ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

პიკე: “იუვეს” ბარიერის ძლევაც და შემდეგ “ბერნაბეუზე” “რეალის” დამარცხებაც შეგვიძლია”

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ამბიციურ განცხადებას აკეთებს. კატალონიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსის” ბარიერის დაძლევა და რამდენიმე დღეში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” დამარცხებაც შეუძლია.

“პარი სენ-ჟერმენთან” ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ სიტუაციის შემოტრიალება შევძელით. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლო წლებში ბევრი მატჩი გვაქვს მოგებული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთის გამეორებაც შეგვიძლია და – მეორისაც.

“იუვენტუსის” ბარიერის დაძლევა და შემდეგ მადრიდში გამარჯვება შეგვიძლია. ვემზადებით, რომ ორივე შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ. გუნდი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია. ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა პიკემ TV3-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ბარსელონა” “იუვენტუსს” 19 აპრილს მიიღებს, 23 აპრილს კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს.

მოურინიო და პიკე საჩოგბურთო მატჩს ერთად დაესწრნენ (ფოტოები)

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დომინიკ ტიმს შორის გამართულ საჩოგბურთო შეხვედრას დაესწრნენ.

მატჩი სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა, შესვენების დროს კი მოურინიომ და პიკემ გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფებიც დაარიგეს.

როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდის “რეალის” ედგა სათავეში, მასსა და ესპანელ მცველს შორის ცუდი ურთიერთობა იყო. პიკემ ერთხელ ისიც კი თქვა, მოურინიო ესპანურ ფეხბურთს ანგრევსო.

პიკეს კარიერის დასრულება MLS-ში სურს

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“წავიკითხე, რომ მაყურებელთა დასწრების მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე MLS გახლავთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ფეხბურთით.

ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულება “ბარსელონაში” მსურდა, მაგრამ ბუცების ლურსმანზე დაკიდვამდე არც MLS-ში გადაბარგება იქნებოდა ცუდი ვარიანტი”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

პიკე: “ამ სამი თავდამსხმელის წინააღმდეგ ყველაზე მეტად მიჭირს თამაში”

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარ პიკემ ის სამი თავდამსხმელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ყველაზე მეტად უჭირს თამაში.

“პირველ რიგში, დიდიე დროგბა უნდა დავასახელო. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მას ყველაფერი აქვს: ძალა, სისწრაფე, შეუძლია თავით თამაში, დრიბლინგი, ორივე ფეხით ურტყამს. დიდიე შესანიშნავი ფეხბურთელია.

შემდეგ დავასახელებ კრიშტიანუ რონალდუს. ვიცი, რა შეუძლია მას, ვინაიდან მის წინააღმდეგ ხშირად მიწევს თამაში. კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იგი მეტად მრავაფეროვანი ფეხბურთელია. იცის, როგორ გაიტანოს და როგორი გადაცემა გააკეთოს. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

გამოვყოფ რობერტ ლევანდოვსკისაც. იგი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ორივე ფეხს კარგად ფლობს, მეორე სართულზეც შესანიშნავად თამაშობს.

ზემოთ ჩამოთვლილი თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად მიჭირს, ვინაიდან მათ ყველაფრის გაკეთება და ნებისმიერი წერტილიდან გოლის გატანა შეუძლიათ”, – პიკეს კომენტარს Unscriptd-ი ციტირებს.

 

უეფამ პიკეს საკითხზე იმსჯელა (ვიდეო)

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:2) მომხდარ ეპიზოდზე იმსჯელა.

შეხვედრის მეორე ტაიმის მიმდინარეობისას კატალონიური გუნდის მცველმა ხერარ პიკემ გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან საუბრის შემდეგ დანი უელბეკის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის შემდეგ ამ ჯარიმას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთის აზრით, პიკემ ყვითელი ბარათი შეგნებულად გამოიმუშავა, რათა მეოთხედფინალურ ეტაპს გაფრთხილებების გარეშე შეხვდეს.

უეფამ ამ საკითხზე იმსჯელა და ვერ დაადგინა მიზეზი, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა, ესპანელი ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე გახსნილიყო. ამრიგად, ხერარ პიკეს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და “არსენალთან” გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს, შემდეგ შეხვედრაში კი თამაშის უფლება ექნება.

 

ჟერარ პიკე კარიერას ბექჰემის კლუბში გააგრძელებს

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე კარიერის გაგრძელებას MLS-ში აპირებს.

ინტერნეტპორტალი sport.es წერს, რომ დევიდ ბექჰემმა პიკე თავის კლუბში დაპატიჟა. ბექჰემის კლუბი, რომელიც მაიამის წარმოადგენს, MLS-ში ასპარეზობას 2017 ან 2018 წელს დაიწყებს.

ბექჰემმა კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და უეინ რუნის მიწვევაც ისურვა.

 

პიკე: “არბელოას ჩემს მეგობრად არ ვთვლი”

მადრიდის “რეალის” მცველ ალვარო არბელოასა და “ბარსელონას” უკანახაზელ ჟერარ პიკეს შორის ქიშპობა გრძელდება.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “რეალმა” დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა, რის გამოც “სამეფო კლუბი” ტურნირიდან მოხსნეს.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პიკე, რომელმაც “რეალის” მიმართ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ არბელოამ, რომელმაც პიკე მეგობრად მოიხსენია, განაცხადა, რომ “ბარსას” მცველს კომედიური შოუში სიამოვნებით იხილავდა.

ჟურნალისტებმა პიკეს კითხვა დაუსვეს, თვლიდა თუ არა იგი არბელოას მეგობრად, რაც ასეთი პასუხი მიიღეს:

“არბელოას, რომელსაც ვიცნობ, ჩემს მეგობრად არ ვთვლი”.

საგულისხმოა, რომ პიკემ ამ წინადადების თქმისას ახსენა ესპანური სიტყვა “conocido”, რაც თარგმნილია, როგორც “ვიცნობ”, თუმცა “ბარსას” მცველმა ეს სიტყვა პაუზით თქვა – “cono…cido”, რაც ესპანურად შეურაცხმყოფელ ფრაზად აღიქმება.

 

რამოსმა “რეალის” დაცინვისთვის პიკეს პასუხი მოსთხოვა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) მადრიდის “რეალმა” დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა, რის გამოც “სამეფო კლუბი” შესაძლოა, ტურნირიდან მოხსნან.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე, რომელმაც “რეალის” მიმართ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.

კატალონიური გუნდის ფეხბურთელის ეს რეაქცია არ მოეწონა “ბლანკოსის” მცველ სერხიო რამოსს. როგორც ესპანური რადიოსადგური Onda Cero იტყობინება, ამ უკანასკნელს პიკესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მას პასუხიც მოსთხოვა.

წყაროს ცნობით, პიკემ ასეთი პასუხი გასცა: “შენ მე მიცნობ. ეს ფაქტი სასაცილოდ მეჩვენა”.

სერხიო რამოსი ამ პასუხით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ დარჩებოდა.

 

პიკე: “მესი და ინიესტა გვაკლდნენ, მაგრამ ეს არ გვამართლებს”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-7 ტურში “ბარსელონა” გასვლაზე “სევილიასთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მარცხის მიზეზებზე კატალონიური გუნდის მცველმა ჟერარ პიკემ ისაუბრა.

“სანაკრებო პაუზის შემდეგ მოგებები უნდა დავიწყოთ და საკუთარ თავს ასეთი წაბორძიკების უფლება არ უნდა მივცეთ. “ბარსელონა” სათავეში უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, მესი და ინიესტა გვაკლდნენ, თუმცა “სევილიასაც” ჰყავდა ტრავმირებული ფეხბურთელები და ამით თავს ვერ გავიმართლებთ”, – პიკეს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)

ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით ჩატარებულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გოლი უეინ რუნიმ გაიტანა. მეორე ნახევრის შუაწელს შეცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგორმა “წითელი ეშმაკების” უპირატესობა გაზარდა. შეხვედრის ბოლოს ჯერ რაფინიამ გაიტანა, შემდეგ კი ადნან იანუზაიმ.

გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.


 

მესი და პიკე “მალაგასთან” მარცხის შემდეგ კაზინოში გაერთნენ

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ და თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში შინ “მალაგასთან” განცდილი მარცხიდან (0:1) მეორე ღამე კატალონიის ერთ-ერთ კაზინოში გაატარეს. მათ თან ლონდონის “არსენალის” მოქმედი და “ბარსას” ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ახლდა.

თავად პიკემ ეს ინფორმაცია “მანჩესტერ სიტისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია მადრიდის “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს მიერ საკუთარი 30-ე იუბილეს პომპეზურად აღნიშვნამ.