წელს გასამართ კოპა ამერიკას ბრაზილია უმასპინძლებს. ტურნირი არგენტინიდან კორონავირუსული პანდემიის გამო გადაიტანეს.
კოპა ამერიკა 13 ივნისიდან 10 ივლისამდე, არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო. კოლუმბიას მასპინძელი ქვეყნის სტატუსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების მიღების შემდეგ ჩამოერთვა. დოკუმენტში საუბარი იყო კოლუმბიაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და კორონავირუსული პანდემიის გამო აღნიშნულ ქვეყანაში ტურნირის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. კოლუმბიამ ტურნირის მოგვიანებით ჩატარება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
სამხრეთამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსა და ზოგადად ქვეყანას ტურნირის მასპინძლობაზე თანხმობის გამო მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში შიდა ტურნირების მატჩები კორონავირუსული პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე ტარდება.
სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია ამერიკის თასზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
Globo Esporte-ის ცნობით, 2019 წელს გასამართ კოპა ამერიკაზე ოთხ ევროპულ ნაკრებს მიიწვევენ. საუბარია ტურნირზე საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების მიწვევაზე.
მომავალ კვირას კონმებოლის ყრილობაა დაგეგმილი და შესაძლოა, 2019 წლის კოპა ამერიკის გაფართოების საკითხზეც იმსჯელონ. როგორც მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე 12 გუნდი თამაშობს და შესაძლოა, ეს რიცხვი 16-მდე გაიზარდოს.
კოპა ამერიკაზე სხვა მოწვეული გუნდები აქამდეც მონაწილეობდნენ (მექსიკა, აშშ). 2019 წელს ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდება და ევროპელთა გარდა, შესაძლოა, იაპონიის ნაკრებიც მიიწვიონ.
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილესთან დამარცხების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.
ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ავრცელებს. მისი თქმით, მესის არ სურდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ მომხდარი განმეორებულიყო, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რასაც ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი კატეგორიულად არ დაეთანხმა.
“ცდილობდნენ, მესი დაერწმუნებინათ, რის გამოც დაჯილდოების ცერემონია 10 წუთით გადაიდო. ამ დროის განმავლობაში სტადიონზე ყველა გაოცებული იყო, რადგან მოედანზე არაფერი არ ხდებოდა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ტანკრედი პალმერიმ.
მესის უარის შემდეგ ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, წლევანდელი კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე არ დაჯილდოებულა.
კოპა ამერიკის ექვს მატჩში ლეო მესიმ ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოვეს.
კოპა ამერიკისა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კოლუმბიის ნაკრების 22 წლის მცველი ჯეისონ მურილიო დასახელდა.
ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო ჩილეს ნაკრების კარის დარაჯ კლაუდიო ბრავოს გადასცეს.
ფეარ პლეის პრიზი პერუს ნაკრებს გადაეცა.
ტურნირის ბომბარდირები პერუს ნაკრების ფორვარდი პაოლო გერერო და ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ედუარდოი ვარგასი გახდნენ, რომლებმაც ექვს მატჩში 4-4 გოლი გაიტანეს.
ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი დაასახელეს.
120 წუთის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 53 გადაცემა გააკეთა (სიზუსტე 89%) და ორჯერ დაარტყა კარში. გარდა ამისა, ვიდალმა მატჩისშემდგომ სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.
“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.
მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.
2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩილელთა ერთ-ერთმა ლიდერმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია.
“ჩვენი ოცნება ახდა. თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავიღეთ. ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი გამარჯვებები. ჩილელი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი წარმატება. დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიბრძოლებთ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონტინენტის საუკეთესო ნაკრები ვართ. ახლა ოჯახებს დავუბრუნდებით და დავისვენებთ”, – განაცხადა ვიდალმა მატჩის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო.
სანტიაგოში მდებარე ხულიო მარტინეს პრადანოსის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩი დასრულდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელ ჩილეს ნაკრებს არგენტინის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდა. გუნდებმა ძირითად 90 წუთში გოლი ვერ გაიტანეს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფინალური შეხვედრის ძირითადი დროის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ინიშნება. გუნდებმა ვერც ამ დროში გამოავლინეს გამარჯვებულის ვინაობა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც ჩილელებმა უკეთ შეასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ამრიგად, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო და გახდა ლათინო ამერიკის მერვე გუნდი, რომელსაც ეს ტიტული დასაკუთრებული აქვს.
2015 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გაიმართა და “ალბისელესტეს” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე მარკოს როხომ გახსნა, 27-ე წუთზე ხავიერ პასტორემ არგენტინელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს “ალბისელესტეს” მცველების დაუდევრობით პარაგვაელებმა ისარგებლეს და ლუკას ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. “ალბიროხას” მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელებმა მეტოქეს, როგორც იტყვიან, ცივი შხაპი გადაასხეს: ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა, თავისი ბურთი გაიტანა სერხიო აგუერომ, გოლით შეცვლაზე შემოსულმა გონსალო იგუაინმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა და კოპა ამერიკის ტიტულისთვის მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს პერუსა და პარაგვაის ნაკრებები შეეცილებიან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.
კოპა ამერიკის ნახევარფინალი:
არგენტინა — პარაგვაი 6:1 (2:1)
გოლები: როხო 15′, პასტორე 27′, დი მარია 47′, 53′, აგუერო 80′, იგუაინი 83′ — ბარიოსი 43′. გაფრთხილებები: როხო 12′, ბიგლია 13′ — კასერესი 13′, და სილვა 30′, ორტისი 59′.
2015 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს პარაგვაის ეროვნული გუნდი შეხვდება.
“ალბიროხამ” მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე რობინიომ გაიტანა, რომლისთვისაც საერთაშორისო დონეზე ეს 2010 წლის შემდეგ პირველი გატანილი ბურთი გახლავთ. 72-ე წუთზე ბრაზილიელთა მცველმა ტიაგო სილვამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პარაგვაელთა თავდამსხმელმა დერლის გონსალესმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
კოპა ამერიკის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი 90 წუთის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება. ნახევარფინალისტის ვინაობის გარკვევა ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი დარტყმების მეშვეობით მოხდა, რომელიც პარაგვაელებმა უკეთ შეასრულეს — 4:3.
ამრიგად, გაირკვა მეორე ნახევარფინალური წყვილიც — არგენტინა-პარაგვაი. ეს მატჩი პირველ ივლისს, ჩვენი დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება. ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გასამართი პირველი ნახევარფინალური მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.
მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში განვითარდა, როდესაც მასპინძელთა მცველმა გონსალო ხარამ სტუმართა თავდამსხმელი ედინსონ კავანი პროვოკაციაზე წამოაგო და იმდენი ქნა, რომ არბიტრს მეტოქე მოედნიდან გააძევებინა.
ჩვენი პორტალის მომხმარებლებს ბოლო წლებში მომხდარ საფეხბურთო პროვოკაციებს გაგახსენებთ.
იყო დრო, როდესაც საფეხბურთო მოედანზე პროვოკაციის მოწყობა ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარკ ჰეიტლი, რომელიც 80-იან წლებში “მილანში” თამაშობდა, იხსენებს: “იტალიაში ეს თამაშის განუყოფელი ნაწილია. პროვოკაციების მოწყობით განსაკუთრებით მცველები არიან დაკავებულნი. ისინი ცდილობენ, რომ მეტოქე წყობიდან გამოიყვანონ. ხანდახან ანერწყვებენ კიდეც. სურთ, რომ რეაქცია გამოიწვიონ. ადრეც ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება”.
დღესდღეობით ფეხბურთელები საკუთარ იმიჯზე გაცილებით მეტს ზრუნავენ, თუმცა ხანდახან მიზნისკენ სავალ გზაზე ცდუნებას ვერ უძლებენ და მართალია, უფრო ფრთხილად, თუმცა მაინც – მეტოქის პროვოცირებას ცდილობენ. სტადიონზე დამონტაჟებული ათობით კამერიდან თუ ყველა არა, ერთი მაინც დააფიქსირებს უმსგავსო საქციელს და მაყურებელს მთელი ბრწყინვალებით წარმოუჩენს. არიან მოთამაშეები, რომლებიც კვარცხლბეკზე ასასვლელად საკუთარ რეპუტაციას უყოყმანოდ ლახავენ.
ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაშიც. ცოტა არ იყოს, უხერხულია იმის აღწერა, რაც ხარამ გააკეთა. ეს ის შემთხვევაა, როცა მოყოლას ნახვა სჯობია, ამიტომ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ, თუმც დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ეპიზოდი უკვე არაერთხელ გექნებათ ნანახი. კავანიმ ხარას ლოყაზე “მოთათუნებით” უპასუხა. ამჯერად ჩილელმა მცველმა მსახიობური ნიჭი გამოავლინა და “ნოკდაუნში ჩავარდა”. სამწუხაროდ, არბიტრმა ეპიზოდი სწორად ვერ შეაფასა და კავანი მოედნიდან გააძევა, თუმცა კონმებოლმა იმსჯელა და პროვოკატორ ხარას ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
გონსალო ხარა თუ ვინმეს მოგვაგონებს, ეს, პირველ რიგში, მარკო მატერაცი იქნება, რომელსაც მეტსახელად “მკვლელიც” კი შეარქვეს. იტალიელმა მცველმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული “გმირობა” მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს “ინტერსა” და “სიენას” შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში “ბიანკონერის” მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერებმა ეს ეპიზოდი ვერ დააფიქსირეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე “ინტერის” მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის “გმირული” საქციელის შედეგი.
მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში “ფრთიან ანგელოზად”. “იუვენტუსის” რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით “ამკობდა”. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, “სკუადრა აძურამ” ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
თანამედროვე ფეხბურთში “პროვოკატორთა სკოლის” თვალსაჩინო წარმომადგენელი დიეგო კოსტაა. გაესპანელებულ ბრაზილიელს იმდენად აქვს სახელი გატეხილი, რომ “ჩელსის” მეტოქე გუნდის მწვრთნელები საკუთარ მცველებს აფრთხილებენ, კოსტას პროვოკაციებს არაფრის დიდებით არ წამოეგოთო. სწორედ ასე დაარიგა “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა ლორან ბლანმა თავისი შეგირდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე.
დიეგო კოსტამ რეპუტაცია ჯერ კიდევ “ატლეტიკოში” ყოფნის დროს გაიფუჭა. ესპანეთის თასის 2012/13 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ ანდალუსიელთა იმდროინდელმა თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ მოხდენილად თქვა, ჩვენი ფეხბურთელები დიეგო კოსტას მახეში გაებნენო. მართლაც, გაესპანელებულმა ბრაზილიელმა შეხვედრის განმავლობაში გაუთავებელი კინკლაობითა და სიმულაციებით სისხლი გაუშრო “სევილიას” მოთამაშეებს. გარი მედელმა და ჟოფრე კონდოგბიამ ნერვები ვეღარ მოთოკეს და კოსტას ფეხი უთავაზეს, რის გამოც არბიტრმა ისინი მოედნიდან გააძევა.
დიეგო კოსტას ყოფილმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “გამოიჩინა თავი”. მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის მეხუთე წუთზე სიმეონე მეტოქის საჯარიმოში ბრიტანელთა კიპერ დევიდ სიმენს თავისივე ინიციატივით წამოეგო და არბიტრს პენალტი დაანიშნინა, რომელიც გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი არგენტინელი ძირს დაცემისას 23 წლის დევიდ ბექჰემს მთელი ძალით დააწვა ზურგზე, ინგლისელმაც ვეღარ მოითმინა და უკნიდან წიხლი ამოკრა, რის გამოც მსაჯმა იგი უყოყმანოდ გააძევა მინდვრიდან.
2010 წელს იტალიის თასის ფინალში მარიო ბალოტელის მსახიობური ნიჭის გამოვლენა არ დასჭირვებია მოედნიდან ფრანჩესკო ტოტის გასაძევებლად. “ინტერის” თავდამსხმელმა რომაელთა კაპიტანს გადაკრულად ჰკითხა, თამაშს აპირებ თუ ბავშვივით უნდა მოიქცეო, რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ ტოტისგან ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო. რომაელთა კაპიტანს არც უცდია, ეს ყველაფერი ფარულად გაეკეთებინა. არბიტრმა ფრანჩესკოს უმალ წითელი ბარათი აუფრიალა.
2004 წლის ევროპის ჩემპიონატიც გვახსოვს, როდესაც ტოტიმ დანიელთა ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს შეაფურთხა. რა უთხრა მაშინ დანიელმა იტალიელს, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მომხდარის გამო ტოტი მაშინ ბევრმა გაკიცხა.
“სუონსი სიტისა” და “ჩელსის” შორის ორწელიწადნახევრის წინათ ინგლისის თასზე გამართული შეხვედრაც გავიხსენოთ. დაფიქსირებული ანგარიში უელსურ კლუბს აძლევდა უპირატესობას. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა, ე.წ. “ბოლბოიმ” მიირბინა და დროის გაყვანის მიზნით ბურთი ჩაიხუტა, რაც ედენ აზარს არ მოეწონა და ფეხების რტყმით სცადა ბურთის გამორთმევა, თან ნეკნებშიც მიარტყა ერთი-ორჯერ. ამან სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა აღაშფოთა, სიტუაცია ფეხბურთელებს შორისაც დაიძაბა. აშკარა იყო, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა ეპიზოდი გააფორმა, რასაც ჯოი ბარტონი ჩვეულ სტილში გამოეხმაურა: “ეს ბიჭი კინოში უნდა გადაიღონ. ამ ეპიზოდში ისე ითამაშა, თითქოს ტყვია ესროლეს, თუმცა ხალხი დამნაშავედ აზარს თვლის. ამ მომენტში ედენი მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, მან ამ იდიოტს საკმარისად ძლიერად არ დაარტყა”. აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო აზარი არ დასჯილა, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა კი ამ ინციდენტის შემდეგ საკმაო პოპულარობა მოიპოვა.