მოურინიო: “ჩელსის” შესაძლოა წაეგო კიდეც”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “პენსიონერთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ძლიერ მეტოქესთან ფრე კარგი შედეგია.

“ჩელსის” შესაძლოა წაეგო კიდეც. ამიტომ, ფრე კარგი შედეგია. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერს საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს. ფრედ ვითამაშეთ ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც მეტად ტექნიკური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული”, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უპასუხებს.

 

მოურინიო: “საფრანგეთის ნაკრები მე უნდა მიმადლოდეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მას რაფაელ ვარანისა და კურტ ზუმას განვითარებისთვის სამადლობელი წერილი უნდა გაუგზავნონ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ვარანს მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა, ზუმას კი ამჟამად “ჩელსიში” ხელმძღვანელობს.

“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს მასშტაბით ორი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გამო მადლობის წერილი უნდა გამომიგზავნოს. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში ითამაშებენ ვარანი და ზუმა უმაღლეს დონეზე? ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამი ამით ბედნიერი უნდა იყოს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

 

გრანერო: “მოიესი და მოურინიო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან”

“რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის, დევიდ მოიესის მუშაობის მეთოდი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სტილს აგონებს. შეგახსენებთ, რომ გრანერო მადრიდის “რეალში” მოურინიოს თავკაცობით 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა.

“თითოეულ მწვრთნელს ახასიათებს თავისებურება, თითოეულ მწვრთნელს მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს, თუმცა მოიესი და მოურინიო იდეებსა და პროფესიონალიზმში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორივეს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის ყოველივე საუკეთესო გასცეს. მოურინიომ “რეალს” დიდება დაუბრუნა. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო განვვითარდი. მან მადრიდული კლუბი ევროპაში ყველაზე ძლიერ გუნდად აქცია”, – განაცხადა გრანერომ.

 

მოურინიო 25 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურნიო გადაცდომისთვის 25 ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმეს.

კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.

მოურინიომ მაშინ ეს განცხადება გააკეთა:

“ჩელსის” წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. არ ვიცი, რატომ ხორციელდება ეს ყველაფერი.

ყველამ იცის, რომ იმ მომენტში პენალტი იყო”.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ წუხელ გამართული განმეორებითი მატჩის (1:0 დ.დ.) შემდეგ, მოურინიომ იმ მიზეზით, რომ მას კვლავ დასჯიან, მსაჯებზე კომენტარი არ გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა წუხელ მთელ რიგ ეპიზოდებში გამოხატა არბიტრების მიმართ უკმაყოფილება.

 

პასტორე: “მოურინიო დიდებული მწვრთნელია, თუმცა ჩვენ “ჩელსი” დამარცხებული გვყავს”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.

“ჟოზე მოურინიო პატივსაცემი და აღმაფრთოვანებელი მწვრთნელია, თუმცა ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ “ჩელსის” დამარცხება შეგვიძლია. გასულ სეზონში ძალიან ვისიამოვნე, როდესაც ლონდონელებს ლამაზი გოლი გავუტანე. სამწუხაროა, რომ ის გოლი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ გვეყო”, – აღნიშნა პასტორემ.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი 17 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებითი კი – 11 მარტს, ლონდონში.

 

ანჩელოტი: “მოურინიოს მეთოდოლოგია ჩემსას ჰგავს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ამ დრომდე ეტყობა ჟოზე მოურინიოს ხელი.

“კარგად ვიცნობ მოურინიოს მეთოდოლოგიას. მისი მუშაობის სტილი ჩემსას ჰგავს, ის დიდ ყურადღებას უთმობს ბურთით ვარჯიშს.

როდესაც “რეალში” მოვედი, მასზე ცუდი არაფერი გამიგია. არ ვიცი, რა მოხდა მასსა და ფეხბურთელებს შორის. როდესაც ახალი ციკლი დავიწყე, მოუსა და მოთამაშეებს შორის მომხდარი უკვე დავიწყებას იყო მიცემული”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს tribalfootball-ი.

 

მოურინიო: “იმედია, “სტემფორდ ბრიჯზე” იმ ემოციის 25 პროცენტი მაინც იქნება, რაც “ენფილდზე” იყო”

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “პენსიონერთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ განმეორებით შეხვედრაში მის გუნდს ქომაგები მხარს აქტიურად დაუჭერენ.

“თუ “სტემფორდ ბრიჯზე” იმ ემოციის 25 პროცენტი მაინც იქნება, რაც “ენფილდზე” იყო, შანსი გვექნება. განმეორებით მატჩს “ლივერპულის” ხუთი-ათი ათასი ქომაგი დაესწრება და არა – 40 ათასი”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “მეტრო”.

“ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება.

 

მოურინიოს გადაცდომაში სდებენ ბრალს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გადაცდომაში სდებს ბრალს.

კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინაარმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.

13 იანვრამდე მოურინიოს აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხის გაცემის უფლება აქვს, რის შემდეგაც საქმის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ.

 

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

მოურინიომ “ჩელსის” ფანებს მოუბოდიშა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ფანებს რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული განცხადების გამო მოუბოდიშა. მაშინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქომაგებს აქტიურობა დაუწუნა და თქვა, რომ მატჩების მიმდინარეობის დროს ხანდახან თავი ცარიელ სტადიონზე ჰგონია.

“დღეს სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო სრულიად არ შეესაბამებოდა აქამდე არსებულ სიტუაციას. მე ფულს ვიღებ იმისთვის, რომ გუნდი გავწვრთნა და გავამარჯვებინო და არა იმისთვის, რომ ფანები ვაკრიტიკო. გულწრფელად ვწუხვარ ჩემ მიერ ორი კვირის წინათ თქმული ფრაზის გამო. დღეს გასაოცარი ქომაგობა იყო”, – მოურინიოს სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში “ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

ლაპორტამ “ბარსელონაში” მოურინიოს შესაძლო მიწვევაზე კომენტარი გააკეთა

2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც აპირებს კენჭისყრას.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება და ამის შესახებ მას პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტ ჟორჟე მენდეშთან საუბარიც ჰქონდა, თუმცა ლაპორტამ ეს ცნობა უარყო.

“მომწონს იოჰან კრუიფის სამწვრთნელო ფილოსოფია. რაც შეეხება მოურინიოს, ის პროფესიონალია, პატივს ვცემ, მაგრამ ჟორჟე მენდეშთან საუბრისას მისი სახელი არც მიხსენებია. მოურინიოს აგენტს კარგად ვიცნობ, ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს და ხანდახან სხვადასხვა თემებს განვიხილავთ ხოლმე”, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Goal.com-ი.

 

მოურინიომ შესაძლოა, 2016 წელს “ბარსელონა” ჩაიბაროს

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბრიტანული “დეილი ექსპრესი” წერს, რომ შესაძლოა, 2016 წელს ლონდონის “ჩელსის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბარსელონა” ჩაიბაროს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს კატალონიური გუნდის თავკაცის პოსტზე ჟოან ლაპორტა ხედავს, რომელიც 2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ლაპორტას ნათქვამიც აქვს, რომ მოურინიოს დიდ პატივს სცემს და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობაც აქვს.

წყაროს ცნობით, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება, თუმც რამდენად დათანხმდება პორტუგალიელი შემოთავაზებას, ეს სხვა საქმეა.