„ბარსელონას“ არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში მალე მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნება.
ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული მუზეუმი როსარიოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახდება 1998 წლის 30 ოქტომბერს გახსნილ მარადონას ეკლესიასთან (Iglesia Maradoniana) ერთად. ტაძრის დამაარსებელი ადგილობრივი მკვიდრი ალეხანდრო ვერონი გახლავთ, რომელმაც პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხვა არგენტინელების მსგავსად, თავადაც გულმხურვალე კათოლიკეა, თუმც დიეგო მარადონა ღმერთთან ჰყავს გაიგივებული, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის კისერზე სხვადასხვა ცოდვებია – თავდასხმა ჟურნალისტებზე, ნარკოტიკების მოხმარება…
მეცნიერება ამ გამოვლინებას რელიგიურ სინკრეტიზმს უწოდებს, რაც სხვადასხვა კონფესიათა ნაერთს გულისხმობს, ამ შემთხვევაში კათოლიციზმისა და… ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის თაყვანისცემას.
მარადონას ეკლესიას მთელი მსოფლიოდან ჰყავს მნახველები და მათი რაოდენობა დღესდღეობით 150 ათას კაცს შეადგენს. ადგილობრივი მთავრობა და ოფიციალური ეკლესია ამ უცნაურობას ლოიალურად უყურებს, თავად დიეგომ კი თავის სულიერ საცხოვრისს ბუცები და არგენტინის ნაკრების ფორმა შესწირა.
გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ამ ეკლესიას ორი მთავარი დღესასწაული აქვს – 30 ოქტომბერი (მარადონას დაბადების დღე) და 22 ივნისი (1986 წლის 22 ივნისს, მექსიკის მუნდიალზე ლეგენდარულმა არგენტინელმა „ათიანმა“ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, ერთი ხელით, რომელსაც შემდეგ „ღმერთის ხელი“ ეწოდა). აქ დიდი მოწიწებით მოიხსენიებენ აბრევიატურას D10S. ცნობისთვის, dios ესპანურ ენაზე ღმერთს ნიშნავს.
მარადონას ეკლესიას საკუთარი ათი მცნება აქვს, რომლის რამდენიმე პუნქტსაც აქვე გთავაზობთ:
• „გიყვარდეს ფეხბურთი ყველაფერზე მეტად“;
• „დაიცავი არგენტინის ფერები“;
• „იქადაგე სიტყვა “დიეგო მარადონა” მთელ მსოფლიოში“;
• „მიჰყევი მარადონას ეკლესიის სწავლებას“;
• „იყოს დიეგო შენი და შენი შვილების მეორე სახელი“.
ბექა დოგრაშვილი