2014 წლის 21 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალ წელიწადში პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებმა ფეხბურთელთა ნაწილი მოისაკლისეს – ვახტანგ ჭანტურიშვილმა და ნიკა საბანაძემ სიცხის გამო ვერ ითამაშეს, რაც შეეხება კახაბერ მეშველიანს, რომელმაც გუშინ დუბლიორთა გუნდის შემადგენლობაში “ბენდელას თასის” გათამაშების შეხვედრაში იასპარეზა, მას დღეს დასვენების საშუალება მიეცა…
შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მიგინეიშვილი (კუპატაძე, 46) , თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ჭელიძე, 46), ფერეირა (გურული, 46), გაგოშიძე, აჯურუ (კუხიანიძე, 46), ენდელაძე (შარიქაძე, 46), სარდალიშვილი (ჭანკოტაძე, 46), მიქაძე (დოლიძე, 46), ფანცულაია (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ტატანაშვილი, 46).
თავის მხრივ, მარტვილელთა ახლადდანიშნულმა დამრიგებელმა ზურაბ იონანიძემ თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: მამალაძე (ბეგაშვილი, 46), მელიავა (ბენაშვილი, 46), გაბუნია (ფოცხვერაშვილი, 60), რაფაელო (აშორტია, 60), გოგია (ბაბუნაშვილი, 46), ფონიავა (ჯღამაია, 46), კერძევაძე (ჯოჯუა, 46), შულაია (კობახიძე, 70), დეკანოსიძე (წულაია, 46), კუჭუხიძე (გეგეჭკორი, 46), ციცხვაია (ჩხეტიანი, 46).
2014 წელს გასამართმა პირველმა შეხვედრამ გულშემატკივართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია – ზესტაფონელთა და მარტვილელთა დღევანდელ დაპირისპირებას 300-მდე მაყურებელი დაესწრო… მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე 17-ე წუთზე ზუსტი თავურით მასპინძლები თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. შესვენებამდე იმერლებმა ანგარიშის ორამდე გაზრდაც მოახერხეს – 36-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდება და მეკარის ბაქანზე შექმნილი არეულობა დასრულდა იმით, რომ მარტვილელთა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა…
შესვენებისას გია გეგუჩაძემ ერთბაშად 10 ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა მატჩის მიმდინარეობაზე ამას დიდად არ უმოქმედია. ზესტაფონელები ისევ აქტიურობდნენ და 77-ე წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ზაზა ჭელიძემ ანგარიში 3-0 გახადა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში სტუმრებმა მოახერხეს, გაგა ჩხეტიანის მიერ 80-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. მიმდინარე წელიწადში მარგველთა პირველი გამარჯვება – 3-1.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური