დეშამმა ნაკრებში ბენზემას გამოძახების ფაქტი განმარტა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შეიყვანა.

33 წლის ფეხბურთელს “მამლების” რიგებში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბენზემასთვის ეროვნული ნაკრების კარი მას შემდეგ დაიხურა, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს ნაკრებში მაინც არ იწვევდნენ.

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დეშამმა ბენზემას უხმო და ეს გადაწყვეტილება დღეს განმარტა კიდეც.

“შეუძლებელია წარსულში დაბრუნება და რაიმეს შეცვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი და ხვალინდელი დღეა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, კარიმს შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ. შეხვედრის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრეთ, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. ეს ორივე ჩვენგანს გვჭირდებოდა. რთული სიტუაციები გამომივლია და პირად ინტერესებს ყოველთვის უგულებელვყოფდი. საფრანგეთის ნაკრები ჩემი საკუთრება არ არის.

ოლივიე ჟირუს საფრთხე შეექმნა? აუცილებელი არ არის, ასე ვიფიქროთ. კონკურენცია ყოველთვის არის. ისინი სამი წლის განმავლობაში ერთ გუნდში იყვნენ. მათი ერთად ყოფნა კარგი იდეაა თუ ცუდი, ამას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გავიგებთ”, – ციტირებს დეშამის სიტყვებს L’Equipe-ი.

ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელების, უნგრელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

დეშამი ევრო-2020-ისთვის ნაკრებში ბენზემას გამოძახებას აპირებს

ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას გამოძახებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდისთვის “მამლების” კარი 2016 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში დღემდე არ მიუწვევიათ.

ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელების, უნგრელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ჩავი: “საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფრით მომხიბლა”

ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოტყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის თამაშით მოხილბული არ დარჩა. მისი თქმით, ფრანგები მუნდიალზე ზედმეტად პრაგმატულ ფეხბურთს უჩვენებდნენ.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელები ძალზედ პრაგმატულად მოქმედებენ, ვინაიდან ტურნირიდან გამოვარდნის ეშინიათ. ერთი შეცდომა და ნახვამდის. მე სხვა სკოლიდან ვარ და ის ბურთის ფლობასა და გარისკვას გულისხმობს. მუნდიალზე გუნდების 70-80 პროცენტი არ რისკავს და ელოდება მეტოქის შეცდომას. ეს ცუდია.

საფრანგეთის ნაკრებმა ვერაფრით მოგვხიბლა, მხოლოდ ის გვიჩვენა, რომ ჩემპიონია. ფრანგებს ორგანიზებული გუნდი ჰყავდათ, ბევრი კარგი თვისებით შემკული, მაგრამ სილაღე აკლდათ. ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს მოულოდნელად აფეთქება შეუძლიათ, მაგრამ მე ამ თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ”, – თქვა ჩავიმ “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

საფრანგეთმა ურუგვაი დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: სამხრეთამერიკელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ედინსონ კავანი ვერ ეხმარებოდა, ევროპელებმა კი დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი მოისაკლისეს. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორივე გუნდი სიფრთხილეს იჩენდა და გარისკვას ერიდებოდა. შესაბამისად, სახიფათო მომენტი არცთუ მრავლად შეიქმნა, თუმცა ანგარიში პირველივე ნახევარში გაიხსნა: მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანმა სტანდარტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ კი თავით რაფაელ ვარანმა დაარტყა და გაიტანა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს მარტინ კასერესს თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ უგო ლორისმა შესანიშნავი სეივით საკუთარი გუნდი იხსნა და ტაიმი “მამლების” გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი 16 წუთის დაწყებული იყო, როცა სამხრეთამერიკელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გრიზმანის შორეული დარტყმის შემდეგ ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერა უხეშად შეცდა, უხეიროდ მოიგერია და ბურთი კარში შევარდა – 0:2. დარჩენილ დროში სამხრეთამერიკელებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ, ფრანგები კი ნახევარფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიასა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
ურუგვაი — საფრანგეთი 0:2 (0:1)
გოლები: ვარანი 40′, გრიზმანი 61′.

იტალია შინ საფრანგეთთან დამარცხდა (ვიდეო)

იტალიის ნაკრებმა ქალაქ ბარიში საფრანგეთის ეროვნული გუნდი მიიღო. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “სკუადრა აძურამ” ჯამპიერო ვენტურას თავკაცობით პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ანგარიში მატჩის მე-17 წუთზე ფრანგმა თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა გახსნა. ოთხ წუთში გრაციანო პელემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდი ოლივიე ჟირუს გოლით მალევე დაწინაურდა მეორედ. მეორე ტაიმში ფრანგთა მცველმა ლეივინ კურზავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 1:3.

ამხანაგური მატჩი
იტალია — საფრანგეთი 1:3 (1:2)
გოლები: პელე 21′ — მარსიალი 17′, ჟირუ 28′, კურზავა 81′.

საფრანგეთმა პორტუგალია ბოლოს ჩატარებული 10 მატჩიდან ათივეჯერ დაამარცხა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთმანეთს პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდებს შორის ბოლო გამართული ათი მატჩიდან ათივე შემთხვევაში გამარჯვებულები ფრანგები დარჩნენ, აქედან ყველაზე დიდი ანგარიშით “მამლებმა” 2001 წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვეს, როდესაც მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთი უკანასკნელად შორეულ 1975 წელს დაამარცხა. მაშინ პორტუგალიელებმა ამხანაგურ მატჩში 2:0 იმარჯვეს. ამ გუნდებს შორის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის სექტემბერში, ლისაბონში გაიმართა. აღნიშნული ამხანაგური მატჩი მატიე ვალბუენას გოლის წყალობით საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 1:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ის ფინალური მატჩი კვირას, 10 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ჰოლანდიის ნაკრებმა 83-წლიანი პაუზის შემდეგ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

ჰოლანდიის ნაკრები “ამსტერდამ არენაზე” საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 2:3 დამარცხდა. “ნარინჯისფერებმა” ზედიზედ მეოთხე საშინაო მარცხი განიცადეს, რაც 1933 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები საფრანგეთამდე შინაურ კედლებში ამერიკის შეერთებული შტატების (3:4), ისლანდიისა (0:1) და ჩეხეთის (2:3) ნაკრებებთან დამარცხდა.

ვალბუენა ბენზემასთან ერთად თამაშს არ გამორიცხავს

“ლიონის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს. მეტიც, ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ტურნირზე კარიმ ბენზემასთან ერთადაც კი ითამაშებს.

“იმის გარანტია არ მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ. დიდიე დეშამთან მქონდა საუბარი, თუმცა დეტალებს არ გავამჟღავნებ. ახლა ჩემი მთავარი მიზანი “ლიონისთვის” მაქსიმალური სარგებლის მოტანაა. კარგად ვთამაშობ, მაგრამ საუკეთესო მაჩვენებლები არ მაქვს. სეზონის წარმატებულად დასრულება ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრა იქნება. ბენზემასთან ერთად? ყველაფერი შესაძლებელია. პრობლემა უკვე აღარ არსებობს”, – ვალბუენას კომენტარი “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

დეშამმა გერმანიასთან და ინგლისთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 13 ნოემბერს გერმანიასთან და 17 ნოემბერს ინგლისთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ “სამფეროვანთა” თავკაცმა გუნდში არ გამოიძახა კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენა და ალექსანდრ ლაკაზეტი. სამაგიეროდ, გამოძახებულთა შორის არიან ჰატემ ბენ არფა, ანდრე-პიერ ჟინიაკი და კინგსლი კომანი.

მეკარეები: ბენუა კოსტილი (“რენი”), უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”);

მცველები: ლუკა დინი (“რომა”, იტალია), პატრის ევრა (“იუვენტუსი”, იტალია), კრისტოფ ჟალე (“ლიონი”), ლორან კოსელნი (“არსენალი”, ინგლისი), ელიაკიმ მანგალა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბაკარი სანია (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მამადუ სახო (“ლივერპული”, ინგლისი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი);

ნახევარმცველები: იოან კაბაი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ლასანა დიარა (“მარსელი”), ბლეზ მატუიდი (“პსჟ”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია), მორგან შნეიდერლენი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა (“ნიცა”), კინგსლი კომანი (“ბაიერნი”, გერმანია), ანდრე-პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”, მექსიკა), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).

 

ჯაბა კანკავამ “პარი სენ-ჟერმენთან” სრულად ითამაშა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში “რეიმსმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის მე-4 წუთზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გაფრთხილება მე-3 ტურში “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაბა კანკავამ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა არაერთი შეტევა ჩაშალა, “რეიმსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ადგილობრივი ქომაგებისგან მაღალი შეფასებაც მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “პარი სენ-ჟერმენის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევებს მრავალფეროვნება აკლდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გახსნეს: პარიზელი მცველები კონტრშეტევას სათანადოდ ვერ დაუხვდნენ და მოედანზე ექვსი წუთის შესულმა ტეოსონ სიებატშეუმ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.

“პარი სენ-ჟერმენმა” საპასუხო იერიშშივე მოახერხა წონასწორობის აღდგენა: ხავიერ პასტორეს გენიალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება “რეიმსს”, გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.

საფრანგეთის ჩემპიონატი (VI ტური)
“რეიმსი” — “პარი სენ-ჟერმენი” 1:1 (0:0)

გოლები: სიებატშეუ 83′ — კავანი 84′.
გაფრთხილებები: კანკავა 4′, კიე 74′ — სტამბული 67′, მატუიდი 80′.

ფრანგების პროგრამა მინიმუმი: ევრო-2016-ის ნახევარფინალი

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრეტმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მიზნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “მამლები” ევროპის საუკეთესო გუნდთა ოთხეულში უნდა მოხვდნენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ თავს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენთ. ამ თაობას უნდა ვენდოთ. ბოლო მატჩებში კარგად ვითამაშეთ და პორტუგალიისა (1:0) და სერბეთის (2:1) ნაკრებები დავამარცხეთ. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშია, თუმც არც ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე ვიტყვით უარს. ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და გუნდი პროგრესირებს”, – ციტირებს ლე გრეტის სიტყვებს RMC.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს.

 

“დნიპრო” და “რეიმსი” კანკავას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

უკრაინული ინტერნეტპორტალი Tribuna.com-ი იუწყება, რომ ფრანგულმა “რეიმსმა” ჯაბა კანკავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” 1,2 მილიონი დოლარი (1 მილიონი ევრო) უნდა მიეღო, თუმცა შემდეგ ტრანსფერი შეფერხდა. როგორც კანკავამ აღნიშნა, უკრაინულმა კლუბმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.

გუშინ “რეიმსი” და “დნიპრო” საბოლოოდ შეთანხმდნენ სატრანსფერო ღირებულებაზე. ფრანგები საქართველოს ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღეს 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშზე გუნდს დაემშვიდობა, უახლოეს პერიოდში კი საფრანგეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხება. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).