მოიესმა “სოსიედადი” დატოვა

დევიდ მოიესმა “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

კლუბმა 52 წლის შოტლანდიელ სპეციალისტსა და მის თანაშემწე ბილი მაკკინლის კონტრაქტი გაუწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მოიესი ბასკურ კლუბს 2014 წლის 11 ნოემბრიდან ედგა სათავეში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა, ხუანდე რამოსი დაინიშნოს.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურის შემდეგ გუნდს აქტივში 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია.

 

გრანერო: “მოიესი და მოურინიო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან”

“რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის, დევიდ მოიესის მუშაობის მეთოდი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სტილს აგონებს. შეგახსენებთ, რომ გრანერო მადრიდის “რეალში” მოურინიოს თავკაცობით 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა.

“თითოეულ მწვრთნელს ახასიათებს თავისებურება, თითოეულ მწვრთნელს მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს, თუმცა მოიესი და მოურინიო იდეებსა და პროფესიონალიზმში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორივეს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის ყოველივე საუკეთესო გასცეს. მოურინიომ “რეალს” დიდება დაუბრუნა. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო განვვითარდი. მან მადრიდული კლუბი ევროპაში ყველაზე ძლიერ გუნდად აქცია”, – განაცხადა გრანერომ.

 

გაძევებულ მოიესს ქომაგები ჩიფსით გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)

ესპანეთის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “რეალ სოსიედადსა” და “ვილიარეალს” შორის გამართულ მატჩში ბასკთა მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მსაჯის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო გააძევეს.

ამის შემდეგ ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი ოსტატურად გადაახტა ბარიერს და ტრიბუნაზე დაიკავა ადგილი. ამით ისარგებლეს გულშემატკივრებმა და მოიესს ჩიფსი შესთავაზეს, არც მწვრთნელი დამდგარა უარზე და გულისხმიერი ფანების მიერ შეთავაზებულ პროდუქტს მადიანად შეექცა.

მატჩი “სოსიედადსა” და “ვილიარეალს” შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დამთავრდა. წყვილის პირველი შეხვედრა ვალენსიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა და ტურნირის მეოთხედფინალშიც სწორედ ისინი გავიდნენ.

 

მოიესი: “იანუზაი არ არის გადაფასებული ფეხბურთელი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “რეალ სოსიედადის” მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღნიშნა, რომ სჯერა, ინგლისური კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველ ადნან იანუზაის მსოფლიო დონის ფეხბურთელად ქცევა შეუძლია.

“ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშე მართლაც გადაფასებულია, თუმცა არა – იანუზაი. მე ამას “მანჩესტერ იუნაიტედში” გამართულ პირველივე ვარჯიშზე მივხვდი. როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდა იანუზაი ბურთით, იოჰან კრუიფი გამახსენდა”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

 

მოიესის თავკაცობით “სოსიედადმა” პირველი მატჩი მოიგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIII ტური სან-სებასტიანში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რეალ სოსიედადმა” “ელჩე” მიიღო და კარლოს ველას ჰეთ-თრიკის წყალობით ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

ეს “სოსიედადის” თავკაცის პოსტზე დევიდ მოიესის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად “დეპორტივოსთან” ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

ამ მოგების წყალობით ბასკურმა გუნდმა აქტივში 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13-ადგილოსან “ეიბარს” გაუთანაბრდა. რაც შეეხება “ელჩეს”, გუნდს 10 ქულით მე-19 პოზიცია უკავია.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ელჩე” 3:0 (2:0)

გოლები: ველა 3′, 31′, 53′.
გაფრთხილებები: ანსოტეგი 5′, კანალესი 14′ — ადრიან გონსალესი 28′, გარი როდრიგესი 62′, ვიქტორ როდრიგესი 76′, სისმა 82′.

მოიესმა სადებიუტო მატჩში “დეპორტივოს” გაგულისებულ მწვრთნელს დაწყნარებისკენ მოუწოდა

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესის სადებიუტო მატჩი მეტნაკრებად წარმატებული გამოდგა. მისი გუნდი გასვლაზე ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” უგოლოდ დაზავდა. ამრიგად, ბასკებმა უკანასკნელი შვიდი თვის მანძილზე კარი მშრალად პირველად შეინახეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს “დეპორტივოს” მწვრთნელი გაგულისდა და მოიესთან რაღაცის გაპროტესტება დაიწყო, თუმცა შოტლანდიელი სპეციალისტი სიტყვიერ ბრძოლაში არ ჩაერია და ოპონენტს ჟესტით დამშვიდებისკენ მოუწოდა. მოიესმა ესპანური ენა არ იცის და სავარაუდოდ, მან მეტოქე გუნდის მწვრთნელის სიტყვები ვერც გაიგო.

დევიდ მოიესმა ესპანეთში კულტურული შოკი მიიღო

“რეალ სოსიედადის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ ესპანეთში საფეხბურთო მატჩების დაწყების გვიანი დრო მისთვის ერთგვარი კულტურული შოკი აღმოჩნდა. პრიმერადივიზიონის XII ტურში მისი გუნდი “დეპორტივოს” ესტუმრება — მატჩი შაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 01:00 საათზე).

“შესაძლოა, ინგლისში ამ დროს უკვე ეძინოთ. ნამდვილად არ ვარ ასეთ დროს მიჩვეული, თუმცა აქ სწორედ ახალი კულტურის გასაცნობად ჩამოვედი. რამდენადაც მე ამიხსნეს, ესპანეთში ჩვეულებრივი ფაქტია მატჩების საღამოს ათ საათზე დაწყება. რას ვიზამთ, ახალ გრაფიკს უნდა შევეგუო.

ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ ხალხი ქუჩაში ჩერდება და მესალმება. ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სანაკრებო პაუზა ძალზედ წაგვადგა. ჩემს ფეხბურთელებთან დიდი დრო გავატარე. ისინი ყურადღებით ისმენენ ახალ ინფორმაციას. ცოტას კი ვნერვიულობ, თუმცა გუნდში ყველანი კარგ განწყობაზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ სატურნირო ცხრილში ზემოთ აიწიოს”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “როიტერი”.

 

დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედისგან” 6 მილიონზე მეტი მიიღო

დევიდ მოიესმა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასული სეზონის ბოლოს გაათავისუფლა, კონტრაქტის გაწყვეტისთვის კლუბისგან 6,5 მილიონი ევრო მიიღო. ამის შესახებ “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აპრილის თვეში გაათავისუფლეს, ლივერპულის “ევერტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:2).

მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასულ სეზონში რეკორდული შემოსავლები მიიღო.

 

დევიდ მოიესი ვან გაალის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მარცხის შემდეგ “წითელი ეშმაკების” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ლუი ვან გაალის კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

“ყველამ იცოდა, რომ მას დრო სჭირდება. ყველას სჭირდება დრო იმისთვის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ღირსეული მემკვიდრე გახდეს. ის, რაც დღეს მოხდა, მე “ვესტ ბრომვიჩის”, “ნიუკასლისა” და “ევერტონის” წინააღმდეგ გასულ სეზონში გამართულ შეხვედრებში დამემართა. პრემიერლიგის ყველა გუნდი ორგანიზებულია, ყველას ჰყავს განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომელთაც მატჩისთვის მიმდინარეობის მიცემა შეუძლიათ”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს espn-ი.

ამ განცხადებამდე კი სოციალურ ქსელში გაჩნდა კომპიუტერული პროგრამით დამუშავებული ფოტო, რომელზედაც მოიესი ვან გაალის გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰოლანდიელ სპეციალისტამდე სწორედ მოიესი თავკაცობდა, რომელიც ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

მოიესის ბოლოსიტყვაობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა სერ ალექს ფერგიუსონს, კლუბის ხელმძღვანელობასა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

სამშაბათს კლუბის ხელმძღვანელობამ შოტლანდიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

გასულ უქმეებზე „წითელი ეშმაკები“ მოიესის ყოფილ კლუბ „ევერტონთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ, რითაც „იუნაიტედმა“ სეზონის დასრულება ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა „გაინაღდა“. ასეთი რამ უკანასკნელი 19 წლის მანძილზე პირველად ხდება. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედს“ 57 ქულით სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

„ვთვლი, რომ მწვრთნელი მთელი კარიერის განმავლობაში სწავლობს. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული დრო ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა. სერ ალექს ფერგიუსონის მადლიერი ვარ. მან შანსი მომცა და დიად კლუბში მიმიწვია.

ვამაყობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიყვანე. ვამაყობ, რომ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიყავი. ხანგრძლივი პროგრესისა და სტაბილურობის შემდეგ ახალი კლუბის ჩაბარება დიდი გამოწვევაა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა განსაკუთრებული პოზიციაა, თუმცა მძიმე სამუშაოსი არ მეშინოდა. ეს ჩემს სამწვრთნელო შტაბსაც ეხება. ჩემი მწვრთნელების მადლიერი ვარ მთელი სეზონის განმავლობაში გამოვლენილი ერთგულებისა და ნდობისთვის. ჩვენ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე ვიყავით ორიენტირებულნი, ეს აუცილებელი იყო ძირითადი შემადგენლობისთვის. ამ რთულ პერიოდში ისეთ თამაშებს ვერ ვაჩვენებდით, როგორსაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკვრები იყვნენ მიჩვეულნი. მე მესმის მათი იმედგაცრუების.

ამ მოკლე პერიოდში გავაცნობიერე, როგორი განსაკუთრებული ადგილია „ოლდ ტრაფორდი“, ასევე კარინგტონში არსებული ბაზა. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მთელი სეზონის განმავლობაში. კლუბს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებს“ ინგლისის ჩემპიონატის დამდეგ მატჩში კლუბის ვეტერანი ფეხბურთელი რაიან გიგზი უხელმძღვანელებს.

ბექა დოგრაშვილი

ფილ ნევილი: „სეზონი ჩავაგდეთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ფილ ნევილმა შექმნილ რეალობას თვალი გაუსწორა და გამოტყდა, რომ კლუბმა სეზონი ჩააგდო.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს 33 ტურის შემდეგ აქტივში 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ „წითელი ეშმაკები“ მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან.

დევიდ მოიესის სადებიუტო სეზონში გუნდმა უკვე ყველა ტურნირიდან გამოვარდნა მოასწრო (ინგლისის თასი, ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა).

„ჩვენ ამ სეზონის მოლოდინები ვერ გავამართლეთ. სეზონი ჩავაგდეთ. რთული საყურებელია სხვა გუნდების წარმატება. სატურნირო ცხრილში ჩახედვავ გვიჭირს“, – განაცხადა ფილ ნევილმა „ბი ბი სის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

დევიდ მოიესი მსაჯებს აფრთხილებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩამდე „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეხვედრის არბიტრებს აფრთხილებს, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე შესაძლოა სიმულაციას მიმართონ.

„არბიტრებს ვენდობით. იმედი გვაქვს, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მეტოქის საჯარიმო მოედანზე სიმულაცია მსაჯებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. მხარს დავუჭერდი, რომ ვიდეოგამეორებების ხილვის შემდეგ სიმულანტი ფეხბურთელები დასჯილიყვნენ, თუმცა კონკრეტულ მოთამაშეებზე ყურადღების გამახვილება არ მსურს“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს ბრიტანული Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სიმულაციისთვის ღიად დასდო ბრალი ბავარიელთა
ჰოლანდიელ ნახევარმცველ არიენ რობენს.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩს, ის დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარლოს ველასკო კარბალიოს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი