიკოსა” და “რეალსაც” აქვთ. ეს ყველაფერი კი ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე. სხვაობა კი სულ რაღაც 1 ქულაა. ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის.
“ბარსელონას” მომავალი მათ ხელშია. მართალია, ლუის ენრიკეს გუნდმა მადრიდულ გრანდებს ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების საშუალება მისცა ზედიზედ სამი წაგებით, მაგრამ დარჩენილ ორ ტურში (“ესპანიოლთან” და “გრანადასთან”) გამარჯვებას ყველაფრის გადაფარვა შეეძლება – ისინი რიგით მეექვსე ტიტულს მოიპოვებენ ბოლო 8 სეზონში.
“ბლაუგრანას” ჩემპიონობის გაფორმება დღესვე შეუძლია. თუმცა, ამისათვის “ესპანიოლთან” გამარჯვებასთან ერთად ორივე მადრიდულმა გრანდმა უნდა განიცადონ კრახი – “ატლეტიკომ” ლევანტეში უნდა წააგოს, “რეალმა” კი შინ “ვალენსია” ვერ უნდა დაამარცხოს. სამივე მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე აიღებს სტარტს.
“ხვალ ჩემპიონობის აღნიშვნა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლება. სულაც არ ვდარდობ მოწინააღმდეგეებზე. ჩემი ერთადერთი მიზანია ის, რომ ჩემმა გუნდმა “ესპანიოლზე” უკეთ ითამაშოს.” – განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის წინ.
“ბარსა” და “ესპანიოლი” მიმდინარე სეზონში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორ მატჩში კატალონიელებმა იმარჯვეს (ორივე კოპა დელ რეიზე), ერთი მატჩი კი უგოლო ფრედ დასრულდა (მატჩი რომელიც საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა: ღორის თავი, ორი წითეი ბარათი, შაკირასადმი შეურაცხმყოფელი შეძახილები, სუარესის დისკვალიფიკაცია და ა.შ.) .
“ესპანიოლს” ლა ლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება, თუმცა ისინი მთელი ძალებით შეეცდებიან, რომ მათ თანაქალაქელ გუნდს ჩემპიონობა დააკარგვინონ – ისე, როგორც ეს 2006-07 წლების სეზონში გააკეთეს.
აღნიშნულ მატჩში ტამუდომ დუბლის გაფორმება მოახერხა, რამაც “ბარსელონას” გამარჯვების საშუალება არ მისცა (2-2). ასეთი შანსის გამოყენება კი ფაბიო კაპელოს “რეალმა” მოახერხა, რომელმაც “ბარსას” ტიტული ჩემპიონატის ბოლო დღეს აწაპნა.
ამ მოვლენას ესპანეთში “ტამუდასოს” სახელი შეარქვეს. “ესპანიოლის” ამჟამინდელმა ფორვარდმა, ფელიპე კაისედომ აღნიშნა, რომ მისი მიზანი ამის გამეორება იქნება: “კაისედასო! მიყვარს ეს! ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია, თუმცა ჩვენ ისტორიული რამის გაკეთების შანსი გვაქვს.”
“ბარსა” ამჟამად 85 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უსწრებს ამავე ოდენობის ქულების მქონე “ატლეტიკოს”, რომელიც საშინაო ჩემპიონატში აშკარად დაჯაბნა. თუ “ბარსასა” და “რეალს” ერთნაირი რაოდენობის ქულები დაუგროვდებათ, გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც ლუის ენრიკეს გუნდი გამოვა, რაც 4-0-ს დამსახურება გახლავთ.
“ესპანიოლის” შემდეგ, “ბარსელონა” გრანადისკენ გაემართება, სადაც მათ კიდევ ერთი რთული გამოცდა ელით – ბრძოლა “გრანადასთან”, რომელიც ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ყველაფრის გათვალისწინებით, ქაღალდზე ფავორიტად მაინც “ბარსელონა” მიიჩნევა.
“ატლეტიკოს” ამასობაში უმოტივაციოდ დარჩენილი “ლევანტეს” წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რომელიც უკვე გავარდა ლა ლიგიდან. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ რომ “სიუტატ დე ვალენსიაზე” ბოლო 13 სტუმრობიდან “როხიბლანკომ” მხოლოდ 5-ში მოახერხა 3 ქულის მოპოვება.
“ლევანტესთან” მატჩის შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდს “სელტასთან” მოუწევს საქმის გარჩევა, რომეიც უაღრესასდ მოტივირებულია – მათი მიზანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, რასაც სულ რაღაც 1 ქულა აშორებთ.
ამასობაში, ზიდანის გუნდს გაცილებით უფრო რთული მისია აქვს შესასრულებელი – მოგება “ვალენსიასთან” და “დეპორტივოსთან”, თანაც ბეილისა და ნავასის გარეშე. რომც მოიგონ, ეს საკმარისი არ იქნება ჩემპიონობისათვის – ამისათვის როგორც “ატლეტიკოს”, ასევე “ბარსასაც” უნდა დაუცდეს ფეხი.
საბოლოო ჯამში, უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელებს სანერვიულოდ ნამდვილად აქვთ საქმე. განაღდებული არავის არაფერი არ აქვს, სამივე გუნდს სჭირდება მოგება. დღეს, 19:00 საათზე.