ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩებისთვის “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დასახელდა

ბორჯღალოსნები 2017 წლის ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატს’ საფუძვლიანად განახლებული რაზმით იწყებენ – 11 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბელგიას ეწვევა, ხოლო 19 თებერვალს, წლის პირველი საშინაო მატჩში, რუსთავის სტადიონზე, 15 საათზე, გერმანიას მივიღებთ.

საქართველომ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2015 წელსვე, ბრიტანეთში, უკეთეს 12 გუნდში მოხვედრით დაიბევა.

წელს და გაისად ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატის’ ყველა სხვა მონაწილე იაპონიის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ ჩვენთან რკენის შედეგი შესარჩევი ტურნირის ცხრილში არ ეთვლება. ამიტომ, ევროპულ თამაშებს ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოვიყენებთ.

მილთონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი:

“ჩვენ მიზანს, რა თქმა უნდა, ტურნირის მოგება წარმოადგენს, სხვა მხრივ კი გვინდა, რომ სათამაშო პოზიციებზე „სიღრმე“ — კონკურენცია შევქმნათ და ახალგაზრდა მორაგბეებს შანსი მივცეთ. წლევანდელ გათამაშებაში უნდა ვცადოთ სტილის განვითარება და თამაშიც უფრო თანმიმდევრული გავხადოთ. ასევე მნიშვნელოვანია შეტევითსა და დაცვით სტილებში სიახლეთა შეტანა”.

რადიკალური გზა

ჰეიგმა შარშან, 11 ტესტში სულ 5 ახალბედა გამოსცადა, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის (ბელგიის და გერმანიის წინააღმდეგ) კი, 31-კაცა რაზმში, ერთბაშად 8 უკეპო შეიყვანა. თუ ბელგია-გერმანიასთან ყველანი ითამაშებენ, ბორჯღლოსანთა ამქარის წევრთა რიცხვი 249-მდე ავა.

“პირველი ორი მატჩისთვის ახალგაზრდები შევარჩიეთ, რაც მათ კარგ შესაძლებლობას მისცემს, სამწვრთნელო შტაბს უნარები დაანახონ. ვინაიდან ჩვენი მზერა 2019 წლის მსოფლიოს თასისკენაა მიმართული, ცხადია, ეს შანსი სამომავლოდ მათი შერჩევის პროცესის დასაწყისია. ამ ბიჭებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ყოველ ქმედებას თვალს მივადევნებთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. საქმისადმი მათ მიდგომასა და პროფესიონალიზმს მიკროსკოპით დავაკვირდებით”, – რაზმში გამოძახებული ახალბედების შესახებ შენიშნა ჰეიგმა.

ახალი სეზონის სტარტზე არ ითამაშებს 2016 წლის ნოემბრის ტესტების 15 მონაწილე, ანუ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა. დიახ, მწვრთნელი რისკავს, მაგრამ მის თამამ არჩევანს ზურგს უმაგრებს ისტორია — ორივე მეტოქეს ბევრად ვჯობივართ:

საქართველო – ბელგია (2013-2014)
2 ტესტი (1 შინ – 1 გარეთ)
2-0 (52:13, ლელოებით 8/1)

საქართველო – გერმანია (1995-2016)
5 ტესტი (3 შინ – 2 გარეთ)
5-0 (252:26, ლელოებით 37/3)

ისიც სათქმელია, რომ ამ, ექსპერიმენტულ რაზმშიც საკმაოდ არიან გამოცდილი ლიდერები: კვირიკაშვილი, კაჭარავა, მალაღურაძე, ხმალაძე, ბეგაძე და ნემსაძე, ახალბედა პირველ-ხაზელები კი, იმედია, წინა-მორბედთა ჩაყრილ ტრადიციას უპრობლემოდ გააგრძელებენ და მეტოქეს დაჯაბნიან.

ბელგიამდე საფრანგეთში

ბორჯღალოსნები 2017 წლის ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატის’ პირველი ორი მატჩისთვის შეკრებას 4 თებერვალს, საფრანგეთში დაიწყებენ. გუნდი ტულუზაში 9 თებერვლამდე დარჩება, მერე გეზს ბრიუსელისკენ აიღებს და ბელგიას 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე შეერკინება.

ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. 19 თებერვლის თამაში რუსთავში გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსანთა განაცხადი

 

ეროვნულ გუნდს თედორე გრიგალაშვილი გამოაკლდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან ორჯერად ვარჯიშებს ატარებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრები თბილისში, ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. შემადგენლობას დღეს თბილისის „საბურთალოს“ წევრი თედორე გრიგალაშვილი ტრავმის გამო გამოაკლდა. ნაკრები დედაქალაქში მზადებას 19 ფეხბურთელით განაგრძობს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი 18 იანვარს, 14:00 საათზე სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. 16:45 საათზე ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უზბეკეთთან და იორდანიასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში:

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში თბილისში პირველი ვარჯიში გამართა. დღეს ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში გამოძახებული 20 ფეხბურთელი ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამო” თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშა. საქართველოს ნაკრებს დუბაიში გამგზავრებამდე ორჯერადი ვარჯიშები ექნება. ნაკრებში გამოძახებული ორი ლეგიონერი, ყაზახეთის „ატირაუს“ წევრები ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე გუნდს დუბაიში შეუერთდებიან.

„ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებული ვარ, ამიხდა ეს ოცნება და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირველ ვარჯიშს, კარგი გამოვიდა. ხვალიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავდივართ. იანვარში არ არის ხოლმე სანაკრებო შეკრებები. თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა ეს იმისთვის, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები ნახოს საქმეში და დადებითი იყოს ნაკრებისათვის.“ – ბუდუ ზივზივაძე

„კარგი მომენტია, როდესაც ნაკრებში გიძახებენ ეროვნული ჩემპიონატიდან. პირველად გამომიძახეს ნაკრებში და ეს ორმაგი მოტივაციაა, ყველანაირად დავიხარჯები საქართველოს ნაკრებისთვის“ – საბა ლობჟანიძე

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი („საბურთალო“, თბილისი), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

ამხანაგური მატჩების განრიგი დუბაიში

23 იანვარი
საქართველო-უზბეკეთი

25 იანვარი
საქართველო-იორდანია

THE BEST — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

საქართველოს ნაკრებმა იანვარში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციების მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის იანვარში, დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გუნდი იორდანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის პროცესად მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე დუბაიში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სრულ დატვირთვებზე გადავიდა (ვიდეო)

რაც სლოვენიაში იმყოფება, საქართველოს ნაკრებმა ყველაზე ხანგრძლივი და დატვირთული ვარჯიში 24 ივლისს გამართა. ქართველების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გუნდი დილას დაასვენა, ხოლო სათამოს 7-დან 9 საათამდე კომბინირებული და საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიში ჩაუტარა.

ვარჯიშზე მხოლოდ რამდენიმე წუთით დაკავდნენ ფიზმომზადებით – ძირითადი აქცენტი თამაშზე, დაცვით და შეტევით კომბინაციებზე იყო გადატანილი. ყურადღება დაეთმო სროლებსაც. ზოგადად, ზუროსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სროლებს. ყოველ კომპონენტზე ვარჯიშს ის საჯარიმო სროლებით ამთავრებს. ანუ კალათბურთელმა 2 საჯარიმო მიყოლებით სუსტად უნდა შეასრულოს, რომ დაისვენოს და შემდეგ ვარჯიშზე გადავიდეს. ასე რომ, მთლიანი ვარჯიშის მსვლელობისას თითოეულ კალათბურთელს 14-18 საჯარიმოს შესრულება უწევს, რომ არაფერი ვთქვათ ცალკე სროლით ვარჯიშებზე.

აღნიშნულმა ვარჯიშმა თორნიკე შენგელიასა და ლუკა ზაქრაძის გაეშე ჩაიარა. შენგელიას ტემპერატურა ჰქონდა ცოტა ზღვარს მიღმა და მწვრთნელებმა სიცხის დამწევი მედიკამენტით ვარჯიშს, მისი დასვენება გადაწყვიტეს. რაც შეეხება ზაქრაძეს, მან წინა ვარჯიშზე ჯოჭი ამოიბრუნა და თავისი განცხადებით მზადყოფნაში კი იყო, თუმცა ექიმებმა არ გარისკეს და ნაკრების ახალწვეული დაასვენეს.

თვალში საცემია მოთამაშეთა პროგრესი როგორც სათამაშო, ისე ფიზიკურ კომპონენტებში. ნაკრების მომზადების დონე მაღლა მიიწევს და ამას მოთამაშეებიც კარგად ხედავენ. ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ბექა ბურჯანაძემ და ბესო ლეჟავამ.

კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციო 31 აგვისტოს, ალბანეთთან მატჩით დაიწყება. ალბანელებთან ერთად შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან ერთად სლოვაკეთი და მონტენეგრო არიან და ფინალური ეტაპის საგზურს პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, მთლიანობაში არსებული 7 შესარჩევი ჯგუფიდან კი ევრობასკეტ-2017-ის საგზურები 4 საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.

31 აგვისტომდე ეროვნულ გუნდს თვენახევრიანი მოსამზადებელი ეტაპი და 10 სპარინგ-მატჩი ელის. უკვე მე-4 წელია, საქართველოს ნაკრები შეკრებას სლოვენიით იწყებს, სადაც დაბა პოტრჩეტრტეკის მყუდრო და კეთილმოწყობილ სორტულ-კომპლექსში დაბინავდება. ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება 3 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველო პირველ ამხანაგურ მატჩს პოდჩეტრტეკში, პორტუგალიასთან 2 აგვისტოს გამართავს, რის შემდეგაც მოსკოვში გადაინაცვლებს და 5-ში ბელარუსს, ხოლო 6 აგვისტოს რუსეთს დაუპირისპირდება.

მოსკოვიდან საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 12-14 აგვისტოს თბილისის მერიის ტრადიციულ თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთან ერთად ტურნირში იასპარეზებენ ჰოლანდიის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები.

ილიას ზუროსის გუნდს საკმაოდ კარგი სპარინგი ელის 18-19 აგვისტოს რუმინეთთან, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტის ოთხიდან ერთ-ერთი მასპინძელია. რუმინეთის დედაქალაქიდან ჩვენი ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს, სადაც 24-25 აგვისტოს ქალაქ ვლოცლავეკში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად, ნახევარფინალების შემდეგ ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში, ანუ ნახევარფინალში მასპინძელ პოლონეთს შეხვდება, შემდეგ კი, შედეგიდან გამომდინარე, ან ფინალს, ანაც მესამე ადგილისთვის მატჩს ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში შვედეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ლაშა გამყრელიძე, რომლებიც „ბ” ნაკრების წევრმა – ბექა წივწივაძემ ჩაანაცვლა. ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში დარჩება. სლოვენიაში მის მაგივრად „ბ” ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გაემგზავრება.

სლოვენიაში არ მიემგზავრება 4-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში კვლავ გამოძახებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ასევე „ბ” ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა ჩაანაცვლა. სლოვენიურ შეკრებას გამოტოვებს ზაზა ფაჩულია, რომელმაც NBA-ში გადატვირთული სეზონი ჩაატარა, რამდენიმე დღის წინ კი კონტრაქტი „გოლდენ სტეიტთან” გააფორმა და ახლაც ამერიკაში იმყოფება. ეროვნული გუნდის კაპიტანი ნაკრებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასზე.

გაირკვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის ვინაობა. აქამდე დასახელებული კანდიდატებიდან შეირჩა ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელიც საქართველოში 14 ივლისს ჩამოვიდა და დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის ავსტრიაში ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ აღდგენითი ვარჯიშები გამართა. 29 მაისს ეროვნული ნაკრების წევრებს ფიზიკური მომზადების განმსაზღვრელი საერთაშორისო სტანდარტის ტესტი ჩაუტარდათ.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება “დუისბურგის” წევრი გიორგი ჭანტურია, რომელიც ნაკრებს მეორე ბუნდესლიგის პლეიოფის მატჩების გამო გვიან შუერთდა და ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დღის ბოლოს ავსტრიაში ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი გიორგი აბურჯანია ესპანეთიდან შეურთდება. ფეხბურთელმა სლოვაკეთთან მატჩი და საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი სეგუნდა დივიზიონის მატჩების გამო გამოტოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთში 1 ივნისს გაემგზავრება. ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი ამხანაგური მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 3 ივნისს შედგება. რუმინეთმა საქართველოსთან მატჩამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა 29 მაისს, იტალიის ქალაქ ტურინში უკრაინასთან 3:4 წააგო.

სფფ-ის პრესსამსახური

ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 123-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთთან ანგარიშით 1:1 ითამაშა.

რეიტინგის ზედა ათეულში ცვლილებები მრავლადაა, თუმცა უპირველესად აღსანიშნავია, რომ სიას სათავეში არგენტინა ჩაუდგა, რომელმაც ბელგია ჩამოაქვეითა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, ავსტრია მე-11 ადგილზეა, უელსი 24-ე, ირლანდია 31-ე, სერბეთი 55-ე, ხოლო მოლდოვას 156-ე პოზიცია უკავია.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა — 1532
2. ბელგია — 1352
3. ჩილე — 1348
4. კოლუმბია — 1337
5. გერმანია — 1309
6. ესპანეთი — 1277
7. ბრაზილია — 1251
8. პორტუგალია — 1184
9. ურუგვაი — 1158
10. ინგლისი — 1069
11. ავსტრია — 1067
12. ეკვადორი — 1019
13. თურქეთი — 983
14. შვეიცარია — 974
15. იტალია — 959
16. მექსიკა — 934
17. ჰოლანდია — 931
18. უნგრეთი — 925
19. რუმინეთი — 922
20. ბოსნია/ჰერცეგოვინა — 913

119. ტაილანდი — 297
120. ნიგერი — 296
121. ანგოლა — 291
122. ბურუნდი — 290
123. საქართველო — 289
123. ეთიოპია — 289
125. კუბა — 285

 

საქართველო 1:1 ყაზახეთი (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გთავაზობთ Fanebi.com-ის ფოტორეპორტიორ თამარ აფციაურის მიერ მომზადებულ ფოტოკოლაჟს.

თამარ აფციაურის ფოტოები

Posted by Fanebi.Com on 2016 წლის 29 მარტი, სამშაბათი

საქართველო 1:1 ყაზახეთი (სტატისტიკა, ვიდეომიმოხილვა)

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გთავაზობთ მატჩის სტატისტიკასა და ვიდეომიმოხილვას.

საქართველო — ყაზახეთი 1:1 (1:1)
ბურთის ფლობა: 58% — 42%
კარისკენ დარტყმა: 8 — 7
კარში დარტყმა: 4 — 1
ჯარიმა: 13 — 19
თამაშგარე: 5 — 2
კუთხური: 7 — 3

ქართულ-ყაზახური დაპირისპირების ქრონიკა

საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეს სულ სამი მატჩი აქვთ ჩატარებული. ბალანსი აბსოლუტურად დაცულია: 2005 წელს ყაზახეთში გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ ორივე გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. იმავე წელს თბილისში ჩატარებული მატჩი უგოლოდ მიილია.  ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლოს 2013 წელს, ასტანაში ითამაშეს. იმ შეხვედრაში მასპინძლებმა ერთი გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს. თანაბარია გატანილი და გაშვებული ბურთების მაჩვენებელიც: 2-2.

  • ყაზახეთი 1:2 საქართველო — 17.08.2005 ალმათი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
  • საქართველო 0:0 ყაზახეთი — 08.10.2005 თბილისი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
  • ყაზახეთი 1:0 საქართველო — 14.08.2013 ასტანა, ამხანაგური მატჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩი სამშაბათს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებშია შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.