ზეედორფი “მილანს” სასამართლოში უჩივლებს?

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი აპირებს, ვადამდე კონტრაქტის გაწვეტისთვის “როსონერის” სასამართლოში უჩივლოს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა “მილანი” მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჩაიბარა. მხარეებს შორის მაშინ ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა გასული სეზონის ბოლოს ზეედორფი კლუბის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ფილიპო ინძაგი დანიშნეს.

ზეედორფის ადვოკატი ტიციანო ტრეუ იმედოვნებს, რომ მხარეები მორიგებას მოახერხებენ, თუმც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში სარჩელი უკვე აფრინა.

 

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, „მილანმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფი გაათავისუფლა.

„როსონერის“ თავკაცის თანამდებობაზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი მანამდე კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას თავკაცობდა. აღნიშნულ პოსტზე ის 2012 წლიდან მუშაობდა. 40 წლის მწვრთნელი მოთამაშის რანგში „მილანის“ ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა. მან გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია A და ჩემპიონთა ლიგა. პიპომ კლუბის რიგებში ჩატარებულ 202 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ბერლუსკონი: „ინძაგის გამარჯვებები სწყურია“

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია ფილიპო ინძაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.

მოგახსენებთ, რომ ფეხბურთის 40 წლის სპეციალისტი უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს კლარენს ზეედორფის შემცვლელად.

„ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია. ვხედავ, რომ მას გამარჯვება სწყურია. ამასთანავე, კარგად ესმის, რომ მისგან გამარჯვებებსა და გულშემატკივრების გახარებას ელიან“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

 

ბერლუსკონი: „მილანს“ მომავალ სეზონშიც ზეედორფი უთავკაცებს“

„მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფის გათავისუფლებას არ აპირებს.

„ზეედორფის ადგილს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვსვამთ. „მილანს“ მომდევნო სეზონშიც ის უთავკაცებს. შექმნილ მდგომარეობას ზეედორფს ვერ დავაბრალებთ, ის კლუბში მხოლოდ ორი თვის წინათ მოვიდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი ცუდად არის დაკომპლექტებული“, – ბერლუსკონის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა, გუნდმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო სამი მატჩი დათმო, სატურნირო ცხრილში კი მე-11 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

 

ზეედორფი: „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია“

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია.

„ანგარიშის მიუხედავად, ჩემი გუნდის კარგ თამაშის აღვნიშნავდი. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენს ტემპში ვითამაშეთ და მოწინააღმდეგის ბევრი ძლიერი მხარე გავანეიტრალეთ. „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს დავეხმარე, რომ საკუთარ თავში გამბედაობა ეპოვათ. მატჩამდე მე მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ ერთი შანსი იქნებოდა, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სწორ გზას ვადგავართ და „იუვენტუსის“, „ატლეტიკოსა“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. ეს ჩვენ თავდაჯერებას შეგვმატებს.

ვის შეუძლია „იუვენტუსის“ შეჩერება? ტანკს! გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ შედეგებს აჩვენებს, კომპლიმენტებს იმსახურებს. კარლოს ტევესმა ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა, თუმც მას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა. მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

რობერტო კარლოსმა ზეედორფის პერსპექტივები შეაფასა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა „მილანის“ მთავარი მწვრთნელის, კლარენს ზეედორფის პერსპექტივები შეაფასა. ბრაზილიელის თქმით, ზეედორფისგან მშვენიერი სპეციალისტი დადგება.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ზეედორფი გაიზრდება და მისგან შესანიშავი მწვრთნელი დადგება. მოედანზე ის ყოველთვის ლიდერი იყო, ფეხბურთს მიღმა მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი.

კაკამ მითხრა, რომ კლარენსს ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მანამდეც ვიცოდი. ზეედორფს ყოველთვის შეეძლო, მის გარშემო კარგი ატმოსფერო შეექმნა, რაც არც მუშაობას უშლის ხელს და თან საქმეც იოლდება“, – კარლოსის სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„მილანს“ ზეედორფი ჩაიბარებს

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

ამის შესახებ თავად ზეედოფმა დღეს, რიო-დე-ჟანეიროში მოწყობილ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა. გარდა ამისა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებაც განაცხადა.

„მინდა განვაცხადო, რომ მოედანზე გატარებული 22-წლიანი პერიოდის შემდეგ კარიერას ვასრულებ. ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. „ბოტაფოგოში“ ყველას მადლობას ვუხდი. ეს გამოცდილება „მილანში“ მუშაობის პერიოდში დამეხმარება. გუშინ იტალიური კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დამირეკა და უარის თქმა ვერ გავბედე. ბედნიერი ვარ, რომ „მილანში“ ვბუნდები“, – ზეედორფის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი მასიმილიანო ალეგრის ჩაანაცვლებს, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ზეედორფი „მილანის“ ღირსებას 2002-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2001, 2011), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, 2007), იტალიის თასის მფლობელი (2003) და იტალიის სუპერთასის მესაკუთრე (2004, 2011).

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიცია უკავია.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: ინძაგი თავის პოსტზე რჩება

რამდენიმე საათის წინ Milan Channel-მა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ფილიპო ინძაგი „როსონერის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

აქედან ამომდინარე, გამორიცხული არ არის, „შავ-წითლები“ ამჟამად „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მილანის“ ხელმძღვანელობამ გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

აქვე გეტყვით, „სპეციასთან“ იტალიის თასის 1/16 ფინალის მატჩისთვის გუნდს მაურო ტასოტი მოამზადებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „როსონერის“ თავკაცთა მთავარი ასისტენტი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზეედორფი: „მილანი“ ალეგრის გამო დავტოვე“

ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა გასულ წელს „მილანი“. 37 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ყველაფრის თავი და თავი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

„მილანიდან“ ალეგრის გამო წამოვედი. მასთან საუკეთესო ურთიერთობა არ მქონია. ის ისეთი გუნდების წინააღმდეგ მათამაშებდა, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, შემდეგ კი ისევ სათადარიგოთა სკამზე მაბრუნებდა. მე ყოველ მატჩში თამაშს ვიყავი მიჩვეული.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, მჯეროდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც იყო, განსაკუთებით სეზონის ბოლოს გამოვიჩინე თავი. შორიდან შეიძლება ისე ჩანდა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ჩემს ასაკში რეგულარული თამაში აუცილებელია.
მაგალითებად პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს დავასახელებ, თუმცა ალეგრი მე არ მათამაშებდა.

„მილანი“ განახლდა და ახლა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდი ისევ იმ მწვერვალზე დაბრუნდეს. თითქმის დავასრულე სამწვრთნელო კურსი, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ფეხბურთის თამაში ისევ მინდა“, – განაცხადა ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი