იბრაჰიმოვიჩის დუბლს რონალდუმ ჰეთთრიკით უპასუხა

დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის რაუნდის ყველაზე საინტერესო მატჩი.

პორტუგალიაში მინიმალური ანაგრიშით მარცხის შემდეგ შვედეთის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსები მაინც ჰქონდა. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი უფრო აქტიურად პორტუგალიელებმა ჩაატარეს, რამდენიმე მომენტის შექმნა მასპინძლებმაც შეძლეს, თუმცა პირველ 45 წუთში გოლები არც ერთი და არც მეორე გუნდის კარში გასულა.

მეორე ნახევრის მე-5 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ შვედებმა სასურველი შედეგის მიღწევის შანსები დაკარგეს, რადგან მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად, მათ სამი გოლი უნდა გაეტანათ, თანაც, საკუთარ კარში ბურთი აღარ უნდა გაეშვათ. იმედები სტადიონზე შეკრებილ ადგილობრივ გულშემატკვირებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4-წუთიან მონაკვეთში დაუბრუნა. პსჟ-ს ფორვარდმა 68-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, კიდევ ორი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუს არ გასჭირვებია, რომელმაც ისაკსონის კარი 77-ე და 79-ე წუთებზე აიღო, რითაც, სხვათაშორის, ზლატანის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება პაულუ ბენტუს გუნდმა იზეიმა, რომელიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

შვედეთი – პორტუგალია 2:3

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 68′, 72′ – რონალდუ 50′, 77′, 79′

შვედეთი: ისაკსონი, ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, მარტინ ოლსონი, კაჩანიკლიჩი (დურმაზი 82′), ჩელსტრემი, ელმი (სვენსონი 46′), ლარსონი (გერნდტი 90′), ელმანდერი, იბრაჰიმოვიჩი

პორტუგალია: რუი პატრისიუ; ჟოაუ პერეირა, პეპე, ალვეშ, კოენტრაუ (ანტუნიეში 53′); მოუტინიო, ველოზუ, მეირელეში (ვილიამ კარვალიო 74′); რონალდუ, ალმეიდა (რიკარდო კოშტა 82′), ნანი

გაფრთხილებები: ოლსონი, სვენსონი, ჩელსტრემი, ანტონსონი – ნანი

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯერარდი: „პოლონეთის დამარცხება გვსურს“

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის წინ მისი გუნდი ძალიან გამოტივირებულია.

„ჩვენი შანსის გამოყენება გვსურს. პოლონეთის ნაკრების დამარცხების სურვილი გვაქვს. პლეი-ოფის თავიდან აცილება სჯობს, ასე რომ, მუნდიალის საგზურის მოპოვება ახლა არის საჭირო. ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. ბრაზილიაში ჩასატარებელი ტურნირი – ნამდვილი კარნავალია, ამიტომ მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელსა და ქომაგს უნდა. შესაბამისად, ამ თამაშის მოგება და დასახული მიზნის მიღწევა – უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ჯერარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი