ბალოტელი მორიგ სკანდალში

“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა.

“ვულვერჰემპტონის” წინააღმდეგ დახურულ მოედანზე გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0) იტალიელი მოთამაშე მთავარ მსაჯ კრის ფოის დაუპირისპირდა.

ბალოტელი არბიტრთან მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის უხეშ თამაშს აპროტესტებდა, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “ლივერპულის” ახალწვეულმა მოწინააღმდეგეს თავშიც წამოარტყა. სერიოზული კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით იტალიელი ფორვარდი პირველივე ტაიმში შეცვალეს.

პრანდელი: „ბალოტელი კარგი ბიჭია, თუმცა რეალობას არის მოწყვეტილი“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „მილანისა“ და „სკუადრა აძურას“ ფორვარდის მიმართ კრიტიკა საგრძნობლად გაძლიერდა.

„საერთო ჯამში, მარიო კარგი ბიჭია, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის რეალობას მოწყვეტილ სამყაროში ცხოვრობს. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ის უკვე 24 წლის გახლავთ და საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ენდო“, – აღნიშნა პრანდელიმ.

 

ბალოტელიმ მოძულეები მიზანში ამოიღო

„ტელეგრაფის“ ცნობით, „მილანის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მკაცრად გააფრთხილა. იტალიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც იარაღით ხელში იყო გამოსახული. ბალოტელის იარაღი კამერის ობიექტივისკენ ჰქონდა დამიზნებული, ხოლო სურათს ზედ ასეთი რამ ეწერა:

„გკოცნით ყველა ჩემს მოძულეს“.

მოგვიანებით ფოტო წაშალა.

ლეონარდო: „ბალოტელის იტალიელად არ აღიქვამენ“

„მილანის“ ყოფილი მოთამაშე და თავკაცი ლეონარდო თვლის, რომ დღესდღეობით იტალიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი მარიო ბალოტელია. წარმოშობით განელმა თავდამსხმელმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

„ბალოტელი დაიბადა და გაიზარდა იტალიაში, მაგრამ აფრიკული წარმოშობის გამო მას იტალიელად ყველა არ აღიქვამს. ასეთი მიდგომა მას აღიზიანებს. მისთვის ბრაზილიაში ყოფნა უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რადგან იქ ბევრია კანის ფერითა და საქციელით მისი მსგავსი.

ბალოტელი ჩემპიონი ჯერ არ არის, მაგრამ უკვე შესაძლებელია მისი დიდებულ ფეხბურთელად ჩათვლა. დღესდღეობით მას იტალიის ნაკრებში ვერავინ ვერ სჯობს“, – აღნიშნა ლეონარდომ.

 

ჟულიო სეზარი: „ნეიმარი ბალოტელის სჯობს“

ბრაზილიის ნაკრების კიპერმა ჟულიო სეზარმა ერთმანეთს ნეიმარი და მარიო ბალოტელი შეადარა. „სელესაოს“ კარის დარაჯმა უპირატესობა ბრაზილიელ ფეხბურთელს მიანიჭა.

„მარიოსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა „ინტერში“ მქონდა. მაშინ ის სულ პატარა ბიჭი იყო, 17 ან 18 წლისა. „მანჩესტერ სიტიში“ თამაშმა და შემდეგ იტალიაში დაბრუნებამ მას გამოცდილება შესძინა, მომწიფდა, დაღვინდა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

ჩემი აზრით, ნეიმარი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში შედის. მის პროგრესს თვალს ვადევნებ, ერთ გუნდში ვთამაშობთ, ურთიერთობა გვაქვს. ეს ბიჭი მსოფლიო ფეხბურთს ბევრ რამეს შესძენს.

მარიოსა და ნეიმარს შორის არჩევანის გაკეთებას თუ მთხოვთ, მე ამ უკანასკნელს ავარჩევ. ნეიმარი უკეთესი ფეხბურთელია, უფრო სრულყოფილი და მომწიფებულია“, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა.

 

ინგლისი — იტალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სკუადრა აძურას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელთა თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დასახელდა.

„მილანის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ბალოტელიმ მოედანზე 73 წუთი გაატარა, გააკეთა 21 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ბალოტელის თეთრი „პორშე“ მოპარეს

„მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მძარცველების მსხვერპლი გახდა. ბოროტმოქმედებმა ფეხბურთელის სახლიდან საათები და ოქროს სამკაულები წაიღეს. გარდა ამისა, წაიყვანეს ბალოტელის საკუთრებაში არსებული „პორშეს“ ფირმის ავტომობილი.

ინციდენტი მიმდინარე კვირაში მოხდა, თუმცა ჟურნალისტებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა. ბალოტელი შინ ძმასთან ერთად ბრუნდებოდა, როცა ბინის საკეტი გატეხილი დახვდა. რამდენიმე საათის შემდეგ ფეხბურთელის თეთრი „პორშე“ იპოვეს.

აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ღამის კლუბში მძარცველებმა ბალოტელის კუთვნილი მობილური ტელეფონის მოპარვაც სცადეს.

ბექა დოგრაშვილი

„მილანი“ ბალოტელის საქციელით შეშფოთებულია

„მილანის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა მარიო ბალოტელის საქციელით, რომელმაც სოციალურ ქსელში იმის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა, თუ როგორ თამაშობს პინგ-პონგს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (0:1) იტალიელმა ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა, რის გამოც სერია A-ს ორი და სანაკრებო ერთი ამხანაგური მატჩის გამოტოვება მოუხდა.

„საღამო მშვიდობისა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამამარცხებს, უბრალოდ ნება მომეცით. მთელ ფსონს ჩამოვდივარ. არასროს არ წავაგებ“, – ეს კომენტარი გაუკეთა ბალოტელიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს.

„ლა გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ტრავმირებული ბალოტელის ქმედებამ „როსონერის“ შეშფოთება გამოიწვია.

მოურინიო: „ბალოტელისთან ერთად კიდევ ვიმუშავებდი“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მილანის“ ფორვარდ მარიო ბალოტელისადმი ინტერესზე ისაუბრა.

„ბალოტელი დიდ გუნდში თამაშობს, თუმცა ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში.

მესმის, რომ „მილანს“ საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება სურს, მით უფრო იტალიელი მოთამაშეების, თუმცა მარიო კარგად იცნობს ინგლისურ ფეხბურთს, ის აქ თამაშობდა.

არ ვაპირებ, რომ „მილანის“  ან იტალიის ნაკრების თავკაცი გავხდე, თუმცა ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც კიდევ ვიმუშავებდი“, – მოურინიოს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.

შეგახსენბეთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ბალოტელის მილანის „ინტერში“ თავკაცობდა.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელიმ ფოტოგრაფზე გაიწია?

„მილანის“ ფორვარდ მარიო ბალოტელის ბრალად ედება გენუას მახლობლად მდებარე ღამის კლუბში ფოტოგრაფზე თავდასხმა.

შაბათს იტალიელი ფეხბურთელი ლიგურიას ეწვია, რათა დასწრებოდა საფეხბურთო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მისი უმცროსი ძმა ენოკი იღებდა. მატჩის შემდეგ ბალოტელი და მისი გელფრენდი ფანი ნეგეშა რესტორანში წავიდნენ, სადაც ისინი პაპარაცებმა გამოიჭირეს.

ფეხბურთელმა აბეზარი რეპორტიორებისგან თავი კი დაიძვრინა, მაგრამ მოგვიანებით, ღამის კლუბში ისევ გადააწყდა ერთ ფოტოგრაფს. რეპორტიორის თქმით, ბალოტელი მის შეურაცხყოფას არ მოერიდა, მოგვიანებით კი, რამდენჯერმე მიანერწყვა კიდეც. თავად ფეხბურთელი ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს იტალიურ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ბალოტელიმ ცნობილ წამყვან და მუსიკოს ფრანჩესკო ფაკინეტისთან იჩხუბა, თუმცა მოგვიანებით თავად ფრანჩესკომ უარყო ამგვარი რამ.

ბექა დოგრაშვილი

ფილიპო ინძაგი: „ბალოტელის „ატლეტიკოსთან“ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“

„მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ, რომელიც ამჟამად „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობს, გამოთქვა მოსაზრება, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში მარიო ბალოტელის გადამწვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„ატლეტიკო“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა მთელი სტადიონი „მილანს“ უქომაგებს. ყველას მოვუწოდებ, რომ ბალოტელი განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არ მოაქციონ. ვფიქრობ, მას შეუძლია, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადამწყვეტი როლის შესრულება“, – ინძაგის სიტყვები Tmw-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „მილანსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

„მილანმა“ „ბოლონია“ ბალოტელის ზღაპრული გოლით დაამარცხა

იტალიის სერია А-ს 24-ე ტური „მილანსა“ და „ბოლონიას“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ 86-ე წუთზე გაიტანა. იტალიელ ფეხბურთელს ზღაპრული სილამაზის გოლი გამოუვიდა – შორი მანძილიდან ბურთი მეტოქე გუნდის კარის „ცხრიანში“ „დააჭედა“.

ამ გამარჯვების შემდეგ „მილანმა“ 32 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. „ბოლონია“, რომელსაც 21 ქულა აქვს, მე-16 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია А
24-ე ტური
„მილანი“ — „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: ბალოტელი 86′.
გაფრთხილებები: ძაკარდო 85′ — ნატალი 48′, პერესი 88′, ფრიბერგი 90+2′.