უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ „ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენა წელს ძალიან რთული იქნება. თავად ფრანგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიჯრით სამჯერ დაისაკუთრა – 1983, 1984 და 1985 წლებში.
„ჩემი აზრით, ფავორიტები არიან ლეო მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. მესი და რონალდუ ფანტასტიურად თამაშობენ, რიბერიმ კი ყველაფერი მოიგო, რაც შესაძლებელი იყო.
სამივე დიდებული ფეხბურთელია. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.
გამოკითხვის ხანგრძლივობის გაზრდის ინიციატორი ფიფა გახლდათ და ეს კრიშტიანო რონალდუს მიერ შვედეთის ნაკრების კარში გატანილ ჰეთ-თრიკს დაემთხვა. არ არის გამორიცხული, ფიფას ეს რონალდუს მოსათაფლად გაეკეთებინა. (იცინის).
გამიკვირდა, როცა 2010 წელს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა ვერ მოიგო. ჩემი აზრით, მაშინ პრიზს ჩავი და ინიესტა იმსახურებდნენ. საბოლოო ჯამში, ჯილდო მესის ერგო. ლეოც დიდებული მოთამაშეა, თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების წევრი უნდა ყოფილიყო“, – პლატინის სიტყვები ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი