რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მატერაცი: “ისინი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან”

იტალიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ, რომელიც ამჟამად ინდურ “ჩენაის” თავკაცობს, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

“როგორ შეიძლება ვისაუბროთ ერთ საუკეთესო მწვრთნელზე, როდესაც ერთბაშად ოთხი სპეციალისტი დგას მეტ-ნაკლებად ერთნაირ დონეზე?! ჟოზე მოურინიოს, ხოსეპ გვარდიოლას, კარლო ანჩელოტისა და მარჩელო ლიპის ვგულისხმობ. მათ ანტონიო კონტე და იურგენ კლოპი მოსდევენ.

ჩემი აზრით, მოურინიო და ლიპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან. ამაზე არამხოლოდ შედეგები მეტყველებს. მათ კარგად ვიცნობ, თუმცა ჟოზეს გაცნობამდეც მივხვდი, რომ იგი ძლიერი სპეციალისტი იყო.

მოურინიოს ძლიერ მხარეებად ქარიზმატულობას, გონიერებას, ცოდნას, გამოცდილებასა და ემპათიას მივიჩნევ”, – მატერაცის კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

მატერაცი ზიდანთან ინციდენტზე: “მე მისი და მოვიხსენიე და არა – დედა”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც იგი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როდესაც საფრანგეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა მას მკერდში თავი აძგერა.

“მე მაშინ მისი და მოვიხსენიე და არა – დედა.

ამ წიგნის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დღემდე ყველა მეკითხება, ისეთი რა ვუთხარი ზიდანს, რომ მას ამგვარი რეაქცია ჰქონდა. ნამდვილად სისულელე ვუთხარი, თუმცა ჩემი ეს სიტყვები ასეთ რეაქციას არ იმსახურებდა. ნებისმიერ ქალაქში – რომში, ნეაპოლში, ტურინში, მილანში თუ პარიზში ამაზე უარესს სიტყვებს გაიგებთ.

ვერ გამიგია, რატომ გამოიწვია ამ ინციდენტმა ასეთი რეზონანსი. ერთადერთი რამ, რაც მინდა, რომ იმ დღიდან მახსოვდეს, ჩემი გოლია. ხანდახან იტალიაში ფანები მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ კარგად მოვიქეცი, როდესაც ზიდანს ასეთი რამის გაკეთება ვაიძულე. ვღიზიანდები, როდესაც ამას ამბობენ, რადგან, საბოლოო ჯამში, მსხვერპლი მე გამოვდექი”, – აღნიშნავს მატერაცი.

მატერაცი: “ინტერს” ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

მილანის “ინტერის” ყოფილი მცველი მარკო მატერაცი თვლის, რომ გუნდს ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ “ნერიაძური” სასტარტო ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს.

“მანჩინი “ინტერისთვის” შესაფერისი მწვრთნელია. მას შეუძლია, გუნდს ჩემპიონობა დაუბრუნოს. “ინტერმა” პირველი ან მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს, რათა შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, რაც გადამწყვეტი რამ გახლავთ. მატჩიდან მატჩამდე დაინახავთ, რაოდენ შორს წასვლა შეუძლია ამ გუნდს. როდესაც “ინტერს” წარმოადგენ, მიზნად ყოველთვის სკუდეტო უნდა დაისახო”, – განაცხადა მატერაციმ Radio 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მატერაცის ინდოეთში უხმობენ

მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ინდოეთიდან შემოთავაზება მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელმა ფეხბურთელმა 2011 წელს ბუცები ლურსმანზე დაკიდა, თუმცა ინდოელები მას კარიერის განახლებას სთავაზობენ.

Times of India-ს თანახმად, “ჩენაი ტაიტენსი” 41 წლის მატერაცის მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას სთავაზობს. მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ინდოეთის სუპერლიგაში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან დავიდ ტრეზეგე, რობერ პირესი და ალესანდრო დელ პიერო.

 

ზიდანი და მატერაცი ყატარში

ცოტა ხნის წინათ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყატარში, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სტადიონის მშენებლობაზე ათასობით მუშა დაიღუპა.
აზიის ეს ქვეყანა მუნდიალის სამასპინძლოდ მზადებას უკვე შეუდგა. ყატარში არა მსოლოდ სტადიონებს აშენებენ, არამედ ძეგლებსაც დგამენ. ქვეყნის დედაქალაქ დოჰაში ცოტა ხნის წინათ ზინედინ ზიდანის მონუმენტი დადგეს, რომელიც მარკო მატერაცის მკერდში თავს ურტყამს.

ხელოვნების ეს ნიმუში, რომელიც ფრანგმა აბდელ აბდესემელმა შექმნა, ყატარის ხელისუფლებამ შეიძინა.

„ეს ქანდაკება, რომელთანაც ბევრს სურს ფოტოს გადაღება, გვახსენებს ადამიანურ სისუსტეებს. გვიჩვენებს, რომ ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან“, – აღნიშნა მუზეუმის კომისიის წარმომადგენელმა „დოჰა ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა სარკასტულად თქვეს, უკეთესი იქნებოდა, ყატარში არ დაევიწყათ, რომ მშენებლობაზე დაღუპული მიგრანტებიც ადამიანები არიანო.

ბექა დოგრაშვილი