უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-11 წუთზე გავიდა. მოედნის ცენტრში ბურთი საულ ნიგესმა მიიღო, მანვე განახორციელა სოლორეიდი, რომელიც ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და “ატლეტიკო” დააწინაურა. საერთოდაც, შეხვედრის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ.
მეორე ტაიმში ბავარიელებმა თამაში გამოასწორეს და ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსიც ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში დავიდ ალაბას შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. უპირატესობის გაზრდა მასპინძლებსაც შეეძლოთ. მადრიდელთა ერთ-ერთი კონტრშეტევის შემდეგ ფერნანდო ტორესმა ბურთი ძელს გაარტყა.
წყვილის საპასუხო მატჩი მიუნხენში, 3 მაისს შედგება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (პირველი მატჩი)
“ატლეტიკო” — “ბაიერნი” 1:0 (1:0)
“ატლეტიკო”: ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუისი, კოკე, გაბი, აუგუსტო, საული (პარტი 85′), გრიზმანი, ტორესი.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 77′), ტიაგო ალკანტარა (მიულერი 70′), ვიდალი, ალონსო, დუგლას კოსტა, კომანი (რიბერი 64′), ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლი: საული 11′.
გაფრთხილებები: საული 84′ — დუგლას კოსტა 40′, ბენატია 82′, ნოიერი 82′, ვიდალი 88′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).