ანჩელოტი: “ჩიჩარიტომ ეს გოლი დაიმსახურა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” თანაქალაქელი “ატლეტიკო” 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

“კარგი მატჩი ჩავატარეთ, სიტუაციას ვაკონტროლებდით, მეტოქეს კონტრშეტევის საშუალებას არ ვაძლევდით. ბოლო წუთებში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. “ატლეტიკოს” ფეხბურთელის გაძევებამ, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა.

ერნანდესმა ფანტასტიური შეხვედრა ჩაატარა. მან დაიმსახურა ეს გოლი. მიმდინარე სეზონში ხავიერი ხშირად ვერ თამაშობს, თუმცა როცა გვჭირდება, ის მუდამ გვეხმარება. იგი ნამდვილი პროფესიონალია”, – ანჩელოტის სიტყვები BBC-მ გამოაქვყნა.

 

მორიენტესი: “ანჩელოტი “რეალში” უნდა დარჩეს, თუნდაც ტიტული ვერ მოიგოს

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ იმის მიუხედავად, თუ რა შედეგებით დასრულდება მიმდინარე სეზონი, კარლო ანჩელოტი “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა დარჩეს. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი “რეალის” დატოვებას აპირებს.

“დღესდღეობით “რეალისთვის” ყველაზე შესაფერისი მწვრთნელი ანჩელოტია. მან უკვე დაამტკიცა, რომ იმსახურებს აქ მუშაობას. ის “რეალში” უნდა დარჩეს, თუნდაც ტიტული ვერ მოიგოს. ანჩელოტი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელსაც თასები მოგებული აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ესპანეთში”, – მორიენტესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ანჩელოტი: “პირველ ტაიმში უნდა გაგვეტანა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში მისი გუნდის თამაში მოეწონა.

“ამ შედეგს მთლად კარგად ვერ შევაფასებთ. მატჩის პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად ვმოქმედებდით და უნდა გაგვეტანა. საერთო ჯამში, გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს თამაშით. შინ გასამართ განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით, რომ ვაჩვენოთ ისეთივე თამაში, როგორიც – დღევანდელი მატჩის პირველ ტაიმში”, – ანჩელოტის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ანჩელოტი: “კარგია, რომ რონალდუ ასე ეხმარება გუნდს”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “გრანადა” ანგარიშით 9:1 გაანადგურა. აქედან ხუთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

მატჩი “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაჯამა.

“რეალი” კარგ ფორმაშია და ეს დღეს აჩვენა. თამაში მაღალ ტემპში დავიწყეთ და ბევრი გოლი გავიტანეთ.

მოხარულები ვართ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო. ახლა ფოკუსირება ოთხშაბათს გასამართ მატჩზე უნდა გადავიტანოთ და იმ შეხვედრაშიც ასე უნდა ვითამაშოთ.

ხამეს როდრიგესმა ძალიან კარგად ითამაშა. სულ არ ეტყობოდა, რომ ორი თვის განმავლობაში უქმობა უწევდა.

კრიშტიანუ რონალდუს რაც შეეხება, კარგია, რომ გუნდს ასეთ დახმარებას უწევს. მან კარიერის განმავლობაში ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა პირველად მოახერხა.

ლუკა მოდრიჩი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფეხბურთელია. ის ბურთით სწრაფად მოძრაობს, აქვს თამაშის მიმდინარეობის შეცვლის უნარი და შეტევას ფლანგებზე შლის”, – ანჩელოტის კომენტარი Football Espana-მ გამოაქვეყნა.

 

ანჩელოტი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “მილანში” დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბის” დატოვებას აპირებს.

“შესაძლოა თუ არა, რომ ოდესმე “მილანში” დავბრუნდე? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს ერთადერთი კლუბია, რომელშიც შეიძლება დავბრუნდე.

ამ დროისთვის იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მომწონს, რასაც დღეს ვაკეთებ. მე ყოველდღიური სამუშაო მიყვარს”, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანს” 2001-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ერთხელ ქვეყნის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

 

სერხიო რამოსი: “ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც მიმუშავია”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ კლუბის ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე უმუშავია.

“ანჩელოტი ფეხბურთელებს ესაუბრება, პრობლემებს მშვიდად აგვარებს. ის ყველანაირად გვეხმარება როგორც პროფესიულ დონეზე, ასევე პირად ცხოვრებაში. აი, ეს არის წარმატების ნამდვილი გასაღები. ის დიდებული მწვრთნელია.

ლუის არაგონესსა და ხოაკინ კაპაროსსაც სჯეროდათ ჩემი მაშინ, როცა ჩემ მიმართ ნდობას არავინ გამოხატავდა. მე ფანტასტიური მწვრთნელები მყავდა, ხოლო ანჩელოტი საუკეთესო სამეულში შედის”, – სერხიო რამოსის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

კასილასსა და ანჩელოტის სამახსოვრო მაისურები გადაეცათ (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასსა და თავკაც კარლო ანჩელოტის კლუბისგან სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში “ელჩეს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა (2:0) კასილასისთვის ლა ლიგაში “სამეფო კლუბის” რიგებში ჩატარებული მე-500 მატჩი გახლდათ. იგივე შეხვედრა ანჩელოტისთვის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 მატჩი გახლდათ.

Casillas 500Ancelotti 100

ანჩელოტიმ მოურინიოს აჯობა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული პირველი ასი მატჩიდან მოგებათა პროცენტული რაოდენობით ჟოზე მოურინიოს აჯობა, რომელიც “ბლანკოსს” 2010-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ანჩელოტის ანგარიშზე 78 გამარჯვება, 10 ფრე და 12 მარცხია. მოურინიოს “რეალის” თავკაცის პოსტზე გატარებული პირველი ასი მატჩიდან ერთი მოგებული შეხვედრით ნაკლები ჰქონდა.

 

ანჩელოტი: “იმედია, მოდრიჩი “ბარსელონასთან” თამაშს შეძლებს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ლუკა მოდრიჩი სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა 28 მარტს გაიმართება.

“მოდრიჩის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. მას გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ჯერ არ უვარჯიშია, ლუკა საწვრთნელ პროცესს სრულად მომდევნო კვირაში შეუერთდება. 22 მარტისთვის ის მზად იქნება და იმედი გვაქვს, “ნოუ კამპის” მოედანზე გასვლასაც შეძლებს”, – ანჩელოტის სიტყყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩს ბარძაყის კუნთების ტრავმა აწუხებს.

 

ანჩელოტი: “პირველი გოლის შემდეგ თამაში უფრო გაიოლდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა

შეხვედრა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

“მშვენიერი თამაში გამოვიდა. მატჩი კარგ რიტმში დავიწყეთ და პირველი გოლის შემდეგ თამაში უფრო გაიოლდა. მარსელომ გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, რაც მშვენიერი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ბეილი კარგ კონდიციებშია, მშვენივრად ითამაშა. იგივეს ვიტყოდი დანარჩენ ფეხბურთელებზეც. ჩვენ ახლაც შარშანდელი სეზონის მსგავსი წნეხის ქვეშ ვართ. შარშან “დეჩიმაზე” ვსაუბრობდით, წელს კი – ჩემპიონთა ლიგის მე-11-ედ მოგებაზე”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

ანჩელოტი: “ზიდანს ყველაფერი აქვს წარმატებულ მწვრთნელად გახდომისთვის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “სამეფო კლუბის” მეორე გუნდის თავკაცი ზინედინ ზიდანი შეაქო.

“ზიდანის მიერ გაწეულ სამუშაოს ვაფასებ. მისთვის ეს დამოუკიდებლად მუშაობის პირველი წელია. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებული მწვრთნელი გახდეს”, – ანჩელოტის სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

ანჩელოტი: “მოურინიოს მეთოდოლოგია ჩემსას ჰგავს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ამ დრომდე ეტყობა ჟოზე მოურინიოს ხელი.

“კარგად ვიცნობ მოურინიოს მეთოდოლოგიას. მისი მუშაობის სტილი ჩემსას ჰგავს, ის დიდ ყურადღებას უთმობს ბურთით ვარჯიშს.

როდესაც “რეალში” მოვედი, მასზე ცუდი არაფერი გამიგია. არ ვიცი, რა მოხდა მასსა და ფეხბურთელებს შორის. როდესაც ახალი ციკლი დავიწყე, მოუსა და მოთამაშეებს შორის მომხდარი უკვე დავიწყებას იყო მიცემული”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს tribalfootball-ი.