მესი: “დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

“დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა”, – დაწერა სოციალურ ქსელში მესიმ.

იოჰან კრუიფი ხუთშაბათს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა.

იოჰან კრუიფი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მას სამჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” — 1971, 1973 და 1974 წლებში.

კრუიფმა “აიაქსის” შემადგენლობაში რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, სამჯერ ჩემპიონთა თასი, “ბარსელონას” რიგებში ერთხელ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

 

კრუიფი: “გვარდიოლას ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე უფრო გამიხარდებოდა”

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლას ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უფრო გაუხარდებოდა, ვიდრე “მანჩესტერ სიტის” თავკაცის პოზიციაზე.

“მინდოდა, რომ გვარდიოლა სათავეში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩადგომოდა. ამ კლუბს უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე “მანჩესტერ სიტის”.
სამაგიეროდ, ახლა “სიტის” თავკაცის პოსტზე სამუშაოდ პეპისთვის ყველაზე კარგი დრო არის, ვინაიდან მას ძლიერი გუნდის შესაქმნელად საჭირო ფინანსები და სურვილი ექნება”, – ციტირებს კრუიფის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლა ახალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” გაუძღვება.

 

იოჰან კრუიფს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელ იოჰან კრუიფს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამსტერდამის “აიაქსი” ოფიციალურად ადასტურებს.

დღეს ეს ცნობა ესპანურ პრესაში გავრცელდა, რის შემდეგაც “აიაქსის” დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“კრუიფის აგენტს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ იოჰანს მართლაც აქვს ფილტვის სიმსივნე. ეს დიაგნოზი სულ ახლახან დაუსვეს, ამიტომ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. კლუბის სახელით იოჰანსა და მის ოჯახს დიდ ძალას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.

იოჰან კრუიფი 68 წლის გახლავთ. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. კრუიფს სამჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” — 1971, 1973 და 1974 წლებში.

კრუიფმა “აიაქსის” შემადგენლობაში რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, სამჯერ ჩემპიონთა თასი, “ბარსელონას” რიგებში ერთხელ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

მოთამაშის კარიერის შემდეგ ხელი სამწვრთნელო მუშაობას მიჰყო. წვრთნიდა “აიაქსსა” და “ბარსელონას”. კატალონიურ გუნდთან ერთად ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა.

Cruyff

იოჰან კრუიფი აქტიური მწეველი გახლდათ. ჰოლანდიელი დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა. 1991 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მოწევას თავი დაანება.

კრუიფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა:

“ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, თამბაქომ კი თითქმის ყველაფერი წამართვა”.

 

კრუიფი: “ბარსელონამ” “რეალს” აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო სწორად”

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი თვლის, რომ მადრიდის “რეალმა” წლევანდელი სეზონი ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის გამო ჩააგდო. ჰოლანდიელის აზრით, კატალონიურმა გუნდმა მის უშუალო კონკურენტს აჩვენა, თუ როგორ უნდა იმუშაო სწორად.

“რეალმა” ის მოთამაშეები არ დაიმატა, რომლებიც სინამდვილეში სჭირდებოდა. მე ასე ვფიქრობ. სისტემამ ისე ვერ იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ტრანსფერებზე ვსაუბრობ.

“ბარსელონამ” კი, რომლისთვისაც გასული სეზონი წარუმატებელი იყო, აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო სწორად. გუნდმა ეს სეზონი შესანიშნავად განვლო და ასი პროცენტით დაიმსახურა საჩემპიონო ტიტული”, – კრუიფის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

კრუიფი: “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარული კლუბია, ვიდრე მიუნხენის “ბაიერნი”. მისი თქმით, ასეთი ვითარება სრულიად ბუნებრივია.

“გლობალური მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”. მაგალითად, სამხრეთ ამერკაში ყველა უყურებს ესპანეთის ჩემპიონატს. იქ “ბარსელონა” გაცილებით ფასეული კლუბია, ვიდრე “ბაიერნი” და ასე იქნება ყოველთვის”, – ციტრებს კრუიფის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ღირსებას 1973-დან 1978 წლამდე იცავდა. 1988–1996 წლებში კი, ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ამპლუაში თავკაცობდა.

 

განსხვავება კრუიფისა და ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიებს შორის

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიას.

“საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ბევრი საერთო არ გვაქვს. კი ბატონო, ორივენი ჰოლანდიელები ვართ და ძირითადი ცნებები მსგავსი გვაქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ გუნდმა უნდა ითამაშოს სწრაფი ფეხბურთი და ბურთსაც უნდა ფლობდეს.
შესაძლოა, ვან გაალმა ჩემზე მეტი იცის, მაგრამ მე მინდა, რომ ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ. როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, გუნდმა პრესინგს უნდა მიმართოს, რათა ის დაიბრუნოს. ეს თავდაცვითი ხერხიც არის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ბურთის ფლობაა”, – კრუიფის სიტყვებს “დეილი მეილი” აქვეყნებს.

ცნობისათვის, ვან გაალის “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსს” უმასპინძლებს. მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”, კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

კრუიფი: “ადრე ფლეიმეიქერებს “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა ამას “რეალი” აკეთებს”

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა მადრიდის “რეალს” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბმა” ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესის დამატება მოახერხა.

“კროოსი “ბაიერნის” და გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას შესანიშნავად შეუძლია გუნდის თამაშის წაყვანა. ხამესიც გასაოცარი ფლეიმეიქერია. ადრე ასეთ მოთამაშეებს ძირითადად “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა კი ამას “რეალი” აკეთებს”, – ციტირებს კრუიფის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფს “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს.

 

კრუიფი: „ვინც ჩავის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საჭიროებას განიხილავს, სულელია“

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა იოჰან კრუიფი ამბობს, რომ ჩავი ერნანდესი კვლავაც დიდ სარგებელს მოუტანს „ბარსელონას“, ხოლო ის, ვისაც ესპანელი ფეხბურთელის კატალონიურ გუნდში დარჩენის საჭიროებაში ეჭვი ეპარება, სულელია.

„ჩავი მომდევნო სეზონშიც პროდუქტიული იქნება. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ის, ვინც მის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს, სულელია“, – კრუიფის სიტყვებს barcastuff-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 1998 წლიდან გამოდის.

 

კრუიფმა, მარტინო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ზეწოლას განიცდისო

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას აგრძელებს. ჰოლანიელი სპეციალისტის თქმით, „ბარსელონას“ თავკაცი ხერარდო მარტინო გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდულია, რადგან ის კლუბის ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„მარტინომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ „ბარსელონას“ თავკაცი მთავარი ფიგურა არ გახლავთ. ძალიან რთულია, როდესაც რაიმეს გაკეთება გინდა და ამის უფლებას რაღაც მიზეზის გამო არ გაძლევენ. დიდი ხანია, „ბარსელონას“ ასეთი გეზი აქვს აღებული და რაც დრო გადის, ეს ყველაფერი მით უარეს სახეს იღებს“, – კრუიფის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კრუიფი: „ბარსელონას“ პრობლემა ნეიმარია“

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი და თავკაცი იოჰან კრუიფი თვლის, რომ კატალონიური კლუბი ზედმეტად დიდ ხელფასს უხდის ნეიმარს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გუნდის მიკროკლიმატზე.

„ბარსელონას“ პრობლემა ნეიმარია. ის მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ არ შეიძლება, ახალგაზრდა ბიჭი უფრო დიდ ხელფასს იღებდეს, ვიდრე ის მოთამაშეები, რომლებმაც გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს. 21 წლის ასაკში ღმერთივით ვერავინ ვერ თამაშობს. გარდა ამისა, „ბარსელონას“ ჰყავს ლეო მესი. შეუძლებელია, რომ კლუბისთვის ნეიმარი მესიზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. როცა 26 წლის გახდება ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა – 21 წლის ასაკში“, – კრუიფის სიტყვები „მუნდო დეპორტივომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013/2014 წლების სტარტზე გადავიდა და მაშინვე კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცა.

ბექა დოგრაშვილი

მამები და შვილები – კრუიფები

მამა – იოჰან კრუიფი        შვილი – ორდი კრუიფი

ფეხბურთის გენიოს შვილთა შორის ჟორდი ალბათ, ყველაზე ცნობილი და ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. სხვათა შორის, იოჰან კრუიფმა შვილს ჟორდი კატალონიის მფარველის პატივსაცემად დაარქვა.

“ბარსელონას” აღზრდილს, რომელსაც პირველ გუნდში გადანაცვლებას უწინასწარმეტყველებდნენ, მამასთან შედარება არასდროს მოსწონდა:

“მე არ ვარ მეორე იოჰანი, მე პირველი ჟორდი ვარ. იმავე დონეზე თამაში მმართებს, როგორი მაჩვენებელიც მამას ჰქონდა. მისი სახელი ჩემთვის დიდი პრობლემაა”.

თავის მხრივ, იოჰან კრუიფს, რომელიც “ბარსას” მწვრთნელად მუშაობდა, პროტექციონიზმში დასდეს ბრალი. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ხოსე-ლუის ნუნიესმა აღნიშნა, რომ კრუიფი-უფროსი ცდილობს, ძირითად შემადგენლობაში მოახვედროს შვილი, რომლის თამაშიც არ შეეფერება “ბარსელონას” დონეს. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი ნუნიესის მხრიდან აღნიშნული ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

საბოლოო ჯამში, კრუიფები “ბარსელონას” თბილად დაშორდნენ: 1995/96 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მამა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, შვილმა კი, რომელმაც კატალონიური გრანდის რიგებში 4 წელიწადში 54 მატჩი ჩაატარა, ინგლისს მიაშურა. 22-წლის შემტევი ნახევარმცველი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების განაცხადში შეიყვანეს. შემდეგ იყო “მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც კრუიფი ჯამაგირის სახით სეზონში 1,4 მილიონ ფუნტს იღებდა. მიუხედავად მაღალი ხელფასისა, “ოლდ ტრაფორდზე” ჟორდის საქმეები კარგად არ წაუვიდა – 4 წელიწადში მხოლოდ 46 მატჩი ჩაატარა, ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამა.

ალბათ, კრუიფი-უმცროსმა კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი ესპანურ “ალავესში” გაატარა. გუნდთან ერთად 2001 წელს უეფას თასის ფინალამდე გააღწია, თუმცა დამატებით ტაიმში “ლივერპულთან” ანგარიშით 4:5 დამარცხდა. ამის შემდეგ იყო “ესპანიოლი”, დონეცკის “მეტალურგი” და კატალონიის ნაკრები.

36-წლის ჟორდიმ ფეხბურთელის კარიერა 2010 წელს მალტურ “ლა-ვალენტეში” დაასრულა, სადაც მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ითავსებდა. ახლა ის თელ-ავივის “მაქაბის” სპორტული დირექტორია. გარდა ამისა, ჟორდიმ ხელი ბიზნესაც მიჰყო, უშვებს ტანსაცმლის მოდელს, რომელსაც ამშვენებს წარწერა – “კრუიფი”.

ბექა დოგრაშვილი