კლოპმა მხითარიანს ბოდიში მოუხადა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურში „მაინცის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის კომპენსირებულ დროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დამატებით დროში „ბორუსიამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. პენალტის შესასრულებლად ჰენრიხ მხითარიანი გაეშურა, თუმცა ბოლო მომენტში სომეხ ნახევარმცველს რობერტ ლევანდოვსკიმ უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი პოლონელს უნდა დაერტყა. საბოლოო ჯამში, პენალტი ლევანდოვსკიმ დაარტყა და გაიტანა კიდეც.

„ეს ჩემი ბრალია. მხითარიანი სამართლიანად განაწყენდა, თუმცა თავად მე ვთქვი, რომ პენალტს მეცხრე ნომერი დაარტყამდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მხითარიანს ბოდიში უკვე მოვუხადე. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ეს პენალტი აუცილებლად გაგვეტანა. რა თქმა უნდა, მიკისაც (მხითარიანის შემოკლებული სახელი) შეეძლო, კარგად დაერტყა“, – კლოპის სიტყვები „ბორუსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბორუსიამ“ სტუმრად „მაინცი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ორი გოლი ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი