სტარიჯი უკლუბოდ დარჩა

ინგლისელი ფეხბურთელი დანიელ სტარიჯი უკლუბოდ დარჩა.

30 წლის თავდამსხმელსა და თურქულ “ტრაბზონსფორს” შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სტარიჯი “ტრაბზონსფორში” შვიდი თვის წინ გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს უნდა გასვლოდა.

დანიელ სტარიჯი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე ევროპულ კლუბში ვერ გადავა, თუმცა მისთვის MLS ღიაა.

დანიელ სტარიჯი ფსონების დადების გამო დისკვალიფიცირებულია

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი დანიელ სტარიჯი, რომელიც დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ფსონების წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

კერძოდ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში სტარიჯი საკუთარ ძმას “სევილიაში” მისი პოტენციური ტრანსფერის თაობაზე შიდა ინფორმაციას გადასცემდა და მას ფსონის გაკეთების შესაძლებლობა მისცა. გარდა ამისა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სტარიჯს ბრალი დასდო მილანის “ინტერსა” და “ვესტ ბრომვიჩში” მისი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე შუამავლის დახმარებით ფსონების გაკეთებაში, თუმცა ეს ბრალდება ფეხბურთელს არ დაუმტკიცდა.

სადისციპლინო კომისიამ დანიელ სტარიჯს ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა, საიდანაც ოთხი კვირა პირობითი ვადაა. გარდა ამისა, ფეხბურთელი 75 ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. ამრიგად, სტარიჯს მოედანზე გასვლა 31 ივლისს შეეძლება.

სტარიჯის სახლი გაძარცვეს და მას ძაღლი მოპარეს (ვიდეო)

“ლივერპულის” ყოფილი თავდამსხმელის, დანიელ სტარიჯის სახლი, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს, გაძარცვეს. როგორც ფეხბურთელი ამბობს, მას ძაღლი მოპარეს. ინგლისელი ცხოველის დაბრუნებას ითხოვს და ნებისმიერი თანხის გადასახდელად არის მზად. სტარიჯმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ დანიელ სტარიჯი “ლივერპულში” ლონდონის “ჩელსიდან” 2013 წლის ზამთარში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მანამდე ის “მანჩესტერ სიტიში”, “ბოლტონსა” და “ვესტ ბრომვიჩში” თამაშობდა. დღესდღეობით 29 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

 

კოუტინიომ და სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს (ფოტოები)

“ლივერპულის” პრესსამსახურმა გუნდის ფანებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

ფილიპე კოუტინიომ და დანიელ სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა. რაც შეეხება ინგლისელ თავდამსხმელს, სტარიჯმა მძიმე ტრავმა მოიშუშა, თუმცა “სანდერლენდის” წინააღმდეგ 2 იანვარს გამართულ მატჩში (2:2) კვლავ დაშავდა და რამდენიმე დღით ლაზარეთში დაბრუნება მოუწია.

სტარიჯმა კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა პროფესიულ კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა.

ინგლისელმა ფორვარდმა საიუბილეო გოლი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც “სამი ლომის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დანიელ სტარიჯმა ექვსმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

აქვე გთავაზობთ ინგლისისა და მალტის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ვიდეომიმოხილვას.

სტარიჯს მერსისაიდული კარიერის ნახევარზე მეტი ტრავმის გამო გაუცდა

საინტერესო მონაცემი გამოაქვეყნდა “ბიბისი”-მ. მას შემდეგ, რაც დანიელ სტარიჯი “ლივერპულში” გადავიდა, ინგლისელმა ფეხბურთელმა უმეტესი პერიოდი ლაზარეთში გაატარა.

კერძოდ, “ენფილდროუდელთა” რიგებში ყოფნის 1121 დღიდან 614 დღე სტარიჯი ტრავმას უჩივის. ამრიგად, დღეის მონაცემებით, ინგლისელ ფეხბურთელს მერსისაიდული კარიერის 55 პროცენტი გაუცდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ სტარიჯი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

 

სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

“ლივერპულის” თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა ოქტომბრის თვის შუა პერიოდში მიიღო, რის გამოც რამდენიმე მატჩი გამოტოვა. სტარიჯის აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მიმდინარე სეზონში დანიელ სტარიჯმა სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

სტარიჯი: “მომდევნო სეზონში ნახავთ, რა შემიძლია სინამდვილეში”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუმჟღავნა.

“მიხარია, რომ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი, თუმცა დასაკარგი დრო არ გვაქვს. სათამაშოდ უკვე სრულად მზად ვიქნები. იმედია, სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ, თუმცა მომდევნო სეზონში დაინახავთ, რა შემიძლია სინამდვილეში.

მას შემდეგ, რაც დიდი ხნის უქმობა მომიწია, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს სეზონი თავიდან დავიწყეთ. გუნდს რაიმეს მოგებაში უნდა დავეხმარო. მომდევნო სეზონში ნამდვილ სტარიჯს იხილავთ.

მე დავბრუნდები იმ დონზე, რა დონეზეც ვიყავი”, – სტარიჯის კომენტარი Liverpool Echo-მ გამოაქვეყნა.

 

ბალოტელიმ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

თავად ბალოტელიმ შეხვედრის შემდეგ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა ჰენდოს, პენალტის დარტყმის საშუალება რომ მომცა. კმარა ეპიზოდის დრამატიზება. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ ვართ “ლივერპული”. წინ, ბიჭებო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ჰენდერსონმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბალოტელი პენალტების გამოცდილ დამრტყმელად მოიხსენია.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

სტარიჯი “ნიუკასლთან”, “რეალთან” და “ჩელსისთან” გასამართ მატჩებს გამოტოვებს

“ლივერპულის” თავდამსხმელ დანიელ სტარიჯს მოედანზე დაბრუნება 23 ნოემბრიდან შეეძლება. ინგლისელ ფეხბურთელს “ნიუკასლ იუნაიტედის” (1 ნოემბერი), მადრიდის “რეალისა” (4 ნოემბერი) და ლონდონის “ჩელსის” (8 ნოემბერი) წინააღმდეგ გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დანიელ სტარიჯმა ტრავმა სექტემბრის დასაწყისში მიიღო.

ასე რომ, ფეხბურთელს 23 ნოემბერს “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში თამაში შეეძლება.

დანიელ სტარიჯმა მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

სტარიჯი: “სუარესის წასვლის მიუხედავად, ძლიერ გუნდად დავრჩით”

“ლივერპულის” თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი მიიჩნევს, რომ ლუის სუარესის წასვლის მიუხედავად, მისი გუნდი კვლავ ძლიერ ძალად დარჩება. ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურში მერსისაიდულმა გუნდმა შინ “საუთჰემპტონი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი სწორედ სტარიჯმა გაიტანა.

“სუარესის წასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, წნეხს ვგრძნობ. მე და ჩემს თანაგუნდელებს მეტი ძალისხმევის გაღება დაგვჭირდა გოლის გასატანად. ვფიქრობ, რომ ამ სეზონშიც ძლიერი ძალა ვიქნებით. სუარესს პატივს ვცემ, ის იდებული ფეხბურთელია და დაგვაკლდება, თუმცა წინსვლას გავაგრძელებთ. დავამტკიცეთ, რომ გოლების გატანა და გამარჯვება შეგვიძლია”, – განაცხადა სტარიჯმა ВВС-ის ეთერში.

პრემიერლიგის II ტურში “ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება.

 

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოქვეყნდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასახელა 2013-14 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდების მოპოვების პრეტენდენტები. ექვსი ფეხბურთელიდან სამი „ლივერპულის“ მოთამაშეა: ლუის სუარესი, სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი.

მათ გარდა სიაში მოხვდნენ იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ედენ აზარი (ლონდონის „ჩელსი“) და ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“).

სტარიჯი და აზარი აგრეთვე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. მათ გარდა ამ სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვიან: რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“), აარონ რემსი (ლონდონის „არსენალი“), როს ბარკლი („ევერტონი“) და ლიუკ შო („საუთჰემპტონი“).

გამარჯვებულთა ვინაობა 27 აპრილს, ლონდონში გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი