ჟურნალისტი შვაინშტაიგერს: “რამდენად შესაძლებელია, რომ “ჩიკაგო” მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს?” (ვიდეო)

MLS-ში მოასპარეზე კლუბმა “ჩიკაგო ფაირმა” ბასტიან შვაინშტაიგერი ოფიციალურად წარადგინა. გერმანელი ფეხბურთელის პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უცნაური კითხვა დასვა. კორესპონდენტმა შვაინშტაიგერს ჰკითხა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ “ჩიკაგომ” მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.

გერმანელი ფეხბურთელი დაიბნა და თანმხლებ პირებთან კითხვის შინაარსის გარკვევა სცადა. საქმეში გენერალური მენეჯერი ნელსონ როდრიგესი ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ “ჩიკაგო” კლუბია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას არ იღებს. მანვე ჟურნალისტის კითხვა გაასწორა და შვაინშტაიგერს MLS-ზე “ჩიკაგოს” შანსების შეფასება სთხოვა.

შვაინშტაიგერმა კლოზეს რეკორდი გაიმეორა

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ეროვნულ გუნდში რეკორდი გაიმეორა.

31 წლის ფეხბურთელი ევრო-2016-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრებთან გამართულ მატჩში მოედანზე შევიდა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით მიროსლავ კლოზეს შედეგი გაიმეორა. კერძოდ, დიდ ტურნირებზე ეს შვაინშტაიგერის 31-ე შეხვედრა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს.

შვაინშტაიგერსა და ივანოვიჩს ქორწილი მარტში ექნებათ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი და ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი მომდევნო თვეში დაქორწინდებიან.

გერმანული გამოცემა “ბილდის” ცნობით, ცერემონი ან ესპანეთში ან სერბეთში შედგება. ცნობილია, რომ მოწვეულთა შორის არის გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” რამდენიმე ფეხბურთელი, ასევე ჩოგბურთელი ენდი მარეი.

შვაინშტაიგერი ივანოვიჩს 2014 წლის სექტემბრიდან ხვდება, თუმც ეს ურთიერთობა დიდხანს მალევე გამოაშკარავდა.

 

შვაინშტაიგერს დისკვალიფიკაცია ემუქრება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:0) მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

გერმანელმა ფეხბურთელმა ლონდონელთა მცველ უინსტონ რიდს სახეში ხელი დაარტყა, თუმცა ეს ეპიზოდი მსაჯს გამოეპარა.

“მირორის” ცნობით, ბასტიან შვაინშტაიგერს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

 

ვან გაალმა შვაინშტაიგერი გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა “სან ხოსესთან” გამართული ამხანაგური მატჩის (3:1) შემდეგ კლუბის ახალწვეული ბასტიან შვაინშტაიგერი გააკრიტიკა. გერმანელი ფეხბურთელი აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისას გამოვიდა, თუმცა ამ 45 წუთში გუნდის თავკაცზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

“შვაინშტაიგერმა ცუდად ითამაშა. ერთადერთი ნათელი წერტილი ანდრეას პერეირა იყო. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ფეხბურთელმა ცუდად ითამაშოს, როდესაც მოსამზადებლად სამი-ექვსი დღე აქვს და მხოლოდ 45 წუთით ათამაშებენ. შვაინშტაიგერმა პირველ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მეორე შეხვედრაში ცუდად მოქმედებდა. ეს გარდაუვალიც კი არის, როდესაც მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გაქვს.

პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. დაცვა ორგანიზებულად მოქმედებდა, ბევრი მომენტი შევქმენით და ორი გოლიც გავიტანეთ. ყოველთვის შეიძლება უკეთესად თამაში, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.

მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ხშირად ვკარგავდით ბურთს და ერთადერთი აღსანიშნავი პერეირას მიერ გატანილი გოლი გახლდათ. ნახევარდაცვაში ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც შეხვედრის პირველ ნახევარში”, – ვან გაალის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

“წითელი ეშამკების” მხრიდან გოლები ხუან მატამ (32′), მემფის დეპაიმ (37′) და ანდრეას პერეირამ (61′) გაიტანეს. ამერიკელთა რიგებიდან პრესტიჟის გოლი ფატაი ალაშმა (42′) გაიტანა.

 

“ბილდი”: შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა

მიუნხენის “ბაიერნის” 30 წლის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” გერმანიის ნაკრების წევრის სანაცვლოდ ბავარიელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

“ბილდის” ცნობით, შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით ათ მილიონ ევროს მიიღებს.

ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშებაში ოცი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

შვაინშტაიგერი: “თავისუფალი სივრცეების პოვნა რთული იყო”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) “ბუნდესთიმის” კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა შეაფასა.

“ჩვენი ამოცანა კარის მშრალად შენახვა იყო და ეს შევძელით. თავისუფალი სივრცეების პოვნა რთული იყო. მეტოქის ნახევარზე რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა მაინც გავიმარჯვეთ. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და კონცენტრირება გიბრალტარისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე გადავიტანოთ”, – განაცხადა შვაინშტაიგერმა.

 

შვაინშტაიგერს “დინამო არენაზე” დაუჩოქეს (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გერმანიის ნაკრებმა “დინამო არენაზე” წინასამატჩოდ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს მოედანზე მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, მას “ბაიერნის” შარფი გადასცა, გადაეხვია და დაუჩოქა კიდეც. გულშემატკივარი “ბუნდესგუნდის” ვარჯიშს ვოლონტიორის რანგში ესწრებოდა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას. (ფოტოები)

შვაინშტაიგერს “დინამო არენაზე” დაუჩოქეს (ფოტოები)

გერმანიის ნაკრებმა დღეს “დინამო არენაზე” წინასამატჩოდ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს მოედანზე მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, მას “ბაიერნის” შარფი გადასცა, გადაეხვია და დაუჩოქა კიდეც. გულშემატკივარი “ბუნდესგუნდის” ვარჯიშს ვოლონტიორის რანგში ესწრებოდა.

“შვაინშტაიგერს” ყველგან ჰყავს ფანები, საქართველოშიც კი”, – წერს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი მინდვრიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის მატჩი ხვალ, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.

Boy - Bastian 2Boy - Bastian

 

შვაინშტაიგერის ახალი გატაცება — ანა ივანოვიჩი

გერმანული და სერბული წყაროების თანახმად, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ცნობილ სერბ ჩოგბურთელ ანა ივანოვიჩთან ერთად შენიშნეს.

წყვილი ნიუ-იორკში დააფიქსირეს. გავრცელებული ცნობით, ანა ივანოვიჩი გერმანელი ფეხბურთელის ახალი გატაცებაა. როგორც ჩანს, შვაინშტაიგერმა გერმანელ მოდელ სარა ბრანდნერთან ურთიერთობა გაწყვიტა.

სერბული გამოცემა Blick-ი წერს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერმა და ანა ივანოვიჩმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ჩოგბურთელ ანდრეა პეტკოვიჩის დახმარებით გაიცნეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ივანოვიჩმა Ice Bucket Challenge-ის კამპანიაში სწორედ გერმანელი ნახევარმცველი გამოიწვია.

შვაინშტაიგერი US Open-ზე ივანოვიჩის თამაშებსაც დაესწრო. სერბი ჩოგბურთელი ნიუ-იორკში მოდის კვირეულზე დასასწრებად დარჩა, გერმანელ ფეხბურთელს კი სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

 

გერმანიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ფილიპ ლამმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. შესაბამისად, გერმანიის ეროვნულ გუნდში ახალი კაპიტნის არჩევა გახდა საჭირო. “ბუნდესნაკრების” კაპიტნის სამკლავურს ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოირგებს.

30 წლის შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის თანაშემწედ ტომას შნაიდერი იმუშავებს, რომელიც მანამდე “შტუტგარტს” ედგა სათავეში.

“გუნდის კაპიტანი შვაინშტაიგერი იქნება. წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გასვლას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. მატს ჰუმელსი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საეჭვოა სამი ხედირას თამაშიც, ამიტომ გუნდში “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველ სებასტიან რუდის ვუხმეთ.
უახლოეს წლებში ნაკრებში სულ უფრო ხშირად გამოვიძახებთ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ერიკ დურმი და მათიას გინტერი. აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ ისეთ მოთამაშესთან მქონდა საუბარი, რომლებმაც მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხეს”, – განაცხადა ლიოვმა.

ცნობისთვის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდთა შორის გასამართი ამხანაგური მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

მსაჯთა მიერ დაშვებული შეცდომები ბრაზილიის მუნდიალზე

ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მეხსიერებაში დარჩება არამხოლოდ როგორც ბოლო წლების ყველაზე სანახაობრივი ტურნირი, არამედ მსაჯთა მუშაობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიც. მართალია, გოლის ფიქსაციის ავტომატურმა სისტემამ თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა, თუმცა მსაჯთა მიერ დაშვებულ შეცდომებს მაინც ვერ გავექეცით. არბიტრებმა შეცდომების დაშვება ტურნირის სასტარტო მატჩიდანვე დაიწყეს და ფინალურ შეხვედრამდე გააგრძელეს.

1. ბრაზილია — ხორვატია (იუიტი ნისიმურა, იაპონია)
იაპონელმა მსაჯმა ნისიმურამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში გადაწყვიტა, რომ ბრაზლიის ნაკრებს ქულები არ უნდა დაეკარგა და მაშინ, როცა ანგარიში საყაიმო იყო, „სელესაოს“ პენალტი აჩუქა. ფიფამ ნისიმურა მომდევნო მატჩებში მთავარ არბიტრად აღარ ამუშავა, რითაც ირიბად აღიარა, რომ იაპონელი მსაჯი შეცდა.

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას თერთმეტმერიანი დარტყმის მიზეზი ბალკანელთა მცველ დეიან ლოვრენის მიერ ფრედის წაქცევა გახდა. ლოვრენმა ბრაზილიელ თავდამსხმელს ზურგში ოდნავ უბიძგა, ფრედმა მომენტით ისარგებლა და ისე წაიქცა, თითქოს ძლიერი დარტყმა მიეღოსო.

2. მექსიკა — კამერუნი (უილმარ როლდან პერესი, კოლუმბია)
მექსიკისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში თავად პერესის მიმართ იმდენი პრეტენზია არ გვაქვს, რამდენიც მისი თანაშემწის, უმბერტო კლავიხოს მიმართ. კლავიხომ მექსიკელთა შემტევ ჯოვანი დოს სანტოსს წესების დაცვით გატანილი ორი გოლი გაუუქმა. ჯერ მე-11 წუთზე გაიტანა მექსიკელმა ფეხბურთელმა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ ორ მცველს შორის გაიპარა და ხუთი მეტრიდან დაარტყა, შემდეგ იყო 28-ე წუთი, როცა ბურთი კამერუნელი მცველისგან მიუვიდა და ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა. ორივე შემთხვევაში კლავიხომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

3. ესპანეთი — ჰოლანდია (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფინალური მატჩის არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ შეცდომების დაშვება ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო. ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის დროს იტალიელმა მსაჯმა დიეგო კოსტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. არადა, გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი თავადვე აქტიურად ცდილობდა ჯარიმაზე თამაშს და სტეფან დე ვრეის ვარდნას ფეხი ოსტატურად დაახვედრა. იტალიელი მსაჯი წამოეგო კოსტას ამ ხრიკს და თერთმეტმერიანის ნიშნულისკენ მიუთითა.

მეორე ტაიმში რიცოლი უკვე „ნარინჯისფერთა“ სასარგებლოდ შეცდა, როდესაც დე ვრეის გოლის მომენტში მეკარის ბაქანზე იკერ კასილასის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა ვერ შენიშნა.

ამ შეცდომების მიუხედავად, ფიფამ ფინალური მატჩის განსჯა სწორედ რიცოლის მიანდო.

4. ურუგვაი — კოსტა რიკა (ფელიქს ბრიხი, გერმანია)
კოსტარიკელთა მოულოდნელმა და ლამაზმა თამაშმა ფელიქს ბრიხის და სამსაჯო ბრიგადის შეცდომა გადაფარა. გვერდითა მსაჯმა შტეფან ლუპმა ვერ შენიშნა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ოსკარ დუარტე, რომელმაც ფერნანდო მუსლერას კარში მეორე გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, გვერდით მსაჯს ბურთის ჩაწოდების მომენტში დუარტეს ადგილმდებარეობა გამორჩა, რითაც ფეხბურთელმა იხეირა.

5. შვეიცარია — საფრანგეთი (ბიორნ კეიპერსი, ჰოლანდია)
ყველას გვახსოვს ამ მატჩის შედეგი, თუმცა მე-8 წუთზე, როცა ანგარიში ნულოვანი იყო, ფრანგთა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ბარბაროსულად ჩაუმტვრია ყვრიმალი შვეიცარიელთა მცველ სტივ ფონ ბერგენს. მომენტი მსაჯის თვალწინ მოხდა, თუმცა კეიპერსს წარბიც არ შეურხევია. ჟირუ გაძევებასაც იმსახურებდა, თუმცა ფრანგ თავდამსხმელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენეს.

აღნიშნული ეპიზოდი ფიფამაც უყურადღებოდ დატოვა, რითაც ფრანგები კიდევ უფრო გათავხედნენ. მომდევნო ჯერზე იმავე ჟირუმ და მამადუ სახომ ეკვადორელთა ფეხბურთელის ყბის გამძლეობა გამოსცადეს. მერვედფინალურ ეტაპზე კი, ბლეზ მატუიდიმ ნიგერიელ ნახევარმცველ ოგენი ონაზის ლამის ფეხი მოსტეხა.

6. ნიგერია — ბოსნია & ჰერცეგოვინა (პიტერ ოლირი, ახალი ზელანდია)
ახალზელანდიელ მსაჯთა ბრიგადამ ოსტატურად „მოკლა“ მუნდიალის დებიუტანტი ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრები. ჯერ იყო და 21-ე წუთზე გოლის გატანის მომენტში ედინ ჯეკო დააფიქსირეს არარსებულ თამაშგარე მდგომარეობაში, შემდეგ კი მსაჯმა ემირ სპაჰიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა. ფლანგური გარღვევის დროს ემანუელ ემენიკემ წესის დარღვევით აუარა გვერდი სპაჰიჩს და პიტერ ოდემვინგეს საგოლე პასი გაუკეთა.

7. იტალია — ურუგვაი (მარკო როდრიგეს მორენო, მექსიკა)
მარკო როდრიგეს მორენო ის მსაჯია, რომელსაც ლუის სუარესის კბენა გამოეპარა. მან ურუგვაელი თავდამსხმელი არ გააძევა და „სელესტემ“ მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

8. ბრაზილია — კოლუმბია (კარლოს ველასკო კარბალიო, ესპანეთი)
ესპანელი მსაჯი იმდენად შეიჭრა ლიბერალის როლში, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ამჩნევდა, როგორ ურტყამდნენ ბრაზილიელები ხამეს როდრიგესს ფეხში. „სელესაო“ იმდენად უხეშად ეთამაშებოდა კოლუმბიელთა ლიდერს, რომ ფერნანდინიო ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იმსახურებდა გაძევებას, თუმცა კარბალიო თვლიდა, რომ მისთვის ყვითელი ბარათიც ზედმეტი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ხამესის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას მას არცერთი გაფრთხილება არ უჩვენებია.

კოლუმბიელებს ყელში ამოუვიდათ ეს უსამართლობა და ამით მობეზრებულმა კამილო სუნიგამ ნეიმარი კინაღამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აქცია. სხვათა შორის, არც ამ ეპიზოდში არ უჩვენებია მსაჯს ბარათი.

9. ბრაზილია — ჰოლანდია (ჯამელ ჰაიმუდი, ალჟირი)
ალჟირელმა არბიტრმა მესამე ადგილისთვის მატჩის სტარტზე ერთბაშად ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა. არიენ რობენი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა ტიაგო სილვამ ის დაიჭირა და წააქცია. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმო მოედნის გარეთ მოხდა. იმის მაგივრად, რომ მსაჯს ჯარიმა დაენიშნა და ბრაზილიელი მცველი გაეძევებინა, მან პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, ტიაგო სილვას კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

მე-17 წუთზე კი აფრიკელმა მსაჯებმა ვერ შენიშნეს, რომ მეორე საგოლე კომბინაცია ჰოლანდიელებმა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ჟორჟინიო ვეინალდუმის მისამართით გაგზავნილი პასით დაიწყეს.

მეორე ტაიმში ჰაიმუდიმ ჰოლანდიელთა კარის მიმართულებით პენალტი არ დანიშნა. პირიქით, ოსკარს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, არადა, თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო. ჰაიმუდიმ არაკვალიფიციური არბიტრის შთაბეჭდილება დატოვა.

10. გერმანია — არგენტინა (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფიფამ ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად იტალიელი ნიკოლა რიცოლი დანიშნა, რასაც გერმანელთა არცთუ ისე კარგი რეაქცია მოჰყვა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ნახევარს სწორედ იტალიური ფესვები აქვს. რიცოლი არგენტინელ მოთამაშეებს მართლაც ლიბერალურად ეპყრობოდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იყო ესეკიელ გარაი გასაფრთხილებელი, როცა ახალგაზრდა კრისტოფ კრამერს ძალიან მძიმედ შეეჯახა, თუმცა არბიტრმა ამ ეპიზოდში თამაშიც კი არ გაჩერა. კრამერმა ტვინის შერყევა მიიღო და მოგვიანებით მოედანი დატოვა. მატჩის ერთ-ერთ მომენტში მანუელ ნოიერი შეეჯახა გონსალო იგუაინს, თუმცა მსაჯმა არგენტინელი ფეხბურთელი აქეთ დააჯარიმა.

დამატებით ტაიმებში რიცოლიმ ორ ეპიზოდში არ მისცა როდრიგო პალასიოს ყვითელი ბარათი, უხეში თამაშისთვის მოედნიდან არ გააძევა უკვე გაფრთხილებული ხავიერ მასკერანო. იყო მომენტიც, როდესაც სერხიო აგუერომ ბასტიან შვაინშტაიგერს სახეში ხელი ჩაარტყა და გერმანელ ფეხბურთელს სისხლი ადენინა, თუმცა არბიტრმა ეს ეპიზოდიც უყურადღებოდ დატოვა.