შოთა არველაძე: “რთულია, გუნდი ერთი თქმით შეცვალო, როცა ოთხი წელი ასე თამაშობ”

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს, სადაც შოტლანდის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით BBC-ის შოტლანდიის ბიუროს ჟურნალისტი შოთა არველაძეს გაესაუბრა.

“სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო თაობა. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ინდივიდუალურადაც გამოირჩეოდნენ: მე, ქეცბაია, ქინქლაძე. შემდეგ წლებშიც კარგი თაობა წამოვიდა. მაგალითად, ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი.
ახლა ძალიან ცოტა კარგი ფეხბურთელი გვყავს. ნაკრებში ნამდვილად არის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, თუმცა არა ბევრი, როგორც ეს ადრე იყო.
ყველას სურს, რომ ამ ბიჭებმაც ისევე ითამაშონ, როგორც ჩვენ ვთამაშობდით. ახლა გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს უჩვენებს, რადგან ნაკლები შემოქმედი ფეხბურთელი გვყავს. სწორედ ამიტომაა, რომ მწვრთნელი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

არველაძემ თემურ ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა.

“ქეცბაია ძალზედ პოპულარული იყო. მისი დანიშვნის შემდეგ გუნდმა ერთი წელი წაუგებლად ჩაატარა. ეს მწვრთნელისთვის დიდი წარმატება იყო.
პირველ ეტაპზე ყველასთვის მისაღები იყო, რომ არ ვაგებდით, რადგან მანამდე უმეტესწილად მატჩებს სწორედ მარცხით ვასრულებდით. თუმცა, შემდეგ, როდესაც გუნდს გამარჯვებები სჭირდებოდა, მაინც დაცვით ტაქტიკას არჩევდნენ. დაცვითი ფეხბურთის გამო ხალხმა მწვრთნელის კრიტიკა დაიწყო.
შესაძლებელია, რომ განსხვავებული სიტუაცია იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით: როცა ოთხი წლის განმავლობაში ასე ვარჯიშობ და ასე თამაშობ, რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ გავიდნენ მოედანზე და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.
არა მგონია, საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ძალიან გაიხსნას”, – აღნიშნა 41 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

შოთა არველაძე საქართველოსა და ირლანდის ნაკრებებს შორს თბილისში გამართულ მატჩსაც შეეხო:

“ირლანდია ჩვენზე უკეთ არ გამოიყურებოდა, რამაც გამაკვირვა. წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა იმ დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია. გლაზგოში მნიშვნელოვანი მატჩი გველს და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ”.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

უეფამ ევრო-2016-ის საბოლოო გრაფიკი გამოაქვეყნა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ფინალური ტურნირის გრაფიკის საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. გახსნისა და დახურვის მატჩები პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. გახსნით მატჩში საფრანგეთის ნაკრები ითამაშებს. ჯგუფის დანარჩენ ორ შეხვედრას „მამლები“ მარსელსა და ლილში ჩაატარებენ.

„სტად დე ფრანსს“ უმაღლესი კატეგორიის მატჩები აქამდეც მიუღია. ამ სტადიონზე გაიმართა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალი. შეგახსენებთ, რომ ამავე არენაზე შედგა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი (2:0).

ევრო-2016 თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, რადგან ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, სულ 51 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 17:00, 20:00 და 23:00 საათებზე დაიწყება.

ტურნირის პირველი მატჩი 10 ივნისს, თბილისის დრით 23:00 საათზე აიღებს სტარტს, ბოლო შეხვედრა კი 10 ივლისს შედგება. მეოთხედფინალური შეხვედრები მარსელში, ლილში, ბორდოსა და სენ-დენიში გაიმართება, ნახევარფინალკური მატჩები კი – ლიონსა და მარსელში. ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.

იხილეთ: ევრო2016-ის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

საფრანგეთში ევრო-2016-ის ლოზუნგი წარადგინეს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა მარსელში გამართულ შეხვედრაზე ტურნირის ლოზუნგი წარმოადგინა. ფრანგული L’Equipe-ის ცნობით, ლოზუნგად სიტყვა „რანდევუ“ (პაემანი, შეხვედრა) შეარჩიეს.

„რანდევუ“ შესანიშნავი ფრანგული სიტყვაა, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილია. ეს ტურნირი ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის შეხვედრის ადგილი იქნება“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 ნაკრები, რომლებიც ერთმანეთში 51 მატჩს გამართავენ.
ევრო-2016-ის შეხვედრებს საფრანგეთის ათი ქალაქი უმასპინძლებს.

ბექა დოგრაშვილი