ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მისაღებად მზად არ არის?

დაახლოებით ხუთ თვეში ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, თუმცა სამხრეთ ამერიკიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება. 2013 წლის ბოლოს ქვეყანას ტურნირის მასპინძელი ყველა სტადიონი უნდა ჩაებარებინა, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოები არენათა საერთო რაოდენობის მხოლოდ ნახევარზეა დასრულებული.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ტურნირის მასპინძელი მხარის გაკრიტიკებას არ მოერიდა.

„ბრაზილია ახლაღა მიხვდა, რა არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება. იმ დროიდან მოყოლებული, რაც მე მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოს ვხელმძღვანელობ, ფიფა საქმის ასეთი გაჯანჯლების წინაშე არასდროს დამდგარა. მათ მუშაობა გაცილებით გვიან დაიწყეს. არადა, ბრაზილია ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტურნირის მოსამზადებლად მთელი შვიდი წელიწადი მიეცა“, – შვეიცარიული გამოცემა „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ სიტყვებით გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტმა ტურნირის ორგანიზატორები.

გარდა ამისა, ზეპ ბლატერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ბრაზილიის უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტმა კვლავ მოიცვას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები, როგორც ეს 2013 წელს გამართული კონფედერაციის თასის გათამაშების მიმდინარეობის დროს მოხდა.

„ახალი დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების მოლოდინში ვართ, მაგრამ მე ამაზე არ ვნერვიულობ. მჯერა, რომ ბრაზილიელები ფეხბურთს თავდასხმის სამიზნედ არ აირჩევენ. ფეხბურთი მათთვის რელიგიაა“, – აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერი: „მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ“

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ.

რომში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებში შედის.

„ფიფაზე ზეწოლას ორი ქვეყანა ახორციელებდა: საფრანგეთი და გერმანია. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ამ სახელმწიფოების მეთაურებმა უნდა ახსნან, რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე. ფიფაზე ყველაფრის გადაბრალება ადვილია. ჩვენ ნაწილობრივ ვართ პასუხისმგებელნი ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზეპ ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. ევროპარლამენტარების თქმით, ფიფას პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება.

ბექა დოგრაშვილი

რამდენი ნაკრები ითამაშებს 2018 წლის მუნდიალზე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდას სთავაზობს.

უეფას პრეზიდენტის მოულოდნელი შემოთავაზება, ალბათ, ფიფას ხელმძღვანელის, იოზეპ ბლატერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე აფრიკისა და აზიის წარმომადგენელთა გაზრდა ევროპის კვოტის შემცირებით არ გამორიცხა.

„ბატონ ბლატერს სრულიად ვეთანხმები. ტურნირში უფრო მეტი აფრიკული და აზიური ნაკრები უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ევროპული ნაკრებების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, მონაწილეთა ოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლებელია, დავამატოთ ორი ნაკრები აფრიკიდან, ორი – აზიიდან, ორი – ამერიკიდან, ერთი – ოკეანეთიდან და ერთიც – ევროპიდან“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „თაიმსი“.

უეფას პრეზიდენტის წინადადება განსხვავებულად შეიძლება გავიგოთ: როგორც ბლატერის მხარდაჭერა და ევროპისთვის ადგილების შენარჩუნების მცდელობა; ან როგორც სურვილი, გვიჩვენოს ბლატერის იდეის აბსურდულობა. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ფრანგის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარ წინასაარჩევნო ნაბიჯად.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად 13 გუნდი ასპარეზობდა, შემდეგ მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მოგვიანებით ტურნირი 24 ნაკრებამდე გააფართოვეს, ბოლოს კი – ჩემპიონატმა დღევანდელი სახე მიიღო. ახლა ევროპას 13 ადგილი აქვს, აფრიკას – 5, აზიას – 4 პლუს შესაძლებლობა სამხრეთ ამერიკას ერთი ადგილი აართვას.

დღეს არსებული ფორმატით, 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდება (თითოეულში 4 ნაკრები). პლატინის პროექტი, თუ შეიძლება ამას პროექტი დავარქვათ, გულისხმობს თითოეული ჯგუფის 5 გუნდამდე გაფართოებას. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა პლანეტის პირველობის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

„ფეხბურთი იცვლება, უკვე 209 ფედერაცია არსებობს, – საუბრობს პლატინი. – თუ ფიფას წევრთა რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა შევიზღუდოთ? 40 გუნდი ცუდი არ არის. ტურნირის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღით გაიზრდება. სამაგიეროდ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან“.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ განიხილავს პლატინი კოლეგებთან ერთად თავის იდეას. ის დარწმუნებულია, რომ მხარს დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ ზეპ ბლატერმა პლატინის იდეის შესახებ არაფერი იცოდა. პირად საუბრებში ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს. ისე გამოვიდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ბლატერს  თავისი ინოვაციის შესახებ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით ამცნო.

ბექა დოგრაშვილი