ნეიმარის აგენტი: „ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს სულელი ბებერი“

ნეიმარისა და დავიდ ლუისის აგენტმა ვაგნერ რიბეირუმ ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარის მემკვიდრე.

„ბრაზილიის ნაკრების მომდევნო მწვრთნელისთვის ექვსი მოთხოვნა მექნება: არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი პორტუგალიის ნაკრებში, სადაც არაფერი მოუგია; არ უნდა ჰქონდეს ლონდონის „ჩელსიში“ ნამუშევარი და შემდეგ იქიდან გამოძევებული. არ უნდა ჰქონდეს უზბეკეთში ნამუშევარი. არ უნდა ჰყავდეს ბრაზილიური კლუბების უმეტესობა დროის მოკლე პერიოდში მეორე დივიზიონში დაქვეითებული. არ უნდა იყოს სეზონის დასრულებამდე 56 დღით კლუბიდან წასული, რათა დაქვეითება თავიდან აეცილებინა; არ უნდა იყოს სულელი ბებერი, ამპარტავანი, საზიზღარი და სასაცილო“, – აღნიშნა რიბეირუმ.

ადვილი გამოსაცნობია, რომ აგენტმა ფარულად სკოლარის გაჰკრა კბილი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით 1:7 განადგურდა და ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.

 

ბრაზილიური პრესა ნაკრების მარცხს მიკ ჯაგერს აბრალებს

ბრაზილიურმა პრესამ ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი უიღბლობის მომტან პირად შერაცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებებს შორის წუხელ გამართულ შეხვედრას (1:7) ბრაზილიელ შვილ ლუკასთან ერთად სტადიონის ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს ბრიტანელი მუსიკოსი.

ფეხბურთის სამხრეთამერიკელმა გულშემატკივრებმა მიკ ჯაგერის ცუდი აურა ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დალანდეს, როდესაც მუსიკოსის საყვარელმა ინგლისის, აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს.

ბრაზილიელმა ფანებმა მიკ ჯაგერს pe frio (ცუდი ფეხის მქონე პირი) შეარქვეს, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ბრიტანელი მუსიკოსი რამდენჯერაც რომელიმე გუნდს მიემხრო, იმდენჯერ დამარცხდა მისი რჩეული ნაკრები.

თურმე, მუნდიალის დაწყებამდე მიკ ჯაგერს პორტუგალიელებისთვის უთქვამს, თქვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, თუმცა პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.

რომში ყოფნის დროს მიკ ჯაგერმა იტალიელ ტიფოზებს უთხრა, იტალიის ნაკრები ურუგვაის დაამარცხებს და ჯგუფურ ეტაპს დაძლევსო, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ვერც მისმა საყვარელმა ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

წუხელ კი, „სელესაომ“ შინაურ კედლებში გერმანიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხი იგემა.

ბრაზილიელი ფანები ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართავენ მიკ ჯაგერს იმისთვის, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა „სელესაოს“ მხარი აღარ დაუჭიროს.

 

დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ „სელესაოს“ მცველმა დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა.

„ბრაზილიელი ერის წინაშე ბოდიშს ვიხდით. გვინდოდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სიხარული მოგვეტანა. გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელი ხალხი ბედნიერი იყოს, თუნდაც ფეხბურთის დახმარებით.

გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა. მეტოქე უკეთ მომზადებული შეხვდა მატჩს, უკეთაც ითამაშა. ერთხელ ვაჩვენეთ სისუსტე, გერმანელებმა ეს შენიშნეს და მსგავსი კომბინაციებით გაგვიტანეს გოლები.

ჩვენი ოცნება დაიმსხვრა. ძალზედ სამწუხარო დღეა, თუმცა დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. შეცდომებზე სწავლობენ“, – აღნიშნა დავიდ ლუისმა.

 

ბრაზილია — გერმანია (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 69 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

სკოლარიმ 4-4-2 სქემა მოსინჯა

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. ნეიმარის ტრავმამ ლუიშ ფელიპე სკოლარის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა დამდეგ შეხვედრაში გუნდი შესაძლოა 4-4-2 სქემით ათამაშოს.

გუშინდელ ვარჯიშზე ნახევარდაცვის ხაზი ლუის გუსტავომ, პაულინიომ, ფერნანდინიომ და ოსკარმა შეავსეს, წინ კი ფრედი და ჰალკი მოქმედებდნენ. თუ სკოლარი ამ განლაგებას მიმართავს, მიმდინარე ტურნირზე პირველად მოხდება, რომ „სელესაო“ 4-2-3-1 სქემით არ ითამაშებს.

საწვრთნელი პროცესის დროს სკოლარიმ ტრადიციული ტაქტიკური სქემაც მოსინჯა და პაულინიოს ნაცვლად ვილიანი შეუშვა.

გარდა ამისა, ვარჯიშისას ვილიანის ადგილას ბერნარდმა, ფერნანდინიოს ადგილას კი ერნანესმა ითამაშეს.

მატჩი ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას მექსიკელი არბიტრი მარკო როდრიგესი მოემსახურება. სხვათა შორის, სწორედ მსაჯთა ამ ბრიგადას გამოეპარა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი.

 

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშეს

ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივა ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელ მაურისიო პინილიას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას მოხდა. პაივამ პინილიას სახეში ხელი გაარტყა.

დისკვალიფიკაციის გარდა, ბრაზილიის ეროვნული გუნდის პრეს-ატაშე შესაძლოა, 8 ათასი ევროთიც დააჯარიმონ.

 

ბრაზილია — კოლუმბია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სელესაოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მცველი დავიდ ლუისი დაასახელეს, რომელმაც შეხვედრის 69-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით მართლაც თვალსასეირო და რაც მთავარია, საჭირო გოლი გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ნეიმარი VS ხამეს როდრიგესი (სტატისტიკა)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გაიმართება. ბევრი ამ შეხვედრას ნეიმარი — ხამეს როდრიგესის მიკროდუელადაც ნათლავს და ეს სულაც არ არის გასაკვირი.

ბრაზილიის ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მიზანი აქვს: გამარჯვება. ნეიმარი აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნივერსალური საშუალებაა. სწორედ ის არის დღევანდელი „სელესაოს“ ლიდერი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად უკვე იქცა კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და ახლა ბომბარდირთა დავას 5 გატანილი ბურთით ლიდერობს.

ნეიმარი თუ ხამეს როდრიგესი? აქედან მხოლოდ ერთი გააგრძელებს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლას.

ნეიმარი

ხამეს როდრიგესი

ბრაზილია

ქვეყანა

კოლუმბია

22 წლის

ასაკი

22 წლის

„ბარსელონა“, ესპანეთი

კლუბი

„მონაკო“, საფრანგეთი

აშშ – 2:0 (10.08.2010)

სანაკრებო დებიუტი

ბოლივია – 2:1 (29.09.2011)

53

სანაკრებო მატჩების რაოდენობა

26

35

სანაკრებო გოლების რაოდენობა

10

0,67

საშუალო შედეგიანობა

0,38

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა:

4 (4)

მატჩი

4 (3)

384

წუთი

324

4

გოლი

5

1

საგოლე გადაცემა

4

64,3% (9/14)

ზუსტი დარტყმა

50,0% (7/14)

74,7% (121/162)

ზუსტი გადაცემა

80,1% (137/171)

14

გამომუშავებული ჯარიმა

5

10 211 მ

მატჩში საშუალოდ დაფარული დისტანცია

9 010 მ

31,8 კმ/სთ

მაქსიმალური სისწრაფე

30,9 კმ/სთ

 

ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშემ მაურისიო პინილიას დაარტყა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას ინციდენტი მოხდა. ჩილელთა თავდამსხმელ მაურისიო პინილიას სახეში ხელი გაარტყეს.

Globoesporte-ის ცნობით, პინილიას ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივასგან მოხვდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ჩილეს ნაკრების თავკაცის თანაშემწე სებასტიან ბეკაჩეჩესთან ცდილობდა ურთიერთობის გარკვევას.

ჩილეს ნაკრების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ინციდენტი სათვალთვალო კამერების ობიექტივში მოხვდა და ფიფასგან ეპიზოდის გამოძიებასაც მოითხოვენ.

 

ბრაზილია — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „სელესაომ“ 3:2 იმარჯვა და მომდევნო რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მეკარე ჟულიო სეზარი დაასახელეს, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.

34 წლის კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა და ოთხი სეივი ჩაიწერა.

 

რონალდინიო კარიერას ეგვიპტეში გააგრძელებს?

ეგვიპტური „ზამალეკის“ პრეზიდენტმა მორტადა მანსურმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბმა ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოსთან შეთანხმებას მიაღწია.

„რონალდინიოსთან „ზამალეკში“ გადმოსვლაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ფეხბურთელს აგენტი ჰყავს და ჩვენ სწორედ მასთან შევთანხმდით. ასე რომ, რონალდინიო „ზამალეკში“ ითამაშებს. რეკლამა და მისი მაისურების გაყიდვა შემოსავლებს მოგვიტანს. მინდა, რომ „ზამალეკის“ ქომაგები ბედნიერები იყვნენ“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2011 წლიდან სამშობლოში თამაშობს.

 

კამერუნი — ბრაზილია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სელესაოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა ლიდერი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„ბარსელონაში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი დაჰყო, გააკეთა 42 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.