ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

“ყველაზე ძლიერებად ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებებს ვთვლი. შემდეგ მოდის არგენტინა. სკალონის გუნდი ისევ მწვერვალზეა. გარდა ამისა, არგენტინელებს მესი ჰყავთ და მათ გუნდში განახლების პროცესი მიმდინარეობს”, – ანჩელოტის სიტყვებს Il Messaggero აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა იტალიის ნაკრები. ანჩელოტიმ თქვა, რომ ტურნირზე კანადის ნაკრებს უქომაგებს. იტალიელ სპეციალისტს სწორედ კანადელი მეუღლე ჰყავს.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება.

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება.

“24 ტიტული მოვიგე? საქმე იმაშია, რომ ეს რიცხვები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. კარიერის დასრულების შემდეგ შედეგებს შევაფასებ, ასე უფრო აზრიანი იქნება.

ახლა ჩემს ყოველდღიურ სამუშაოზე ვარ ორიენტირებული. რამდენიმე წლის წინ პრიორიტეტად ტაქტიკური საკითხები მქონდა, მაგრამ ახლა ყურადღებას უფრო ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, ახალი ადამიანებისა და თაობის გაცნობას ვუთმობ.

“რეალი” ახლა საფეხბურთო მწვერვალზეა. აქედან წასვლის შემდეგ კარიერას დავასრულებ. საკუთარი გზისა და თავგადასავლის დასამთავრებლად უკეთეს ადგილს ვერ ვნახავ”, – თქვა ანჩელოტიმ Il Messagero-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

იტალიელ სპეციალისტს “რეალთან” კონტრაქტი ორ წელიწადში უმთავრდება. “სამეფო კლუბი” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2022-2023 წლების სეზონის პირველ ტურში “ალმერიას” ესტუმრება. შეხვედრა ხვალ ჩატარდება.

კარლო ანჩელოტი — მატჩამდე თქმული

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — “ლივერპული” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“ფეხბურთი შეიცვალა და მე შევძელი ამ ცვლილებებთან ადაპტაცია. 2003 წელს ჩატარებული ჩემი პირველი ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეს პოზიტიური ცვლილებებია. ფეხბურთი ძალიან საინტერესო შოუა და ცვლილებებს ვეჩვევი, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს.

კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულს” ხშირად გადავეკვეთე. პირველად ეს 1984 წელს, რომის ფინალში მოხდა. მაშინ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. შემდეგ იყო 2005 და 2007 წლების ფინალი. ჩვენი მეტოქეობა, რა თქმა უნდა, გამძაფრდა იმ პერიოდში, როდესაც “ევერტონში” ვმუშაობდი.

მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც თამაში რთულია. “ლივერპული” ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ფიზიკურად მშვენივრად არის მომზადებული. კარგია, რომ გადამწყვეტ მატჩში ასეთ მეტოქეს ვხვდებით.

“ლივერპულს” 2018 წლის ფინალისთვის “რეალზე” შურისძიება სურს? 1981 წლის პარიზის ფინალის გამო არც “რეალი” აპირებს რაიმეს დათმობას. არ ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება, გაიმარჯვებს უფრო გაბედული და ქარიზმატული”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “ლივერპულსა” და “რეალს” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

რომელ ნაკრებს უქომაგებს ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომელ ნაკრებს უქომაგებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული გუნდის არყოფნის პირობებში.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ. მათ ტურნირის ფინალურ სტადიაზე დიდი ხანია არ უთამაშიათ. კანადა ჩემი მეორე სახლია. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრების მაისურში გამოვეწყობი”, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, იტალიელ სპეციალისტს კანადელი მეუღლე ჰყავს. ანჩელოტის მეორე ნახევარი 62 წლის ბიზნესვუმენი მარიან ბარენა მაკლეი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ კანადის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ბელგიის, მაროკოსა და ხორვატიის ეროვნული გუნდები იქნება.

კასანო: “ანჩელოტის ძალიან გაუმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევს”

იტალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა.

“რეალმა” “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ძალიან ცუდად ითამაშა. ანჩელოტის ძალიან, ძალიან გაუმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევს.

“რეალი” არც პრიმერადივიზიონში თამაშობს კარგად. “ბარსელონას” ამ სეზონში ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ანჩელოტი საკუთარ ფეხბურთელებს კომფორტულ მდგომარეობას უქმნის, მაგრამ არ მახსენდება არცერთი მოთამაშე, რომელიც მისი თავკაცობის პირობებში განვითარდა”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football-Italia.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “რეალმა” “ჩელსი” ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შეხვედრა “ეტიჰადზე” 26 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი “სანტიაგო ბერნაბეუ” 4 მაისს უმასპინძლებს.

ანჩელოტი “რეალს” ლონდონში არ გაჰყვა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართება. “სამეფო კლუბი” ინგლისში მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გარეშე ჩაფრინდა. იტალიელ სპეციალისტს კორონავირუსი აქვს.

“რეალი” ლონდონში თავკაცის გარეშეა, თუმცა გადაჭრით ჯერ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ხვალინდელ შეხვედრას გუნდი ანჩელოტის გარეშე ჩაატარებს. თუ იტალიელის კოვიდტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, შესაძლოა, მწვრთნელი ხვალ ინგლისში ჩაფრინდეს.

ანჩელოტის შემთხვევაში კორონავირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. იტალიელმა სპეციალისტმა შაბათს, პრიმერაში “სელტასთან” გამართული შეხვედრა (2:1) გამოტოვა.

“ჩელსისა” და “რეალს” შორის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას კლემან ტიურპენის ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ანჩელოტიმ “მილანის” გამო “ინტერს” უარი უთხრა

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე “ნერაძურის” თავკაცის თანამდებობას სთავაზობდა.

61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონს უარი უთხრა, რადგან არ სურდა “მილანის” წყენინება, სადაც მრავალი წელი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანის” ღირსებას მოთამაშის რანგში 1987-დან 1992 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც შვიდი ტიტული მოიგო. ის “როსონერიში” 2001 წელს უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და 2009 წლამდე იმუშავა. ანჩელოტის მიერ დამოძღვრილმა “მილანმა” რვა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ერთხელ – სკუდეტო, ორჯერ კი – ჩემპიონთა ლიგა.

როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ პირველ ივნისს “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მადრიდის “რეალთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “სამეფო კლუბს” 2013-დან 2015 წლამდე უკვე წვრთნიდა. მისი თავკაცობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.

ანჩელოტი: “ნაპოლიში” სკუდეტოს მოსაგებად ვარ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.

“აქ მთელი სეზონი გავატარე და მივხვდი, თუ რა მიმართულებით მივდივართ. “ნაპოლის” გაზრდა უნდა, ჩვენ სერიოზული და გონივრული პროექტი გვაქვს. რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას, არ მინდა, რომ კლუბი ვალებში ჩაეფლოს. მე აქ სკუდეტოს მოსაგებად ვარ და არა – დასასვენებლად”, – თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “ნაპოლის” გასული წლის მაისიდან თავკაცობს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილი უკვე გაინაღდა.

ანჩელოტის საიუბილეო მატჩი და ორიგინალური საჩუქარი

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ჰამბურგს” შორის გამართული შეხვედრა ბავარიელთა თავკაც კარლო ანჩელოტისთვის საიუბილეო იყო.

იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა. შეხვედრის დაწყებამდე “ბაიერნის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ანჩელოტის საჩუქრის სახით ბრეცელი გადასცა. ბრეცელი გერმანიაში გავრცელებული პურ-ფუნთუშეული პროდუქტია.

“ბაიერნმა” მეტოქე ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა ანჩელოტი დააჯარიმა

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 21-ე ტურში ბერლინის “ჰერტასა” და “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა მასპინძელი გუნდის ქომაგებს შუა თითი უჩვენა.

კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “ჰერტას” ფანები მას აფურთხებდნენ და სწორედ ამის გამო უჩვენა მათ უხამსი ჟესტი.

ამის გამო იტალიელ სპეციალისტს ჯარიმის სახით 5 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, რაც საქველმოქმედო საქმიანობაში დაიხარჯება.

ანჩელოტიმ “ჰერტას” ფანებს უხამსი ჟესტი უჩვენა

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ბერლინის “ჰერტასა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ბავარიელებმა ქულის გადარჩენა 96-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლეს, თუმც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა.

შეხვედრის შემდეგ “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ჰერტას” ფანებს შუა თითი უჩვენა.

“დიახ, მე მათ ეს ჟესტი მართლაც ვუჩვენე, ვინაიდან ისინი მაფურთხებდნენ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “შპიგელი”.

ანჩელოტი: “რონალდო ფენომენი იყო მაშინაც კი, როცა 100 კგ-ს იწონიდა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “მილანში” ბრაზილიელ რონალდოს თავკაცობდა.

“რონალდო ფენომენი გახლდათ. იგი ნამდვილი ფენომენი იყო მაშინაც კი, როდესაც დაშავებული გახლდათ ან ას კილოგრამს იწონიდა”, – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი და რონალდო “მილანში” ერთად 2007 წელს მუშაობდნენ. იმ პერიოდში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს გათამაშებაში ოცი მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.