დევიდ მოიესის შედეგის საოცარი დამთხვევა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა შარშანდელი მაჩვენებელი თითქმის ზუსტად გაიმეორა.

შარშან მოიესის ხელმძღვანელობით ლივერპულის „ევერტონს“ პრემიერლიგის 29-ე ტურის შემდეგ აქტივში 48 ქულა, 46 გატანილი და 35 მიღებული გოლი ჰქონდა.

წელს მოიესის თავკაცობით „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის 29-ე ტურის შემდეგ აქტივში 48 ქულა, 46 გატანილი და 34 მიღებული გოლი აქვს.

ირონიად ნუ მიიღებთ, თუ ვიტყვით, რომ მოიესს პირადი პროგრესი აქვს — შარშანდელთან შედარებით მისმა გუნდმა ერთი ბურთით ნაკლები გაუშვა.

ბექა დოგრაშვილი

ვისი ფანები იყვნენ „ბითლზის“ წევრები?

„ბითლზები“ გასული საუკუნის 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფია, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავდა, თუმცა საინტერესოა, თავად „ბითლზის“ წევრები ვისი ფანები იყვნენ. ამ შემთხვევაში, ფეხბურთს ვგულისხმობთ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არამხოლოდ მშობლიურ ქალაქ ლივერპულთან, არამედ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულთანაც“ ხშირად ასოცირდება, მაგრამ „ბითლზის“ არცერთი წევრი სახელგანთქმულ „ლივერპულს“ არ ქომაგობდა. ჯგუფის წევრთა საფეხბურთო გემოვნებაზე მერსისაიდული ფეხბურთის მთავარი ისტორიოგრაფი ენდი ტომპსონი მოგვიყვება.

 

პოლ მაკარტნი საყვარელი კლუბი:
„ევერტონი”

„პოლი „ბითლზის“ შემადგენლობაში ფეხბურთის ყველაზე აქტიური ქომაგი იყო, თუმცა აქ სიტყვა „აქტიური“ ცოტა გადაჭარბებულია. აი, მისი ციტატა: „ფეხბურთის გაგებაში არ ვარ, მსგავსად დანარჩენი „ბითლებისა“. მაკარტნის ოჯახი ლივერპულის რაიონ ევერტონში ცხოვრობდა და ისიც უიმედოდ „კანფეტებს“ („ევერტონის“ მეტსახელია. – ავტ.) ქომაგობდა, რადგან სხვა არჩევანი არც ჰქონია. უბრალო ფაქტის წინაშე აყენებდნენ: „შენ „ლურჯებისკენ“ ხარ, გასაგებია?“ პოლი „გუდისონ პარკზე“ თავის ბიძებს – ჰარისა და რონს დაჰყავდათ, თუმცა პატარა მაკარტნი აღტაცებული რჩებოდა არა იმდენად თამაშით, რამდენდაც გულშემატკივართა ქომაგობით. პოლის თქმით, მატჩებს ბევრი ხუმარა კაცი ესწრებოდა და სტადიონზეც უმეტესწილად იმიტომ დადიოდა, რომ სხვადასხვა ხუმრობები გაეგონა. მსოფლიოს ვარსკვლავად ყოფნის პერიოდში მაკარტნი საფეხბურთო მატჩზე მხოლოდ ერთხელ შენიშნეს – 1968 წელს ინგლისის თასის ფინალურ მატჩზე, რომელიც „ევერტონსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გაიმართა. ამის დოკუმენტური მტკიცებულებაც არის ფოტოს სახით: „უემბლის“ ტრიბუნაზე მჯდომი მაკარტნი დანარჩენ ფანებთან ერთად გაშმაგებული გაჰყვირის. რამდენიმე წლის წინათ მაკარტნიმ განაცხადა, რომ „ლივერპულის“ მიმართ სიმპათიები გაუჩნდა, რითაც „ევერტონის“ გულშემატკივრებს გული ატკინა. ეს მაშინ მოხდა, როცა მის ერთ-ერთ კონცერტზე „წითლების“ ლეგენდარული ფეხბურთელი კენი დალგლიში მივიდა. კულისებში გასაუბრების შემდეგ, პოლი მიხვდა, რომ აზრი არ აქვს გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების კათოლიკეებად და პროტესტანტებად დაყოფას (ტრადიციულად, „ევერტონს“ კათოლიკეები ქომაგობენ, „ლივერპულს“ – პროტესტანტები. – ავტ.), გამოვიდა სცენაზე და თქვა, რომ „ლივერპულს“ გულშემატკივრობს, თუმცა მერსისაიდულ დერბიში, რა თქმა უნდა, „ევერტონს“ დაუჭერდა მხარს“. პოლ მაკარტნი: “ზოგჯერ ვესწრები საფეხბურთო მატჩებს. ჩემი ოჯახი „ევერტონს“ ქომაგობდა. სტადიონზე ძირითადად ხუმრობების მოსასმენად დავდიოდი. გულშემატკივართა შორის ყოველთვის იყვნენ ხუმარა კაცები, რომლებიც თავად იგონებდნენ ხუმრობებს. მახსოვს, ერთ-ერთ მატჩზე ვიღაც ბიჭმა მილი მოათრია და თამაშს მუსიკალურად აფორმებდა. როცა ფეხბურთელი არაზუსტად დაარტყამდა, ტრიბუნაზე მსხდომი ქომაგები ბურთის დაჭერას ცდილობდნენ. ესეც ძალიან მახალისებდა“. ბავშვობაში მაკარტნის ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის ავტოგრაფიც უთხოვნია: „როგორც წესი, ავტოგრაფის მთხოვნელს მშვიდად ვხვდები ხოლმე. ერთი ხანობა მეც ვაგროვებდი ავტოგრაფებს. ერთხელ საფეხბურთო კლუბ „ფულემს“ ჯონი ჰეინსის ავტოგრაფის თხოვნით მივწერე. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ფოსტით მისი ავტოგრაფი მივიღე“.

 რინგო სტარი საყვარელი კლუბი:
„არსენალი“

„რინგო თითქმის სამი წლის იყო, როცა მამამისმა ოჯახი მიატოვა, – გვიყვება ტომპსონი. – მიუხედავად იმისა, რომ მამინაცვალი ლივერპულში ცხოვრობდა, მისი მშობლიური ქალაქი ლონდონი იყო და „არსენალს“ ქომაგობდა. როცა „მეთოფეები“ მერსისაიდში გასვლით მატჩებს ატარებდნენ, მამინაცვალს პატარა რინგო აუცილებლად მიჰყავდა „ენფილდზე“ ან „გუდისონ პარკზე“. ბუნებრივია, რინგოს „არსენალის“ მიმართ სიმპათიები გაუჩნდა. ლივერპულში ღალატს არ პატიობენ და რამდენიმე წლის წინათ რინგოს ქანდაკებას ბაღის მაკრატლით თავი მოკვეთეს. სამართალდამცავებმა მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ ეს ბარბაროსული აქტი „ლივერპულის“ ქომაგებმა ჩაიდინეს. სხვათა შორის, ამბობენ, რომ რინგო სტარის ორივე ვაჟი სწორედ „ლივერპულს“ ქომაგობს და „წითლების“ სასეზონო აბონემენტებიც აქვთ“.

ჯორჯ ჰარისონი საყვარელი კლუბი:
„ევერტონი“

„ამბობენ, რომ ჯორჯ ჰარისონი პოლ მაკარტნისთან ერთად რამდენჯერმე შენიშნეს „ევერტონის“ მატჩზე, თუმცა ამის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, – აგრძელებს ენდი ტომპსონი. – ჰარისონს ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ერთი ციტატა ეკუთვნის და ისიც მეტად გაუგებარი არსის მატარებელია: „ლივერპულში არსებობს სამი გუნდი, მაგრამ მე სულ სხვა გუნდს ვქომაგობ“. იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულში მხოლოდ ორი საფეხბურთო კლუბი არსებობს, ჰარისონის სიტყვები ხუმრობად უნდა მივიღოთ. ანდაც, მან „ბითლზის“ რომელიმე ფანის წყენინება არ ისურვა. ამბობენ იმასაც, რომ ჯგუფის მენეჯერი ეპშტეინი „ბითლზის“ წევრებს თავიანთ საფეხბურთო გემოვნებაზე საუბარს უკრძალავდა, რათა მუსიკოსებს ქომაგები არ დაეკარგათ. სხვათა შორის, ჯორჯის შვილი დჰანი ჰარისონი „ლივერპულის“ დიდი გულშემატკივარია“.

ჯონ ლენონი საყვარელი კლუბი:
„ნიუკასლი“

„ბითლზის” პირველი დრამერი პიტ ბესტი ამტკიცებდა, რომ თავისუფალ დროს ჯგუფის წევრებს ბურთით თამაში უყვარდა, მათ შორის ტექნიკით კი სწორედ ჯონ ლენონი გამოირჩეოდა, – ყვება ენდი ტომპსონი. – ჯონი ბავშვობაში ფეხბურთელობაზეც კი ოცნებობდა, მაგრამ ცუდმა მხედველობამ ხელი შეუშალა ოცნების ახდენაში. შეხედეთ ლენონის სოლო ალბომ „Walls and Bridges“-ის გარეკანს. ნახატზე დაინახავთ რამდენიმე ფეხბურთელის გამოსახულებას – წითელ-თეთრი ფორმის მქონე მოთამაშეები შავ-თეთრი ფორმის მქონე ფეხბურთელების წინააღმდეგ. ეს ჯონმა ბავშვობაში დახატა, 1952 წელს, როცა ის 11 წლისა იყო. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ლენონმა 1952 წელს გამართული ინგლისის თასის ფინალური მატჩის ფრაგმენტი გამოსახა. იმ შეხვედრაში „ნიუკასლმა“ „არსენალი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ხოლო 9-ნომრიანი მაისურით ნახატზე გამოსახულია ლეგენდარული ჯეკი მილბერნი.

სხვათა შორის, ლენონის შემოქმედებას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მის სიმღერებში ხშირად არის ნახსენები „ცხრიანი“. სტადიონზე არასდროს არ დადიოდა, მაგრამ გასაკვირია, რატომ ხატავდა ლივერპულელი ბიჭი არა „ლივერპულის“, არამედ „ნიუკასლის“ ფეხბურთელებს“.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

 

„არსენალი“ „ევერტონს“ დაუზავდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ევერტონი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 80-ე წუთამდე არ გახსნილა – თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გოლი მესუთ იოზილმა გაიტანა. ამის მიუხედავდ, „მეთოფეთა“ სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან სტუმრებმა ანგარიში ოთხ წუთში დეულოფეუს გოლით გაათანაბრეს.

საბოლოოდ, 1:1, რის შედეგადაც, მეორე-მესამე ადგილზე მყოფ „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ არსენ ვენგერის გუნდი 5 ქულით უსწრებს.

„არსენალი“ – „ევერტონი“ 1:1
გოლები: იოზილი 80′ – დეულოფეუ 84′

„არსენალი“: შესნი, ჯენკინსონი, კოშელნი, მერტეზაკერი, გიბზი, არტეტა, ულშირი (როსიცკი 69′), რემსი (ფლამინი 68′), იოზილი, კასორლა (უოლკოტი 68′), ჟირუ

„ევერტონი“: ჰოვარდი, კოულმენი, დისტინი, იაგიელკა, ოვიედო, ბარი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმიტი 90+2), მირალიასი (დეულოფეუ 80′), პიენაარი (ოსმანი 71′), ლუკაკუ

გაფრთხილებები: ბარი, მაკარტი, ჰოვარდი, დეულოფეუ

უხვგოლიანი და დრამატული მერსისაიდული დერბი

ინგლისის პრემიერლიგის XII ტური მერსისაიდული დერბით გაიხსნა – „ევერტონმა“ „გუდისონ პარკზე“ თანაქალაქელი „ლივერპული“ მიიღო. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში, დრამატულად წარიმართა. დაძაბულ თამაშს სტადიონის ატმოსფერო კიდევ უფრო ალამაზებდა.

მაყურებელმა სწრაფი გოლი იხილა: შეხვედრის მეხუთე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ „ლურჯებმა“ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს, რითაც ისარგებლა ფილიპე კოუტინიომ და „წითლები“ დააწინაურა, თუმცა ბრენდან როჯერსის გუნდის ქომაგებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად სამ წუთში „ევერტონმა“ ანგარიში გაათანაბრა: გოლი ამჯერადაც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა – მოედნის ცენტრალური ზონიდან ლეიტონ ბეინსის ჩაწოდების შემდეგ ბრძოლა როს ბარკლიმ მოიგო, ბურთი კართან კიდევ უფრო ახლოს მყოფ კევინ მირალასს მიუვიდა, რომელსაც ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია. მე-19 წუთზე „ლივერპული“ ისევ დაწინაურდა. საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა ლუის სუარესმა, რომელმაც ბურთი ცოცხალ კედელს შორის გაატარა და მოჭრილი დარტყმით „წითლები“ წინ გაიყვანა. პირველი ტაიმიდან გამოსარჩევი კიდევ ის გახლავთ, რომ მირალასი მოედნიდან გაძევებას გადაურჩა. ბელგიელმა თავდამსხმელმა გაშლილი ფეხით მძიმე დარტყმა მიაყენა სუარესს, ურუგვაელ ფეხბურთელს სისხლიც წამოუვიდა.  „ლივერპულის“ ფორვარდი, საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა. ორწუთიანი ფიქრის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ფილ დაუდმა მირალასს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

პირველი ტაიმი „ლივერპულმა“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ანალოგიურ ტემპში წარიმართა. „ევერტონი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, „ლივერპული“ თავის შანსს კონტრშეტევებზე ელოდა და სტუმრებს მე-60 წუთზე გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მეტოქის კარის წინ რამდენიმე მეტრში მდგარმა ჯო ალენმა ბურთი ააცილა, თანაც უელსელ ნახევარმცველს ხელს არავინ უშლიდა. ეს ეპიზოდი ნამდვილად შევა კურიოზულ აცილებათა ვიდეოში. რამდენიმე წუთში კარგი შანსი ჰქონდა რომელუ ლუკაკუსაც, თუმცა ახალგაზრდა ბელგიელს მეკარემ აჯობა და ბურთი ჰაერიდან ცალი ხელით მოუხსნა.

72-ე წუთზე ლუკაკუმ მაინც გაიტანა. მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მინიოლემ უხეიროდ მოიგერია, ბურთს „ლივერპულის“ საჯარიმო მოედანზე „ევერტონის“ ფეხბურთელები დაეუფლნენ, შეტევა გაგრძელდა, მაკკარტიმ კარის წინ მყოფი ლუკაკუ მოძებნდა, ბელგიელმა ფორვარდმა ისარგებლა არეულობით და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

82-ე წუთზე „ევერტონი“ სულაც წინ გაიჭრა. გოლი ამჯერადაც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა –  მათი შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ყველას ლუკაკუმ აჯობა და მინიოლეს კარის ბადე მეორედ შეარხია.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა. 89-ე წუთზე ანგარიში კვლავ გათანაბრდა – ჯარიმიდან სტივ ჯერარდის ჩაწოდების შემდეგ თავით შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა დაარტყა და გაიტანა – 3:3.

საბოლოო ჯამში, მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა. მაყურებელმა დაძაბული, დრამატული მატჩი იხილა, რომელსაც არც გოლები აკლდა, არც ვნებათაღელვა და არც აღმაფრენა.

მეორეადგილოსანმა „ლივერპულმა“ 12 ტურის შემდეგ აქტივში 24 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება „ევერტონს“, „კანფეტებმა“ 21 ქულას მოუყარეს თავი და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

ინგლისის პრემიერლიგა
XII ტური
„ევერტონი“-„ლივერპული“ 3:3 (1:2)

„ევერტონი“: ჰოვარდი, ჯაგელკა, ბეინსი (დეულოფე 50′), დისტინი, პიენაარი (სტოუნსი 84′), ბერი, კოულმენი, მაკკარტი, ბარკლი, მირალასი (ოსმანი 88′), ლუკაკუ.
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ფლანაგანი, ლუკასი (სტარიჯი 79′), ალენი (მოზესი 68′), ჰენდერსონი, ჯერარდი, კოუტინიო, სუარესი.
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: მირალასი 8′, ლუკაკუ 72′, 82′ – კოუტინიო 5′, სუარესი 19′, სტარიჯი 89′.
გაფრთხილებები: ბრაკლი 31′, მირალასი 36′, დისტინი 89′ – ალენი 62′, ლუკასი 67′, სუარესი 79′.
მთავარი მსაჯი: ფილ დაუდი.

ბექა დოგრაშვილი

“სიტიმ” სახლში “ევერტონს” სძლია

ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, “მანჩესტერ სიტიმ” “ეტიჰად სთედიუმზე” მერსესაიდულ “ევერტონს” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.

მატჩი მცირე მოულოდნელობით დაიწყო. მე-17 წუთზე ლუკაკუს ბრწყინვალე თამაშის წყალობით, სტუმრებმა ანგარიში გახსნეს.
მიუხედავად ამისა, ლივერპულელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა. დაახლოებით ერთ წუთში ია ია ტურეს ფანტასტიკური პასის დახმარებით, ალვარო ნეგრედომ წონასწორობის აღდგენა შეძლო.

პირველმა ნახევარმა სერხიო აგუეროსთვის ცუდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით გოლს, რომელიც მან ტაიმის მიწურულს გაიტანა. მან მახვილი კუთხიდან უზუსტესი ბურთი დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ბოლო გოლი კი თერთმეტმეტრიანით გავიდა, რომელიც სტუმართა კარში დაინიშნა. არგენტინელმა თავდამსხმელმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და დუბლი შეასრულა.
ამრიგად, “ქალაქელებმა” საკუთარ მოედანზე მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.

“მანჩესტერ სიტი” 3-1 “ევერტონი”

გოლები: ნეგრედო, 17, აგუერო, 45, 69, (პენ.) – ლუკაკუ, 16.

“სიტი“: ჯო ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი (ნასტასიჩი, 35), ლესკოტი, კოლაროვი (კლიში, 58), ია ია ტურე, ფერნანდინიო, მილნერი, დავიდ სილვა, კუნ აგუერო (ნასრი, 79), ნეგრედო.

“ევერტონი”: ჰოვარდი, კოულმენი, იაგიელკა, სიტენი, ბეინსი, მაკარტი, ოსმანი (გიბსონი, 63), მირალიასი (დეულოფეუ, 63), ბარკლი, ნეისმიტი, ლუკაკუ (კონე, 82).

გაფრთხილებები: კომპანი, მილნერი, სილვა, ზაბალეტა, ფერნანდინიო – ჰოვარდი, დისტინი, კოულმენი, ნეისმიტი.

სანდრო საპანაძე

ლუკაკუ იჯარით ”ევერტონში” ითამაშებს

ლონდონის ”ჩელსის” ახალგაზრდა თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მიმდინარე სეზონში ”ევერტონის” ღირსებას დაიცავს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლუბებმა 20 წლის ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს კიდეც.

ცნობილია, რომ მერსესაიდელების შემადგენლობაში რომელუ ერთი წლის განმალობაში, იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ გასულ სეზონში ასევე იჯარის წესით ”ვესტ ბრომვიჩში” გამოდიოდა, რომლის მაისურითაც 35 ჩატარებულ მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი