ბრაზილია ნეიმარის დისკვალიფიკაციას ასაჩივრებს

ბრაზილიის ნაკრები ნეიმარის დისკვალიფიკაციას ასაჩივრებს. ამის შესახებ “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას ნეიმარმა ყვითელი ბარათი მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქეს გაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. მოგვიანებით ნეიმარს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. გარდა ამისა, იგი ათი ათასი დოლარითაც დააჯარიმეს.

“ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის იურისტები ნეიმარის დისკვალიფიკაციას ასაჩივრებენ”, – დუნგას სიტყვებს AP აქვეყნებს.

 

ტატა მარტინოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი გუნდს იამაიკის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მარტინოს არც ფეხბურთელებთან და არც სამწვრთნელო შტაბთან კონტაქტის უფლება არ ექნება.

ტატა მარტინო ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გააძევეს, როდესაც ის მოედანზე გავიდა და ბრაზილიელი არბიტრის, სანდრო რიკის მიმართ პროტესტი ღიად გამოხატა. მარტინოს გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პაბლო საბალეტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ბურთი არგენტინელებს დარჩათ, თუმცა მსაჯმა იმის ნაცვლად, რომ “ალბისელესტესთვის” უპირატესობა მიენიჭებინა, თამაში გააჩერა.

მატჩი არგენტინისა და იამაიკის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით ღამის 01:30 საათზე დაიწყება.

 

მესის გოლი = უფასო დასალევი

ჩილეში მდებარე ერთ-ერთი მოტელის მფლობელი მიმდინარე კოპა ამერიკის ტურნირთან დაკავშირებით მის სტუმრებს საინტერესო შეთავაზებებით ანებივრებს.

ობიექტის მფლობელმა განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე ლიონელ მესის ყოველი გოლის შემდეგ მის სტუმრებს უფასო სასმელით გაუმასპინძლდება. არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, მოტელის სტუმრებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გაუკეთებენ. გარდა ამისა, სტუმრებს შორის ერთგვარი ლატარია ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად არგენტინის ნაკრების მაისურს მიიღებს.

 

უილ სმიტმა სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის მოგება უსურვა (ფოტო)

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა სოციალური ქსელის მეშვეობით “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის ტურნირზე წარმატება უსურვა.

“სერხიო აგუეროს კოპა ამერიკა 2015-ის მოგებას ვუსურვებ”, – დაწერა მსახიობმა და თან არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თავის მხრივ, აგუერომ სმიტს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა, უილ! გეპატიჟები ნებისმიერ მატჩზე, რომლის ხილვაც მოგესურვება”.

Will Smith - Sergio Aguero

კავანიმ იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია.

“პატივი უნდა ვცეთ იამაიკას. როგორც სხვა აფრიკული ქვეყნები, ისინიც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა კავანიმ პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

“პირველ რიგში, იამაიკასა და მის ხალხს ბოდიშს ვუხდი. გონებაში თქვენი ნაკრებისა და სხვა აფრიკული გუნდების სტილი და მახასიათებელი ერთმანეთს შევადარე, თუმცა მე ამ შედარების მხოლოდ ნახევარი განვმარტე, ამიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე არაზუსტად.

საჯარო ბოდიშს გიხდით და იმედია, ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ”, – დაწერა კავანიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, იამაიკა კარიბის ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია.

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და იამაიკის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

მარსელო კოპა ამერიკას გამოტოვებს

ბრაზილიის ნაკრების მცველი მარსელო წელს გასამართ კოპა ამერიკას ტრავმის გამოტოვებს. მის ნაცვლად “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განაცხადში “ინტერნასიონალის” 21 წლის მცველი ჟეფერსონი შეიყვანა. ამ უკანასკნელს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

 

ევროპის ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ?

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ამ გეგმის განხორციელება სრულიად შესაძლებელია.

„იდეა განხილვის სტადიაზეა. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად სერიოზულად მიიღებენ ამ გეგმას, თუმცა მისი განხორციელება სრულიად შესაძლებელია. მაგალითად, სამხრეთამერიკებელი კოპა ამერიკის ტურნირზე მუდმივად პატიჟებენ იმ ქვეყნების გუნდებს, რომლებიც თავიანთი კონტინენტის საზღვრებს გარეთ თამაშობენ.  ასე რომ, რატომ არ უნდა გადადგას ევროპამ ეს ნაბიჯი?“ –  ციტირებს პლატინის სიტყვებს Yahoo! Sports-ი.

ცნობისთვის, 2015 წელს გასამართ კოპა ამერიკაზე მოწვეული ნაკრებების რანგში ითამაშებენ მექსიკისა და იაპონიის ნაკრებები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ევრო-2020-ის მატჩებს ევროპის ერთბაშად 13 ქალაქი უმასპინძლებს.

ბექა დოგრაშვილი