დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

დუგლას კოშტა რონალდუზე: “ასეთი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს”

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გუნდის ახალწვეული კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და მის შრომისმოყვარეობას ხაზი გაუსვა.

“შეუძლებელია, ვარჯიშზე კრიშტიანუ რონალდუს აყვე. როდესაც ჩვენ ვარჯიშზე მივდივართ, ის უკვე ვარჯიშობს, ხოლო როცა ვარჯიშს ვტოვებთ, ის ვარჯიშს აგრძელებს.

არასოდეს მინახავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რონალდუა,” – განაცხადა “ბაიერნის” ყოფილმა მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინულ გრანდს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა 100 მილიონ ევროდ. მას “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

გატუზო რონალდუს “იუვენტუსში” გდასვლას გამოეხმაურა

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ტურინის “იუვენტუსის” მიერ განხორციელებული დიდი ტრანსფერი შეაფასა – “ბებერმა ქალბატონმა” 100 მილიონ ევროდ კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა.

“ყველა იმ პრობლემის შემდეგ, რაც იტალიურ ფეხბურთს ჰქონდა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი წარმოუდგენლად კარგი რამ არის. შემთხვევითობა სულაც არ არის, ფანები ახლა მოდრიჩზე რომ ალაპარაკდნენ.

იტალიური ფეხბურთითვის რონალდუს ტრანსფერი დიდებული რამ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემპიონატის დონის ამაღლებისკენ,” – აცხადებს გატუზო.

რუმენიგე: “რონალდუს ტრანსფერი? 33 წლის ფეხბურთელში ამდენს არასოდეს გადავიხდიდით”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე სატრანსფერო ბაზარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასების ასეთი ზრდა “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ქმედებებმა გამოიწვია. რუმენიგე რონალდუს ტრანსფერსაც შეეხო.

“საფეხბურთო სამყაროში ფულის ასეთი ინფლაცია “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” კისერზეა,” – აცხადებს “ინტერის” ყოფილი თავდამსხმელი Merkur-თან საუბრისას.

“ნახეთ რა შეძლო “რეალმა” მაშინ, როდესაც მათი დანახარჯები მინიმალური იყო. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სულაც არ არის აუცილებელი გიჟური ტრანსფერების განხორციელება, ჩვენი ფილოსოფიაც სწორედ ასეთია.

რონალდუს ტრანსფერი? გამიკვირდა ანდრეა ანიელიმ ასეთი რამ რომ დაუშვა, მაგრამ “იუვენტუსის” მდგომაროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ამის გამართლებაც. ჩვენ არასოდეს ჩავდებდით ასეთ თანხას 33 წლის ფეხბურთელში,” – განაცხადა რუმენიგემ.

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერი დიდებული პროპაგანდა გახლდათ”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უშუალო კონკურენტების მიერ გაკეთებულ ბრწყინვალე ტრანსფერს გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლას პროპაგანდა უწოდა.

“იუვენტუსის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი დიდებული პროპაგანდა გახლდათ მთლიანი ჩემპიონატისთვის და იმედი მაქვს, რომ ფანებში ენთუზიაზმს უფრო გააღვივებს. დიდი ტრანსფერის გარეშე მასიმილიანო ალეგრის ეს ნიშნული უდავოდ დაეცემოდა.

ზედიზედ შვიდი მოგებული “სკუდეტოს” შემდეგ ძალიან რთულია ფანების დაინტერესება, მათი აღელვება, ისევე როგორც სპონსორების. დღევანდელი სამყარო მთლიანად ინდუსტრიასა და პოლიტიკას ეკუთვნის.

რონალდუს, თავის მხრივ, ყველაზე ჭკვიანი აგენტი ჰყავს. რუი პატრისიოს ტრანსფერის თაობაზე მას პორტუგალიაში შევხვდი და მითხრა, რომ კრიშტიანუს ტრანსფერი გამამდიდრებდა. მაგრამ მაშინ ამაზე დავეწვდი, ახლა კი “იუვენტუსმა” ამ ტრანსფერით სერია ა-ს კლუბების მარკეტინგის დონე აწია.

რონალდუ ახლა ისეთივე ახალგაზრდა აღარ არის და საეჭვოა, შეძლებს თუ არა გაღებული თანხის ამოღებას. გაუმართლებლად მიმაჩნია კარიერის დასასრულში მყოფი ფეხბურთელისთვის ასეთი ხელფასის შეთავაზება,” – აცხადებს დე ლაურენტისი.

ბუფონის რეაქცია, როცა მას რონალდუს შესახებ შეკითხვა დაუსვეს

ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ახალხან გადაბარგდა “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე საუბარს თავი აარიდა. როგორც იცით, ჯიჯიმ “პსჟ” რონალდუს ტრანსფერამდე აირჩია.

“არსენალთან” გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ჯიჯიმ რონალდუს შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:”ახლა “იუვენტუსი” მხოლოდ ისე მაინტერესებს, როგორც ერთ-ერთ მაყურებელს.

“იუვე” დიდებული კლუბია, ისევე როგორც “პარი სენ-ჟერმენი” და ვფიქრობ, ორივე მათგანი საუკეთესოს აკეთებს უფრო ძლიერი რომ გახდეს, ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება,” – განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ.

პიანიჩმა რონალდუსა და კლუბის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ამ უკანასკნელმა უარყო ჭორები, რომლის თანახმადაც კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა.

“ბოლო დროს ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიგებ, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგია ჭეშმარიტი. თავს კარგად ვგრძნობ, მომავალი სეზონისთვის ვემზადები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.

ბოლო ორი სეზონის მანძილზე “იუვესთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და არ მაინტერესებს რას წერენ და ამბობენ ისინი. მშვენივრად ვგრძნობ თავს.

რონალდუს მოსვლით ბედნიერი ვარ. მას უბრალოდ მივესალმე, სულ მალე ვარჯიშს შემოუერთდება და უფრო კარგად გავიცნობთ. ის დიდებული ფეხბურთელია და ვიცით, რომ აქ თავს ბედნიერად გრძნობს,” – აცხადებს პიანიჩი.

“იუვენტუსმა” რონალდუ წარადგინა, პორტუგალიელის პირველი პრესკონფერენცია

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, თავის ახალ კლუბს ეწვია და “იუვენტუსის” ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენციაც გამართა. შეგახსენებთ, რომ ამ ტრანსფერში “ბებერმა ქალბატონმა” 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

“არ ვწუხვარ, “რეალი” რომ დავტოვე. ჩემს ასაკში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა კარიერის გაგრძელებას კატარდა და ჩინეთში ამჯობინებენ, მე კი ისეთ დიდ კლუბში თამაშის უფლება მაქვს, როგორიც “იუვენტუსია”. რისთვისაც, რა თმა უნდა, მადლობელი ვარ.

აქ თავს დიდებულად ვგრძნობ, ეს ჩემთვის ბრწყინვალე გამოწვევაა. სერია ა ძალიან რთული ჩემპიონატია, თუმცა მზად ვარ ბრძოლისათვის. ასაკი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ძალიან მოტივირებული და აღელვებული ვარ. ვეცდები კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოვიგო.

“იუვენტუსმა” მშვენიერი შესაძლებლობა მომცა. როგორც ვხედავ, “იუვენტუსს” ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, მათ გასულ წლებში ბევრჯერ მოიგეს “სკუდეტო”, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იყვნენ.ვამაყობ აქ რომ ვარ, ვამაყობ რომ მათ ჩემდამი ინტერესი გამოიჩინეს და ვიმედოვნებ, რომ “იუვენტუსს” უფრო მაღალ დონეზე ავიყვან.

მესისთან მეტოქეობა? ფეხბურთელებს, როგორც მეტოქეებს ისე არ ვუყურებ. რა თმა უნდ, ვცდილობთ ყველაფერი მოვიგოთ, რაც თავისთავად დიდი გამოწვევაა, მაგრამ სხვა არაფერია. ჩვენ ჩვენი კლუბებისთვის ვიბრძვით, ბოლოს კი ვნახავთ, ვინ არის საუკეთესო,” – აცხადებს რონალდუ.

გაგრძელება იქნება…