კლოპი: “ლივერპულმა” ამ კვირაში ოთხი “ახალწვეული” დაიმატა”

“ლივერპულის” ბანაკიდან სასიხარულო ამბები მოისმის. მერსისაიდული გუნდის ლაზარეთი თანდათან ცარიელდება და იურგენ კლოპსაც ხუმრობის საბაბი მიეცა.

“მარტინ შკრტელს მომჯობინებისთვის ორი-სამი დღე დარჩა. დივოკ ორიგიმ, ფილიპე კოუტინიომ და დანიელ სტარიჯიმ უკვე უნდა დაიწყონ ვარჯიში. ეს სასიხარულო ამბავია. აი, ეს არის ამ კვირაში ჩვენ მიერ განხორციელებული ტრანსფერები. “ლივერპულს” ოთხი “ახალწვეული” ჰყავს”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ბიბისი”.

 

კლოპმა “ლივერპულის” პრესატაშეს იუბილე სიმღერით მიულოცა (ვიდეო)

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე კლუბის პრესატაშე მეთიუ ბაქსტერს იუბილე დაბადების დღის აღმნიშვნელი სიმღერით მიულოცა.

კლოპი: “ჩვენთვის ევროპის ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განცხადა, რომ მისი გუნდისთვის ევროპის ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია.

“ლივერპულში” უკვე ოთხი კვირაა, ვმუშაობ, თუმცა ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი ჩემად მოვიხსენიო.

ევროპის ლიგა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია. აზრადაც არ მოგვსვლია ევროპის ლიგის უბრძოლველად დათმობა. გვინდა, რომ რაც შეიძლება შორეულ ეტაპამდე გავაღწიოთ”, – განაცხადა კლოპმა.

 

კლოპმა “ლივერპულის” მოთამაშეების მეუღლეებს საწვრთნელ ბაზაზე მისვლა აუკრძალა

“ლივერპულის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბის ფეხბურთელების მეუღლეებსა და გელფრენდებს მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე მისვლა აუკრძალა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მელვუდი საოჯახო შეკრების ადგილი არ არის და ის წმინდა საფეხბურთო ლოკაციად უნდა დარჩეს. სწორედ ასეთი მიდგომა ჰქონდა კლოპს დორტმუნდის “ბორუსიაშიც”.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლამდე გაფორმდა.

 

ლევანდოვსკი: “კლოპისთვის პრემიერლიგა იდეალური არჩევანია”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

“კლოპი იდეალურად ერგება პრემიერლიგას. მას საკუთარი პოზიტიური აზროვნებით “ლივერპულში” ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ვფიქრობ, მისი გუნდი ძალიან კარგად ათამაშდება და გაიმარჯვებს. პირადად მე კლოპს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. გუნდს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მან იცის, თუ როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს. “ლივერპული” და მთლიანად პრემიერლიგა მისთვის საუკეთესო არჩევანია”, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ფერგიუსონი: “ლივერპულში” კლოპის მისვლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა. შოტლანდიელის თქმით, კლოპი მერსისაიდულ გუნდში წარმატებას მიაღწევს.

“დიდი ხანია, იურგენს ვიცნობ და მისი შესწავლაც მოვასწარი. კლოპი ძლიერი, ჯიუტი პიროვნებაა. “ბორუსიაში” მისი განვლილი კარიერა ბევრ რამეზე მეტყველებს. ფსკერიდან დაიწყო და მწვერვალზე ავიდა. დარწმუნებული ვარ, კლოპი “ლივერპულში” თავს კარგად წარმოაჩენს. სიმართლე გითხრათ, ნერვიულობა დავიწყე”, – ფერგიუსონის სიტყვები ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

კლოპი: “ისეთი გუნდი უნდა გავხდეთ, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნება”

გუშინ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა. დღეს ცნობილი გახდა მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დეტალები. გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი სქემით “3+1” გააფორმა. მისი წლიური ჯამაგირი ხუთი მილიონი ფუნტ სტერლინგით განისაზღვრა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ან პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, ანაზღაურება შესაძლოა, გაიზარდოს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კლოპმა განაცხადა, რომ “ლივერპულს” ყველაფერი აქვს მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და ამას ლამაზი ფეხბურთის ჩვენებით აპირებს.

“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი “ლივერპულის” ხელმძღვანელობას ჩემი და ჩემი კოლეგების ნდობისთვის. ასევე იმისთვის, რომ მან მოგვცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულიად ახალ დონეზე წარმოვაჩინოთ. მათ მე წარმომიდგინეს კლუბის განვითარების თავიანთი ხედვა. სრულად ვიზიარებ მათ ამბიციასა და საქმისადმი მიდგომას.

გუნდში ბევრი ბრწყინვალე და ნიჭიერი შემსრულებელია და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლებთ.

ყველამ იცის, რომ ფეხბურთში მნიშვნელოვანია გამარჯვება, თუმცა საქმე მხოლოდ მოგებაშიც არაა, ისიც საინტერესოა, თუ როგორ გაიმარჯვებ. ჩემი ფილოსოფიით, ფეხბურთი ლამაზი და ემოციური, სწრაფი და მკაცრი, სულაც უხეში უნდა იყოს. ჩემი გუნდი ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯება, თითოეულ მატჩში მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს.

მნიშვნელოვანია ახალი ფილოსოფიის დამკვიდრება, რომელიც კლუბის სტატუსს ასახავს, მისცემს სახასიათო ნიშანს და წინსვლის საშუალებას. არც ტაქტიკა უნდა დავივიწყოთ. ტაქტიკა ნათელი და ემოციური უნდა გვქონდეს.

მე აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა “ლივერპულის” პოტენციალის. დღესდღეობით ჩვენ არ ვართ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს? მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვინდა, უახლოეს პერიოდში გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა ამას თანდათანობით მოვაგვარებთ. მშვენიერი მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს. აქ ოთხი წლის განმავლობაში თუ ვიქნები, ვფიქრობ, ერთ ტიტულს მაინც მოვიგებ.

თანამედროვე ფეხბურთში ყველა დიდი გუნდი ცდილობს ბურთის კონტროლს. პირველ რიგში, დაცვაში უნდა დავლაგდეთ. გვინდა, გავხდეთ ისეთი გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნება. ვერ ვიტყვი იმას, რომ “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ფანები სრულიად ახალ “ლივერპულს” იხილავენ, თუმცა ჩვენ ამას შევეცდებით.

“ლივერპულს” გამორჩეული ფანობა ჰყავს, “ენფილდი” კი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც საოცარი ატმოსფერო აქვს. ერთმანეთის დახმარებით ჩვენ შევძლებთ მწვერვალების დაპყრობას”, – კლოპის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოფიციალურად: კლოპი “ლივერპულის” თავკაცია

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა. გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდთან კონტრაქტს ხელი ხუთშაბათს მოაწერა, პარასკევს დილით კი მისი დანიშვნის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია ჩატარდება.

როგორც მოგეხსენებათ, “ენფილდროუდელთა” თავკაცის პოსტი მერსისაიდული დერბის შემდეგ გახდა ვაკანტური. კლუბმა ბრენდან როჯერსი 4 ოქტომბერს გაათავისუფლა.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა ხნით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. არაოფიციალური ცნობით, მხარეებმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი მანამდე დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობდა. გუნდმა მისი თავკაცობით ორჯერ მოიგო გერმანიის ბუნდესლიგა, დაეუფლა ქვეყნის თასს, სამჯერ დაისაკუთრა სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც უწია.

 

კლოპი “ლივერპულთან” შეთანხმდა

დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი და მისი თანაშემწე, ბოსნიელი მწვრთნელი ჟელკო ბუვაჩი “ლივერპულში” მუშაობის გაგრძელებასთან ახლოს არიან.

ბოსნიური გამოცემა Pravdab-ი იუწყება, რომ მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ინგლისის პრემიერლიგის საწყისი შვიდი ტურის შედეგებით, მერსისაიდულ გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიცია უკავია.

 

იურგენ კლოპს კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს

Sky Sports-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კარიერის ინგლისში გაგრძელების ვარიანტებს განიხილავს.

წყაროს თანახმად, ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის ჩაბარებაზე ფიქრობს, თუმცა იქვე ისიც იწერება, რომ კლოპს კონკრეტული წინადადებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც “ლივერპულისგან”, რომელმაც უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ბრენდან როჯერსი გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, რომ კლოპის თავკაცობით დორტმუნდის “ბორუსია” ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი, ორჯერ კი სუპერთასს დაეუფლა. გარდა ამისა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

 

კლოპი: “აუცილებელი არ არის, რომ ტოპკლუბი ჩავიბარო”

დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ აუცილებელი არ არის, ტოპკლუბი ჩაიბაროს.

“აუცილებელი არ არის, რომ ტოპკლუბი ჩავიბარო. სხვა ბევრი გუნდი არსებობს, რომელსაც დახმარება სჭირდება. ბევრ ადამიანს ვხვდები, ინფორმაციას ვეცნობი.

არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ამას ერთად ვნახავთ. როგორც წესი, ცხოვრებაში ყველაფერს ვგეგმავთ, თუმცა მომავალი წლისთვის მე არავითარი გეგმა არ მაქვს. არ ვიცი, სად და როდის გავაგრძელებ სამწვრთნელო კარიერას, თუმცა ვიცი, რომ გაგრძელება იქნება”, – კლოპის სიტყვები გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.

არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.