ვენგერი: „ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გაგვიჭირდება“

„ევერტონთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აღიარა, რომ მის გუნდს სეზონის შედეგების მიხედვით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გაუჭირდება.

„ჩვენ არასტაბილურად ვთამაშობდით. „ევერტონი“ უკეთ გამოიყურებოდა და სამი ქულაც დაიმახურა. ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. მეტოქეს დამაჯერებელ თამაშს ვულოცავ.

მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება და არამხოლოდ ჩვენგანაა დამოკიდებული. წარსულში მსგავს სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვართ. გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა მსურს, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. სატურნირო ცხრილზე ფიქრამდე ყურადღება თამაშზე უნდა გადავიტანოთ. დიდი ანგარიშით წაგებულმა მატჩებმა ჩვენს შემდგომ შედეგებზე დიდი როლი ითამაშეს“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაზილიელების გოლები და ფრე „ნოუ კამპზე“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა გოლეადორის, დიეგო კოსტას თამაში საეჭვო იყო, თუმცა გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი სასტარტო განაცხადში მაინც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, დიეგო სიმეონემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კოსტამ პირველი ტაიმის შუაწელს ტკივილი იგრძნო და ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მის ნაცვლად თამაშში ბრაზილიელი დიეგო ჩაერთო. მანამდე ტრავმის გამო კატალონიელებს ხერარ პიკე გამოაკლდათ. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია. სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში იხილეს გოლები: 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დიეგომ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მეკარე პინტოს ახლო ზედა კუთხეში გაუტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს გოლი მართლაც რომ თვალსასეირო გამოუვიდა.„ბარსელონა“, ტრადიციულად, ბურთს ფლობდა და მათ ტერიტორიულ უპრატესობას გოლიც მოჰყვა: 71-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ გაიყვანა ნეიმარი, ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1. მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა ლიონელ მესის მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმულს კურტუა გაუმკლავდა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც 9 აპრილს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“ 1:1 (0:0)

„ბარსელონა“: პინტო, დანი ალვესი, პიკე (ბარტრა 12′), ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (ალექსის სანჩესი 68′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ტიაგო, გაბი, თურანი (როდრიგესი 77′), კოკე, ვილია (სოსა 70′), დიეგო კოსტა (დიეგო 30′)
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: ნეიმარი 71′ — დიეგო 56′.
გაფრთხილებები: ინიესტა 56′, ალბა 58′ —კოკე 19′, გაბი 38′, თურანი 44′, ხუანფრანი 52′, დიეგო 79′, სოსა 90+2′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).



ბექა დოგრაშვილი

ლავეცი: „ამჟამად პსჟ „ჩელსიზე“ ძლიერი გუნდია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ეზეკიელ ლავეციმ ლონდონის „ჩელსისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული 1/4-ფინალური ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩელსი“ სერიოზული გუნდია, თუმცა ტურნირის ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშნელობა არ აქვს, თუ ვის ვეთამაშებით, რადგან არავის გვეშინია. ლონდონელებს პატივს ვცემთ, ამ გუნდს წარმატებული მწვრთნელი და კარგი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ამ ორ კლუბს შორის საუკეთესოს დასახელებას თუ მთხოვთ, გეტყვით, რომ პსჟ მირჩევნია. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი ჩამოვაყალიბეთ და ვგრძნობთ, რომ სწორედ მისი გამარჯვების დრო დადგა. „პარი სენ-ჟერმენმა“ იმ დონეს მიაღწია, რომლის დახმარებითაც მაღალი დონის შემსრულებლების მოწვევასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მეოთხედფინალები იწყება

დღეს ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური მატჩები დაიწყება. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნს” უმასპინძლებს, ხოლო ბარსელონას მადრიდის “ატლეტიკო” ესტუმრება. 

 

მოიესი გიგზმის იმედზეა, გულშემატკივრები – სასწაულის

ინგლისში მოუთმენლად ელიად დღევანდელ დაპირისპირებას. ბრიტანული პრესის მთავარი თემაც სწორედ “მანჩესტერის” და “ბაიერნის” შეხვედრაა. გამოცამეთა უმრავლესობა ხაზს მანჩესტერული კლუბის დაცვაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ჯონი ევანსის თამაში სათუოა. პატრის ევრა და რაფაელი კი, დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ.

მიუხედავად ამისა, გუნდის უელსელი ვეტერანი რაიან გიგზი 1999 წლის მატჩთან ავლებს პარალელებს. თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ის მატჩი პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

ესპანური დუელი

პრიმერას ლიდერების დაპირისპირება საერთოაშორისო მასშტაბში ინაცვლებს. ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩები ორივე გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. სიმეონეც და მარტინოც ბოლო პერიოდში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობენ, რაც შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ამ გუნდების სამი უკანასკნელი შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა საერთო სტატისტიკა რა თქმა უნდა “ბარსელონას” უპირატესობაზე მეტყველებს.

 

22:45 მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერი – ბაიერნი

22:45 ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა – ატლეტიკო 

 

 

უეფამ „ბაიერნი“ დასაჯა

მიუნხენის „ბაიერნის“ ქომაგებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) დაწყებამდე ტრიბუნაზე ინგლისური კლუბის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს, რომელზედაც „მეთოფეთა“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი გახლდათ გამოსახული.

უხამს ბანერზე სექსუალური უმცირესობების მისამართით შეურაცხმყოფელი ნახატი იყო გაკეთებული.

უეფამ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაასრულა და ბავარიული კლუბის მიმართ სანქციაც დააწესა.

სექტორი, რომელზეც აღნიშნული ბანერი გამოფინეს, დისაკვალიფიკაციას მიიღებს. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 9 აპრილს გასამართ მატჩში აღნიშნული სექტორი ცარიელი იქნება. გარდა ამისა, კლუბი 10 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

ბექა დოგრაშვილი

სილვა: „მიხარია, რომ „ჩელსის“ შევხვდებით“

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა ტიაგო სილვამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრის შედეგი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში გასასვლელად პარიზელებს „ჩელსისთან“ თამაში მოუწევთ.

„მიხარია, რომ „ჩელსის“ შევხვდებით. ამ გუნდში ჩემი თანამემამულეები: დავიდ ლუისი, რამირესი, ოსკარი და ვილიანი თამაშობენ. მათი ნახვა ძალიან გამიხარდება“, – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოიესი: „წინ რთული გამოცდა გველის“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც, „წითელი ეშმაკების“ მეტოქე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“ იქნება.

„მიხარია, რომ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღეთ. არამგონია, „ოლიმპიაკოსთან“ პირველი მატჩის შემდეგ 1/4 ფინალში გველოდნენ. ამიტომაც, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი მეტოქე შეგვხვდა. თუმცა, ამავე დროს, სათქმელია, რომ ტურნირის ფავორიტთან თამაში მოგვიწევს, რადგან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სწორედ „ბაიერნი“ გახდა. წინ რთული გამოცდა გველის“, – განაცხადა მოიესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

ლორან ბლანი: „პსჟ-ს მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდის მიზნებზე ისაუბრა. გარდა ამისა, პსჟ-ს თავკაცმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშიც შეაფასა.

„ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ძლიერი გუნდები დარჩნენ. „რეალი“ ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა ეს სხვა გუნდებსაც ეხება.

ჩვენი პროექტი კვლავ განვითარების პროცესშია, მაგრამ კლუბის მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

იბრაჰიმოვიჩი? იგი ბევრ გოლს სხვა გუნდთა რიგებშიც იტანდა, თუმცა პსჟ-ს სისტემა მას ყველაზე მეტად უხდება. ხშირ შემთხვევაში, მისი კარგი თამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

როგორც დღეს ცნობილი გახდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების შემთხვევაში, პარიზული კლუბის ყველა ფეხბურთელს საჩუქრად დამატებით ერთი მილიონი ევრო გადაეცემა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოიესის ბოლო იმედი და სემაკის ევროდებიუტი

ჩემპიონთა ლიგაში 1/8 ფინალების ბოლო დღეა. დორტმუნდში “ზენიტი” ჩადის, ხოლო მანჩესტერში დევიდ მოიესის რეპუტაციის გადარჩენას “ოლიმპიაკოსთან” ეცდება. 

 

ბორუსია – ზენიტი
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”, 23:45

უიკენდზე დორტმუნდის ლაზარეთი კვლავ აივსო ტრავმირებული ფეხბურთელებით “გლადბახთან” წაგებულ შეხვედრაში. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის წინ წაგება “ბორუსიას” კარგად აქვს დაცდილი. კლოპის შეგირდებით “ზენიტთან” გამართული პირველი მატჩის წინაც დამარცხდნენ. გარდა ამისა, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში არანაირი მოტივაცია აღარ დარჩათ. “ზენიტს” კი წელს არ მოუგია და სავსებით ლოგიკურია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ლუჩანო სპალეტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღევანდელ შეხვედრაში “ზენიტს” სერგეი სემაკი უთავკაცებს, ხოლო ხვალიდან რუსულ გრანდს ანდეს ვილაშ-ბოაში ჩაიბარებს.

 

მანჩესტერი – ოლიმპიაკოსი
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”, 23:45

გასვლაზე 2:0-ს შემდეგ მოიესის შეგირდებს ძალიან რთული შეხვედრა მოუწევთ. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა საშინელი სეზონის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტია. “იუნაიტედის” და მოიესის სიტუაცის გასულ უქმეებზე პრინციპულ მეტოქესთან განცდილი მარცხიც ართულებს. მიუხედავად ყველაფრისა, “ლივერპულთან” საშინაო 0:3-ს არავინ არ ელოდა. გულშემატკივრებმა საშუალო დონის “ოლიმპიაკოსთან” გამოვარდნა შესაძლოა ძალიან მტკივნეულად აღიქვან, რაც მოიესის რეპუტაციას კიდევ უფრო შელახავს.

ბერძნულ კლუბში კი ყველაფერი კარგად არის. უიკენდზე “ოლიმპიაკოსმა” ბერძნულ ჩემპიონატში “პანკრატიკოსს” აჯობა და ნაადრევად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. მოკლედ, ინგლისში საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.

მაროტა: „ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა 25 მილიონი ევრო დაგვიჯდა“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ვერგასვლა კლუბს 25 მილიონი ევრო დაუჯდა.

„საფეხბურთო კლუბები მოულოდნელ ეპიზოდებს უნდა ებრძოდნენ. მხოლოდ ერთ გოლსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა 25 მილიონი ევრო დაგვიჯდა.

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენი ზრდის ტემპი გაცილებით ნელია. იტალიაში, ხშირ შემთხვევაში, სტადიონის 50 პროცენტიც კი არ ივსება. ჩვენს თამაშებზე კი არენა მხოლოდ იმის წყალობით ივსება, რომ ახალი სტადიონი ავაშენეთ. რაც უფრო მეტს მივაღწევთ, სატრანსფერო ბაზარზე მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა მაროტამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრძოლა ლონდონში და ფორმალობა მადრიდში

დიდიე დროგბას დაბრუნდება “სტემფორდ ბრიჯზე” და “შალკეს” ფორმალური სტუმრობა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი 1/8 ფინალები გაიმართება. 

 
ჩელსი – გალათასარაი (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი” 23:45

თურქული ფრის შემდეგ ორივე გუნდი საგანგებოდ ემზადებოდა დღევანდელი შეხვედრისთვის. სხვაგვარად რთული ასახნსელი იქნება “ჩელსის” და “გალათასარაის” ცუდი შედეგები ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში. “გალამ” ქულები “კარაბიუკსპორთან” დაკარგა, ხოლო ლონდონელები ბირმინგემში, ადგილობრივ “ასტონ ვილასთან” დამარცხდნენ.

დღვანდელ მატჩში ტორესის სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე “არისტოკრატებს” მცირე უპირატესობა ექნებათ. თუმცა, მანჩინი დანებებას არ აპირებს და ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი სასწაულის გამოცხობაზე უარს არ იყვის. გასათვალისწინებელია დროგბას ფაქტორიც, რომელიც ნაცნობ გარემოში ითამაშებს.

 

რეალი – შალკე (6:1)

მადრიდი, “სანტიაგუ ბერნაბეუ” 23:45

გერმანული “შალკეს” მადრიდში “რეალს” ესტუმრება. პირველი მატჩის შემდეგ, ამ დუეტში ინტრიგა ფაქტობრივად აღარ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრას იხილავს.

მადრიდელები სეზონის მეორე ნაწილს ჩინებულად ატარებენ. 2014 ანჩელოტის შეგირდებს წაგება არ აქვთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, “რეალს” უიკენდზე “ბარსელონასთან” უწევს უმნიშვნელოვანესი მატჩი, დღევანდელი შეხვედრა თამამად შეგვიძლია “კლასიკოს” გენერალურ რეპეტიციად ჩავთვლოთ. საინტერესოა, შესძლებს თუ არა გერმანული კლუბი წინააღმდეგობის გაწევას დღევანდელ მატჩში.