ყველა გზა ლეოსთან მიდის

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

One World Sports: „ბარსელონა“ 2015 წელს მესის გაყიდვას აპირებს

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამერიკული ინტერნეტ-პორტალი One World Sports-ი იუწყება, რომ „ბარსელონა“ 2015 წლის შუა პერიოდში ლიონელ მესის გაყიდვას აპირებს. წყაროს ცნობით, „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლობელი გუნდს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს. აღნიშნული ტრანსფერი პრეზიდენტ სანდრო როსელის გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. იგი არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვას მაშინ აპირებს, როცა მისი სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მაღალი იქნება. იმავე წყაროს მტკიცებით, კლუბში მესის ამჟამინდელი სტატუსი იმდენად მაღალია, რომ ეს მწვრთნელებსა და ცალკეულ ფეხბურთელებში შინაგან კონფლიქტს წარმოშობს.

ბოლო პერიოდში ლეო მესის წარმომადგენლებს კლუბის ხელმძღვანელებთან პრობლემები აქვთ. არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ მისი ჯამაგირი მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდუს ხელფასს გაუტოლდეს. გარდა ამისა, მესის აგენტები ნეიმარის ტრანსფერში გადახდილმა დიდძალმა თანხამაც აღაშფოთა.

ბექა დოგრაშვილი

მესის ჯამაგირის გაზრდა სურს, თუ არადა…

ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი კიდევ ერთხელ ეცდება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის პირობების გადახედვასა და ჯამაგირის გაზრდაზე დაითანხმოს.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენენ, როგორებიც არიან „მანჩესტერ სიტი“, ლონდონის „ჩელსი“, მილანის „ინტერი“ და „მონაკო“. მესი და მისი აგენტი ეცდებიან, რომ ეს დაინტერესება მათ სასარგებლოდ გამოიყენონ და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდა მოსთხოვონ.

მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2018 წლის თებერვლამდეა გაფორმებული, მესი 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი უკმაყოფილოა იმით, რომ „ბარსელონას“ კონტრაქტის დეტალების გადახედვა არ სურს. სკანდალური გამონათქვამებით ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ფრანსუა გალიარდომ ისიც კი თქვა, რომ სეზონის ბოლოს მესი კატალონიურ კლუბს დატოვებს და ესპანეთის მახლობელი ქვეყნის გუნდში გადაბარგდება.

ბექა დოგრაშვილი

მესის დაუცხრომელი წყურვილი

გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის კლუბთან ერთად მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, თუმცა ეს იმის სურვილს არ ანელებს, რომ არგენტინელმა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

„ყოველთვის ვისწრაფით ახალი მიღწევებისკენ. მას შემდეგ, რაც გასულ წელს მადრიდის „რეალმა“ საჩემპიონო ტიტული აგვართვა, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ეროვნული ჩემპიონატის მოგებამ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის სხვაობა აშკარად გამოჩნდა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა ეს უკვე წარსულია. წინ უნდა ვიყუროთ“, – ამბობს მესი უეფას ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თქმა არ უნდა იმას, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე რეაბილიტაცია სურს, თუმცა ამისთვის გუნდმა ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს. არადა, კატალონიურ გრანდს საკმაოდ რთული მეტოქეები შეხვდა: „მილანი“, ამსტერდამის „აიაქსი“ და გლაზგოს „სელტიკი“.

„რთული ჯგუფია, თუმცა ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია, პირველი ნაბიჯების გაკეთებაც კი რთული იქნება. წელს საკმაოდ თანაბარი ჯგუფებია და კარგ თამაშებს მოველი. ვიმედოვნებ, ჩვენს საუკეთესო დონეს ვაჩვენებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
ჩვენს ჯგუფში სახელგანთქმული გუნდები მოხვდნენ. მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. „აიაქსს“ არცთუ ისე კარგად ვიცნობთ, თუმცა ამსტერდამული გუნდის თამაშები ნანახი გვაქვს. ასე რომ, საინტერესო ჯგუფია“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა მესის ხერარდო მარტინესსთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს, ისინი ხომ ერთი ქალაქიდან არიან – როსარიოდან.

„ახალ თავკაცს ძალიან მალე შევეჩვიეთ. ვცდილობთ, მისი მოთხოვნები შევასრულოთ, ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რასაც აქამდე ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ახალია, რომელსაც ახალი იდეები ამოძრავებს, თუმცა ჩვენი განწყობა არ შეცვლილა – სეზონი მაქსიმალურად კარგად უნდა დავიწყოთ, რათა ყველა ფრონტზე წარმატებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

მოგეხსენებათ, ევროპის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელეს. ლეო მესიმ ჩვეული თავმდაბლობით გააკეთა ამის შესახებ კომენტარი.

„მახარებს ის ფაქტი, რომ მესამედ მოვხვდი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და მიხარია, რომ მათ კონკურენციას ვუწევ. რიბერიმ ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო“, – განაცხადა მესიმ.

ბექა დოგრაშვილი