ძანეტიმ კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა

მილანის “ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. არგენტინელი ბუცემს ლურსმანზე მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დაკიდებს.

“ვგრძნობ, რომ ახლა კარიერის დასასრულებლად საუკეთესო მომენტია. ფეხბურთმა ძალიან ბევრი მომცა და ამ თამაშის ყველა მომენტისგან სიამოვნებას ვიღებდი. 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება შეუფასებელი რამ არის.

ფეხბურთის შემდეგი ცხოვრების არ მეშინია. რა თქმა უდნა, მოედანზე გასვლა, გასახდელები და გუნდური სულისკვეთება მომენატრება” – განაცხადა ძანეტიმ.

უბერებელი ძანეტი ფეხბურთიდან შეუცვლელი ვარცხნილობით მიდის

ამ კვირის დასაწყისში მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

არგენტინელი ფეხბურთელი „ნერიაძურის“ ღირსებას 22 წლის ასაკიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან მილანურ კლუბთან ერთად ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ კოპა იტალია, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასი, მოიპოვა უეფას თასი, გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

ქვემოთ „პანინის“ ფირმის სტიკერებია მოცემული, რომელზედაც ხავიერ ძანეტის ტრანსფორმაციაა აღბეჭდილი. ისე კი, ამას ტრანსფორმაცია ძნელად თუ დავარქმევთ, რადგან პირველ და ბოლო ფოტოებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ შეიმჩნევა. თითქოს, ძანეტის დაბერების პროცესი შეუჩერებიაო. თანაც, არგენტინელ ფეხბურთელს მთელი ამ ხნის განმავლობაში ვარცხნიბლობა არ შეუცვლია – მაშინ, როდესაც დევიდ ბექჰემს თითქმის ამ პერიოდის მანძილზე საშუალოდ 6,456 სხვადასხვა ვარცხნილობა ჰქონდა მორგებული.

ძანეტი: „სიმეონეს წარმატება არ მაკვირვებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტან ხავიერ ძანეტის თანამემამულე დიეგო სიმეონეს წარმატებები ახარებს.

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. საერთოდაც, მადრიდული კლუბი ბოლო ხუთ წელიწადში ევროთასებზე ფინალში მესამედ გავიდა (წინა ორი ფინალი ევროპის ლიგაზე ითამაშა და ორივე მოიგო). შეგახსენებთ, რომ სიმეონეს „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“ დაამარცხა. ხავიერ ძანეტი მოურინიოს თავკაცობით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში ორი წელი სიმეონეც იცავდა „ინტერის“ ღირსებას.

„ნერიაძურის“ კაპიტნის თქმით, სიმეონემ წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

„სიმეონეს, როგორც ჩემი მეგობრის, წარმატებები ძალიან მახარებს. ვიცი, რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მიკვირს, რომ დიეგომ ოცნება აისრულა.

მოურინიო დიდ მწვრთნელად დარჩება, მე მასთან ორი ფანტასტიური წელიწადი გავატარე“, – ძანეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

 

ძანეტი კარიერის დასრულებას აპირებს

“ინტერის” პრეზიდენმა განაცხადა, რომ გუნდის 40 წლის კაპიტანი ხავიერ ძანეტი კარიერას მიმიდნარე სეზონის ბოლოს დაასრულებს და კლუბის სტრუქტურაში გადაინაცვლებს სამუშაოდ.

“ძანეტის უკვე ბევრჯერ შევხვი. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ და სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბში იმუშავებს” – განუცხადა ტოჰირმა Football Italia-ს. 

შეგახსემებთ, რომ ძანეტი “ინტერის” შემადგენლობაში მე-19 სეზონს ატარებს. მილანურ კლუბში ფეხბურთელი 1995 წელს არგენტინული “ბანფილდიდან” გადავიდა.

 

ერიკ თოჰირი: „ჩვენ ძანეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“

ორიოდე დღის წინათ გაუწყებდით, რომ ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თავის გუნდში მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელის, ხავიერ ძანეტის ხილვა მოუნდა. პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილს „ნერიაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე ისე წარიმართება, როგორც თავად ძანეტის მოესურვება.

„ძანეტი ჩვენი გუნდის ლეგენდაა, ჩვენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უახლოეს თვეებში განვიხილავთ, გააგრძელებს ის კარიერას თუ კლუბის დირექტორი გახდება“, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Goal.com-ი.

ძანეტიმ, რომელმაც 2010 წელს მოურინიოს თავკაცობით ერთბაშად სამი ტიტული მოიგო, აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან ამ დრომდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

„მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვსაუბრობს, მაგრამ ამ თემაზე არასდროს არ გვილაპარაკია. მჯერა, „ინტერის“ ქომაგებმა იციან, რას ვგრძნობ ჩვენი კლუბის მიმართ. ჩემი თავისთვის ხშირად მითქვამს, რომ „ინტერი“ ჩემი ცხოვრებაა… მინდა, რომ აქ დავრჩე. მეტი არც არაფერია სათქმელი.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ვარ, ერთი ურყევი პოზიცია მაქვს: ორი შესაძლებლობაა – ან უნდა ითამაშო სასტარტო შემადგენლობაში, ან შეცვლაზე შეხვიდე. შესაძლებლობა მაქვს, გუნდს სარგებლობა კიდევ მოვუტანო, თუმცა ვფიქრობ, ისედაც ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიოს ძანეტი მოუნდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს “ჩელსიში” მილანის “ინტერის” კაპიტნის, ხავიერ ძანეტის ხილვა სურს.

უცხოური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ არგენტინელი კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს მაღალ დონეზე შემდეგ კი, კარიერას დაასრულებს “ჩელსის” სპორტულ დირექტორად დაინიშნება.

უახლოეს მომავალში იგეგმება ხავიერის და “ინტერის” პრეზიდენტის, ერიკ ტოჰირის შეხვედრა, სადაც 40 წლის ფეხბურთელის ბედი გადაწყდება. ძანეტი იტალიური კლუბის ღირსებას 1995 წლიდან იცავს.

ძანეტი, მილიტო და კამბიასო სეზონის ბოლოს „ინტერს“ დატოვებენ?

Football Italia-ის ცნობით, არ არის გამორცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანის „ინტერი“ ერთბაშად სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია ხავიერ ძანეტიზე, ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოზე.

კლუბის ახალი მფლობელი ერკ თოჰირი გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც შესაძლოა, აღნიშნული მოთამაშეები შეეწირნონ.

40 წლის ძანეტი, რომელიც „ინტერის“ ღირსებას 1995 წლიდან იცავს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას „ნერიაძურის“ კაპიტანი ზაფხულში აპირებს. 34 წლის მილიტოს „ინტერთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება, ახალ შრომით ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ სთავაზობენ. რაც შეეხება კამბიასოს, ის შესაძლებელია, დარჩეს კლუბში, თუმც ხელფასი გაუნახევრდება. ამ დროისთვის, მას ჯამაგირის სახით წელიწადში 4,5 მილიონი ევრო აქვს.

ბექა დოგრაშვილი

ხავიერ ძანეტი: „დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს?“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მოგვიანებით კი, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან კლუბი იყიდა.

„ეს წელი დავიწყეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენამდე მოიტანოს თავისი იდეები. ვმუშაობთ, რომ მის გეგმებს მივყვეთ. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარი მიზანი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაა.

პრეზიდენტი თოჰირი ნათელი იდეების მქონე პიროვნებაა. იმედი გვაქვს, რომ „ინტერს“ მაღალ პოზიციაზე დავაბრუნებთ. ვცდილობთ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მადლობას ვუხდი კლუბის ქომაგებს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ. მინდა, რომ მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – აღნიშნა ძანეტიმ.

40 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იმასაც, თუ როდის აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.

„რა არის ჩემი საიდუმლო? ვცდილობ, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია, თანაგუნდელებს დავეხმარო. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ვარ.

ვიმედოვნებ, რომ 2014 წელი ბედნიერი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს „ინტერი“ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, რაც ყოველ ჩვენთაგანს გაახარებს.

დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს? ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია, მოედანზე გუნდს სარგებელი მოვუტანო, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონეებს მაინც შევხვდები. მინდა თუ არა, რომ კვლავ ვითამაშო? დიახ, მინდა, მაგრამ წინ კიდევ ექვსი თვეა და მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „ინტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი: „კარიერას „ინტერში“ დავასრულებ“

„ინტერის“ ვეტერანმა ხავიერ ძანეტიმ არ იცის, თუ რამდენი ხნით გაგრძელდება მისი კარიერა, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ თამაშს სწორედ „ნერაძურიში“ დაასრულებს.

„მორატიმ თქვა, რომ თამაში 45 წლამდე შემიძლია? ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიმდინარე სეზონში მსურს, „ინტერს“ დავეხმარო, ხოლო რა იქნება მომავალში, ნამდვილად ვერ გეტყვით“, – აცხადებს არგენტინელი.

„კარიერას „ინტერში“ დავასრულებ, რადგან აქ ჩემი სახლია. იტალია – ჩემი მეორე სამშობლოა, რომელმაც მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად თბილად მიმიღო“, – დაასრულა მილანური კლუბის კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ძანეტი: „ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ თავის მომავალზე ისაუბრა.

„ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილზე ვარ კონცენტრირებული. ამის შემდეგ მომავალზე მშვიდ გარემოში ვიფიქრებ. ამ მომენტისათვის გუნდისთვის სარგებლის მოტანა მსურს. არ ვიცი, რითი დავკავდები მომავალში, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ „ინტერის“ სისტემაში სიამოვნებით დავრჩებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ“, – განაცხადა არგენტინელმა ვეტერანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხავიერ ძანეტი – კარიერის დასრულება ჯერ ადრეა

მილანის „ინტერის“ ახალი მფლობელი ერიკ თოჰირი „ნერიაძურის“ 40 წლის მცველ ხავიერ ძანეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი შემოთავაზებას დასთანხმდება.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

ამასთან, „ინტერი“ მზად არის, ძანეტის ნებისმიერ მომენტში შესთავაზოს კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ან ტექნიკური დირექტორის პოსტი.

თავად არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს: „კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“

უახლოეს მომავალში ძანეტი „ნერიაძურის“ ახალ მფლობელთან ამ საკითხის განხილვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან ოფიციალურად შეისყიდა „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი: „მესი და მარადონა თავიანთი ეპოქის უძლიერესი ფეხბურთელები არიან“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას შეადარა. 40 წლის მცველი არ დაკონკრეტებულა, თუ რომელია მისთვის უკეთესი ფეხბურთელი.

„მესი და მარადონა თავიანთი ეპოქის უძლიერესი ფეხბურთელები არიან. პირველ მათგანთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი, ფანტასტიური იყო. მას გასაოცარი სისწრაფე და ტექნიკა აქვს.

მარადონა ჩემი მწვრთნელი იყო და არგენტინის ნაკრებში თამაშის პერიოდში ვცდილობდი, გადმომეცა ის განცდები, რასაც მაშინ ვგრძნობდი“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „კალჩო მერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არგენტინელი მცველი ექვსთვიანი უქმობის შემდეგ „ინტერის“ განაცხადში დაბრუნდა. მართალია, მას „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში არ უთამაშია, თუმცა სათადარიგოთა შორის იყო. ძანეტი მოედანზე დაბრუნებას იანვრამდე გეგმავს.

ბექა დოგრაშვილი