დღეს უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპის ლიგის ჩემპიონ “სევილიას” უელსის დედაქალაქ კარდიფში დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გუნდს ახალ სეზონში შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლია.
“არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს გამარჯვებისთვის. “რეალის” დონის კლუბისთვის ეს ლოგიკურიც გახლავთ. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ შარშანდელი სეზონის წარმატების გამეორება შეგვიძლია. “სევილია” ისე ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა. მეტოქე ოდნავ შეიცვალა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმც საერთო სურათი უცვლელია.
კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამდეგ მატჩში მაქსიმუმი გაიღოს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ტონი კროოსი დაახლოებით ხუთი დღეა, ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ მას და ხამეს როდრიგესს “სევილიასთან” დებიუტი ექნებათ. მოედანზე იკერ კასილასიც იქნება. ის მუყაითად მუშაობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც.
გარეტ ბეილს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ჩემპიონატი წინასასეზონო მზადების გარეშე დაიწყო. გარკვეული დრო დასჭირდა ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე იცნობს გუნდის ატმოსფეროს და თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ბეილი ამ სეზონშიც შესანიშნავად ითამაშებს. წინასასეზონო მომზადება ძალიან კარგად გაიარა. ის სასურველ კონდიციებშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გასულ სეზონთან შედარებით, მან უფრო დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.