მასკერანო: “ბარსელონამ” ფეხბურთისადმი ჩემი შეხედულება შეცვალა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ კატალონიურ გუნდში თამაშის სპეციფიკაზე ისაუბრა.

“ბარსელონამ” ფეხბურთისადმი ჩემი შეხედულება შეცვალა. აქ თავისუფალი დრო არასდროს არ გაქვს, მიღწეულით არასდროს არ კმაყოფილდები. ყოველთვის ემზადები მომდევნო მატჩისთვის, მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს.

მეორეს მხრივ, დიდი სიამოვნებაა ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეტსი არიან.

არ ვიცი, როდის დავბრუნდები არგენტინაში. სამშობლოში ცხოვრება მინდა, იქაურობა მენატრება”, – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს “ასი”.

 

მასკერანომ შესაძლოა, “ელ კლასიკო” გამოტოვოს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში “ბარსელონასა” და “ეიბარს” შორის გამართულ მატჩში კატალონიელთა ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს.

არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლოა, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ. ასეთ შემთხვევაში მასკერანო ესპანეთის სამეფო თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ვილიანოვენსესთან” ჩასატარებელ მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა, საკუთარ გუნდს ვერც პრიმერადივიზიონში “ხეტაფეს”, “ვილიარეალისა” და მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი “ელ კლასიკო” 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 (ადგილობრივი დროით 18:15) საათზე დაიწყება.

 

“რივერ პლეიტს” მასკერანოს დაბრუნება სურს

Sport Mediaset-ის ცნობით, არგენტინული “რივერ პლეიტის” მესვეურები “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს დაბრუნებაზე ფიქრობენ.

არგენტინელები გეგმავენ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მოთამაშე მწვრთნელის პოსტზე დანიშნონ. წყაროს ცნობით, “რივერ პლეიტის” ხელმძღვანელობა მასკერანოსთან მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როდესაც კლუბის ამჟამინდელ თავკაც მარსელო გალიარდოს მოქმედი კონტრაქტის ვადა ამოეწურება. ცნობისთვის, მათ შორის შრომითი ხელშეკრულება 2017 წლამდეა დადებული.

ხავიერ მასკერანო “რივერ პლეიტის” აღზრდილია და იგი კლუბის ღირსებას 2005 წლამდე იცავდა.

 

მასკერანო “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი გახდა

“ბარსელონას” მესამე ვიცე-კაპიტანი გუნდის ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა. “ასის” თანახმად, ამის შესახებ კატალონიელთა მორიგ ვარჯიშზე გაცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის “ალ სადში” გადასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური ანდრეს ინიესტას ჩააბარეს, პირველი ვიცე-კაპიტნები კი ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი არიან.

“ბარსელონა” უახლოეს ოფიციალურ მატჩს თბილისში გამართავს, სადაც უეფას სუპერთასისთვის “სევილიას” შეეცილება.

 

მასკერანოს ანტირეკორდი

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.

 

მასკერანომ სუარესი ეტოოს შეადარა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბლაუგრანას” ყოფილ ფორვარდ სამუელ ეტოოს შეადარა.

“მოხარული ვარ, რომ სუარესი ასე სწრაფად გადის ადაპტირებას გუნდში, განსაკუთრებით კი – შეტევით ხაზში, რაც ერთობ რთულია. თავისი მახასიათებლებით ის “ბარსელონაში” ბოლო წლებში მოთამაშე თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტად ეტოოს მაგონებს. ლუისი მუდმივად ურტყამს, არ უშინდება მეტოქე გუნდის მცველებს. მოწინააღმდეგეები ხვდებიან, რომ მისგან მთელი მატჩის განმავლობაში მოსვენება არ ექნებათ”, – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს TyCSports-ი.

 

მასკერანო: “აგუეროს და მესის ერთმანეთთან შედარება არამართებულია”

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო თვლის, რომ “მანცესტერ სიტის” თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ლიონელ მესისთან შედარება არამართებულია.

“სერხიოც და ლეოც დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელები არიან. აგუეროს გოლების გატანა კარგად გამოსდის, თუმცა მესისთან მისი შედარება არამართებულია, რადგან ლეო საუკეთესოა. მისი დონის მოთამაშე არ მოიძებნება.

რაც შეეხება “მანჩესტერ სიტის” თავკაცს, მანუელ პელეგრინი დიდებული მწვრთნელია, მას დიდ გუნდებში უმუშავია. პელეგრინი მშვიდი სპეციალისტია, რომელსაც ფეხბურთელები იოლად უგებენ”, – მასკერანოს სიტყვები A Bola-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონას” მეტოქე სწორედ “მანჩესტერ სიტია”. წყვილის პირველი მატჩი “ეტიჰადზე”, 24 თებერვალს გაიმართება.

 

მასკერანო რონალდუს გამოექომაგა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა, რომელმაც “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ იუბილე პომპეზურად აღნიშნა. ამის გამო პორტუგალიელი ფეხბურთელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. არ მომეწონებოდა, ვინმეს ჩემთვის რომ მიეთითებინა, თუ როგორ გამომეყენებინა თავისუფალი დრო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მოედანზე და კამერის წინ კი პროფესიონალები გახლავართ. ამასთან, ჩვენ პირადი ცხოვრებაც გვაქვს. ჩვენ ამის უფლება გაგვაჩნია და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს”, – მასკერანოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

მასკერანო „ნაპოლიში“ გადასვლას არ აპირებს

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, იგი უახლოეს მომავალში „ნაპოლიში“ გადავა, სადაც მისი ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი მუშაობს.
„ბენიტესთან კავშირი ყოველთვის მქონდა. ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ გადასვლამდე, „ინტერთან“ კონტრაქტის გაფორმასთან ახლოს ვიყავი. მაშინ, მილანურ კლუბში სწორედ ბენიტესი მუშაობდა. გადავიდოდი თუ არა ნეაპოლში? კატალონიაში ყველაფერი მაწყობს და ბენიტესმა ამის შესახებ კარგად იცის“, – განაცხადა არგენტინელმა მოთამაშემ.
ალექსანდრე მატევოსოვი