“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

მარსელო: “მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიურმა “ჟირონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. დედაქალაქელებმა ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

შეხვედრის შემდეგ მარსელომ, რომელიც მოულოდნელად, მე-60 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გაკვირვებული დავრჩი, როცა მწვრთნელმა მოედნიდან გამიყვანა. თავს 100%-ით კარგად ვგრძნობდი და თამაშის გაგრძელება მინდოდა. თუმცა, დამრიგებლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩით წინ წავიწევთ, გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. დღეს მშვენივრად ვმოქმედებდით მოედანზე და სასურველი სამი ქულაც მოვიპოვეთ.

კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, ის გვენატრება. თუმცა, ბეილი და ბენზემაც ძალიან კარგები არიან. მეკარეების თემა? ჩვენ ორი უმაღლესი დონის კარის დარაჯი გვყავს. ბედნიერი ვარ კეილორის თამაშით, ის კარგად გამოიყურება,” – ამბობს მარსელო.

მარსელო: “ვინისიუსი “რეალის” აწმყო და მომავალია”

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, თანამემამულესა და თანაგუნდელზე, 18 წლის ვინისისუს ჟუნიორზე ისაუბრა.

“ის “რეალის” აწმყოა. ვინისიუსი ჩვენი გუნდელია, რაც მახარებს. როცა “ბერნაბეუზე” დავიწყე თამაში, 18 წლის ვიყავი, ხოლო სერხიო რამოსი – 19-ის. ვინისისუი ახალგაზრდა ბიჭია და გვსურს დავეხმაროთ, დაძაბულობა მოვუხსნათ და განვითარებაში შევიუწყოთ ხელი. ის ჩვენი გუნდის აწმყო და მომავალია. ბედნიერი ვარ, რომ “რეალში” კიდევ ერთი ბრაზილიელია. ჩემს თანამემამულეს ყველა კეთილგანწყობილად შეხვდა. ის ხომ თითქმის ბავშვია, რომელსაც აქვს დიდი მომავალი,” – ამბობს მარსელო.

ბრაზილიის ექიმი: “შესაძლოა, მარსელოს ტრავმა საწოლის ლეიბმა გამოიწვია”

გუშინ ბრაზილიისა და სერბეთის დაპირისპირებაში ლათინოამერიკელთა მარცხენა მცველმა, მარსელომ პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, “რეალის” ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არაა და ის მექსიკასთან გასამართ მერვედფინალში, დიდი ალბათობით, იასპარეზებს.

საინტერესოა, “სელესაოს” ექიმის განცხადება, რომელიც უშვებს იმ ალბათობას, რომ მარსელოს ტრავმა ლეიბმა მიაყენა: “შესაძლოა, ის ლეიბი, რომელზეც მას მოსკოვში ეძინა, იყო საჭიროზე მეტად რბილი და სწორედ ამან გამოიწვია ზურგის დაზიანება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მარსელოს მდგომარეობა,” – ამბობს ექიმი.

მარსელომ სერბეთის ნაკრებთან თამაშისას ტრავმა მიიღო

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების წევრმა, მარსელომ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას ტრავმა მიიღო. ეს უკანასკნელი სერბმა ფეხბურთელებმა დააზიანეს.

30 წლის მარსელომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრის მე-10 წუთზე ძლიერი დისკომფორტი იგრძნო და მწვრთნელ ტიტეს შეცვლა მოსთხოვა. მის ნაცვლად თამაშში მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი ფილიპე ლუისი ჩაერთო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია მარსელოს ტრავმა და შეძლებს თუ არა ის მომავალ მატჩებსი ნაკრების დახმარებას.

რამოსი: “უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპის მეფეები ისევ ჩვენ ვართ”

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალს” აღნიშნულ შეხვედრამდე, კიდევ ერთი დაპირისპირება (“ვილიარეალთან”, სტუმრად, 19 მაისს, 22:45) აქვს გასამართი ლა ლიგაში, ფეხბურთელები უკვე კიევში ჩასატარებელ თამაშზე არიან კონცენტრირებულნი.

სწორედ მერსესაიდის “ლივერპულთან” ჯახზე ისაუბრა დღეს “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა.

“კიდევ ერთი შანსი გვაქვს იმის დამტკიცების, რომ ჩვენ ევროპის მეფეები ვართ. როცა ამას ვაცნობიერებთ, ძალიან დადებითი მომენტია. გვსურს მოვიგოთ ფინალი და ეს სიხარული უფრო დიდი სიამოვნებით გადავფაროთ. იმედი მაქვს, ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის თასს მოვიპოვებთ.”

გარდა რამოსისა, მარსელომ და ლუკა მოდრიჩმაც ისაუბრეს ფინალზე.

“ადამიანობა, ბევრი შრომა, ერთიანობა და ამბიცია – სწორედ ესაა ის საკვანძო ფორმულა, რის ხარჯზეც მეტოქის დამარცხებას ვაპირებთ,” – ამბობს მარცხენა მცველი.

“ადრე ისინი ფავორიტები არ იყვნენ, თუმცა, ახლა, როცა უკვე მათ შეხვედრებს უყურებ, აცნობიერებ, რომ ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც მშვენიერი მწვრთნელი ჰყავს. შესაბამისად, ძალიან რთული შეხვედრა გველის. თუმცა, სათანადოდ მოვემზადებით,” – ამბობს ხორვატი ნახევარმცველი.

რას აკეთებენ “რალის” ფეხბურთელები და მარსელოს შვილი გასახდელში? (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები და მარსელო ვიეირას შვილი, ენცო გატუზო ვიერა “სანტიაგო ბერნაბეუს” გასახდელში იმყოფებიან.

ასე ერთობიან სპორტსმენები და მარცხენა მცველის ვაჟი

 

მარსელოს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეძლო და “ბაიერნს” ანგარიშიც გაუთანაბრა (1:2).

ეს გოლი რიგით მეშვიდე გოლია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში. ამ გოლით კი მან თავისი თანაგუნდელის, სერხიო რამოსის 6-გოლიანი შედეგი გააუმჯობესა და ახლა ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ რეკორდს ფლობს.

მარსელომ სიმბოლური გუნდი შეადგინა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, მარსელომ ესპანურ გამოცემა Marcas-სთან სიმბოლური გუნდი შეადგინა. საგულისხმოა, რომ თერთმეტეულში ბრაზილიელების სიჭარბეა. ასევე, იქ ათი მქომედი ფეხბურთელია. ერთ-ერთი – ლუკა მოდრიჩი კი, გუნდის კაპიტანია.

მეკარე: ჟულიო სეზარი;

მცველები: დანი ალვეში, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი.

ნახევარმცველები: კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, მესუთ იოზილი, ზინედინ ზიდანი.

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი.