ფიფამ აღიარა, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას კრედიტის სახით 5 მილიონი დოლარი მისცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგთა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა.
2009/10 წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ ფიფას პრესსამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა:
“არბიტრის გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება, ამიტომ ფიფა და ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია 2010 წელს შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მათ სტადიონის ასაშენებლად 5 მილიონი დოლარის კრედიტს მივცემდით. აღსანიშნავია, რომ ასეთივე კრედიტი უეფამაც გამოყო. შეთანხმებაში იყო პირობა, რომლის მიხედვითაც, თუ ირლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებდა, სესხს სრულად დაფარავდა, თუმცა გუნდი ტურნირზე ვერ გავიდა. ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სესხის დაბრუნებას არ მოვითხოვდით”.