დე ხეამ გადაწყვეტილება მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა დავიდ დე ხეამ გუნდში დარჩენის მზადყოფნა გამოთქვა.

28 წლის მეკარეს “წითელ ეშმაკებთან” გაფორმებული მოქმედი კონტრაქტი 12 თვის შემდეგ ეწურება და ამ გარემოების გამოყენება ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა სცადა, რომელმაც თავისი კლიენტისთვის ხელფასის მომატება მოითხოვა.

“დეილი მირორის” ცნობით, დავიდ დე ხეას ყოველკვირეული ჯამაგირი 350 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება. ახალი შრომითი ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გაფორმდება.

დავიდ დე ხეამ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და შვიდ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, თუმცა ესპანელს ოთხი უხეში შეცდომა დაუთვალეს, რაც მისთვის ნისლიან ალბიონზე ასპარეზობის ამ რვაწლიან პერიოდში ყველაზე ცუდი შედეგია.

დე ხეა: “მინდა, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გავხდე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ მისი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ გახდომაა.

“ჩემი საბოლოო მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ გახდომაა. ვცდილობ, მთელი ძალით ვივარჯიშო და ვითამაშო, რათა დონე ავიმაღლო. საუკეთესო მეკარედ გახდომა, რა თქმა უნდა, ძალზედ რთული საქმეა, ვინაიდან უმაღლესი დონის კიპერი მრავლად მოიძებნება, მაგრამ მე მიზნის მისაღწევად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო”, – დე ხეას კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ვან გაალი: “დე ხეამ იშვიათი შეცდომა დაუშვა”

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში “ბორნმუთთან” დამარცხების (1:2) შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის კიპერ დავიდ დე ხეას უხეშ შეცდომაზე ყურადღება გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ მასპინძლებმა ანგარიში კუთხურიდან ჩახვეული ბურთით გახსნეს.

“მატჩის შესვენებაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე არა წარსულის, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვეთამაშა მეორე ტაიმში. არა მგონია, შეცდომაზე საუბარს რაიმე სარგებელი მოეტანა ან ჩემთვის ან ფეხბურთელებისთვის. დავიდ დე ხეამ იშვიათი შეცდომა დაუშვა, თუმცა ამის შესახებ მან ჩემზე უკეთ იცის”, – განაცხადა ვან გაალმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის დამატებას კვლავ ეცდება

“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალიდან” გარეტ ბეილის გადმობირების იმედს არ კარგავს.

“ტელეგრაფის” ცნობით, “წითელი ეშმაკები” უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას მომავალ ზაფხულს შეეცდებიან. წყაროს თანახმად, “ოლდ ტრაფორდზე” ფიქრობენ, რომ “რეალში” დე ხეას ჩაშლილი ტრანსფერი კლუბებს შორის ურთიერთობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

წყარო პარალელს ავლებს 2008 წელთან, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს გადასვლას გამორიცხავდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მაინც გაუშვეს.

1 de Gea

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დავიდ დე ხეას “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი იანვარში ესპანელ მეკარესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და შესაძლოა, იგი “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აგვისტოში “რეალმა” გარეტ ბეილი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა.

 

“რეალმა” დე ხეასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალი” ამ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ დავიდ დე ხეას ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებს. მადრიდელები მზად არ არიან, 24 წლის ესპანელი მეკარის სანაცვლოდ ინგლისელებისგან მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ დე ხეას “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” ფასს შეამცირებს, არ არის გამორიცხული, ტრანსფერი მაინც შედგეს.

ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში დავიდ დე ხეამ 37 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა.

 

ვან გაალი: “დე ხეამ გვითხრა, რომ თამაში არ სურს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის კიპერ დავიდ დე ხეას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ესპანელი მეკარე ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გასამართ მატჩსაც გამოტოვებს.

“ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელმა დე ხეას ჰკითხა, სურს თუ არა თამაში. ესპანელმა უპასუხა, რომ თამაში არ უნდა.

გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში დე ხეას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის იმდენად კარგად ვერ აჩვენებდა საკუთარ თავს, ძველი დე ხეა აღარ არის. შარშან იგი საუკეთესო იყო, ფანებმა ბოლო ორ სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის აირჩიეს.

ახლა ყველაფერი სერხიო რომეროსა და მის ფორმაზეა დამოკიდებული. დე ხეა ამჯერადაც განაცხადს მიღმა დარჩება, კარში კვლავ სერხიო რომერო იქნება”, – ვან გაალის სიტყვები “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ესპანელი მეკარით მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული.

“ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

ბენიტესმა მეკარეების მწვრთნელი დე ხეას დასაკვირვებლად გაუშვა

მადრიდის “რეალის” ახალმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა მეკარეების მწვრთნელი ხავი ვალერო ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე გააგზავნა, რათა იკერ კასილასისა და დავიდ დე ხეას ვარჯიშებს თვალი მიადევნოს.

ესპანური “ასის” ცნობით, ბენიტესი “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ დავიდ დე ხეას შესახებ ინფორმაციის მოძიებას აპირებს.

ხავი ვალერო ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელს ესაუბრა და მისთვის საინტერესო დეტალები ჩაინიშნა.

 

კასილასს “რეალში” დე ხეას გადასვლა სურს

მადრიდის “რეალის” კიპერმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმობირების წინააღმდეგი არ არის.

“მარკას” ჟურნალისტის კითხვაზე, ისურვებდა თუ არა “რეალში” დე ხეას გადასვლას, კასილასმა უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა”.

იკერ კასილასი “რეალის” პირველი გუნდის ღირსებას 1998 წლიდან იცავს, თუმცა ბოლო პერიოდში ფანების მხრიდან ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. მის შემცვლელად “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

დე ხეამ მიმდინარე სეზონში ყველა ოფიციალური მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

2014/15 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე დავიდ დე ხეა დაასახელეს. ესპანელი კიპერი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის, ქვეყნის თასისა და ლიგის თასის 43-ივე მატჩი მიიღო მონაწილეობა. აქედან 42 მატჩში მან შეუცვლელად ითამაშა, მხოლოდ პრემიერლიგის 37-ე ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შეცვალეს ის ფეხის ტრავმის გამო.

კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ 19 წლის თავდამსხმელი ანდრეას პერეირა დაასახელეს, რომელმაც პირველ გუნდში მხოლოდ ორი არასრული მატჩი ჩაატარა, თავი კი ახალგაზრდულ შემადგენლობაში გამოიჩინა.

 

ვან გაალი: “დე ხეას ბევრ ფულს ვთავაზობთ და ის უნდა დარჩეს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბს მეკარე დავიდ დე ხეას შენარჩუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ კიპერს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება. დე ხეას მიმართ დაინტერესებას მადრიდის “რეალი” იჩენს.

“მოლაპარაკებებმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ახალი კონტრაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გაფორმდეს, თუმცა მე ამ საკითხში მთავარი არ ვარ. ყველაფერს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს. მას შეუძლია როგორც დათანხმდეს, ასევე უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე. მინდა, რომ დავიდი კლუბში დარჩეს, თუმცა ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ და არა – მე. დე ხეას ბევრ ფულს ვთავაზობთ და მან ხელი უნდა მოაწეროს ახალ კონტრაქტს”, – ვან გაალის სიტყვები “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

 

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია შკრტელს

“ლივერპულის” მცველი მარტინ შკრტელი სამმატიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში მერსისაიდულ გუნდსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შოირს გამართული მატჩის (1:2) ბოლო ეპიზოდში სლოვაკმა მცველმა განზრახ ფეხზე დააბიჯა სტუმართა კიპერ დავიდ დე ხეას. “ლივერპულს” დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ გაუსაჩივრებია.

ამრიგად, მარტინ შკრტელი ლონდონის “არსენალთან”, “ნიუკასლ იუნაიტედთან” და “ჰალ სიტისთან” გასამართ მატჩებს გამოტოვებს.