ჰოჯსონი მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადს 12 მაისს წარადგენს

ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების საბოლოო განაცხადი სულ მალე გახდება ცნობილი.

როგორც გაირკვა, ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი საბოლოო 23-კაციან განაცხადს საჯაროდ 12 მაისს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის მეტოქეთა შორის იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები იქნებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მუნდიალზე ორი ნაკრები პირადად მე გავიყვანე, მაგრამ ამის შესახებ ხმას ვერ ვიღებდი“

სინგაპურელმა ბუქმეიქერმა უილსონ რაჯ პერუმალმა, რომელიც გარიგებული მატჩების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, მან მოზამბიკის ნაკრებს სტიმული მისცა, რომ ნიგერიელებთან მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი (0:1) დაეთმო. მეორე შემთხვევაში კი, მან ჰონდურასის მატჩზე ბუქმეიქერთა კოეფიციენტი განზრახ შეცვალა, რამაც, მისივე თქმით, ჰონდურასელთა გამარჯვებისკენ სწრაფვა გააძლიერა.

„ჩემმა გეგმამ იმუშავა. მე ნიგერიის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარე და შეუმჩნეველი გმირი გავხდი. მუნდიალზე ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებების გასვლა პირადად ჩემი დამსახურება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გუნდი მე გავიყვანე და ამის შესახებ საუბარი არ შემეძლო, რაც ნერვებს მიშლიდა“, – დაწერა პერუმალმა თავის მემუარულ წიგნში, რომელიც ევროპაში გასაყიდად დღეს გაეშვა.

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს

სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება.  ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით  ღია ფერი დაკრავდა.

სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.

ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: „2022 წლის მუნდიალი 2023 წლის ზამთარში ჩავატაროთ“

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი ფიფას 2022 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას 2023 წლის ზამთარში სთავაზობს. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის ივნის-ივლისში ჩატარება არ შეიძლება, რადგან წლის ამ პერიოდში ყატარში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსია.

„2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული საქმეა. თუ ტურნირს 2022 წლის ზამთარში ჩაატარებენ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვევა. შესაძლოა, სხვა ვარიანტის განხილვაც ღირდეს – მაგალითად, ყატარის მუნდიალის 2023 წლის ზამთარში ჩატარება, თუნდაც ამან ტელეტრანსლაციებზე უფლებების მქონეთა უკმაყოფილება გამოიწვიოს“, – ნირსბახის სიტყვები „ფოკუსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

პელე: „ნეიმარი მუდმივად ჯარიმის გამომუშავებაზე ფიქრობს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ნეიმარი მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიმუშავოს ჯარიმა. მას მსგავსი პრობლემა ჰქონდა „სანტოსშიც“, თუმც ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან ევროპაში ყველაფერი განსხვავებულადაა. ევროპაში ფეხბურთის თამაში უფრო რთულია, რადგან ფიზიკურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს მისთვის გამოცდილების დაგროვების და შემდგომი განვითარების კარგი საშუალება იქნება“, – ციტირებს პელეს სიტყვებს Goal.com-ი.

— რას უნდა ველოდოთ ნეიმარისგან დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირია და არა – ერთი კონკრეტული მატჩი. მისგან მოელიდან, რომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდება, თუმცა ამან შეიძლება ნეიმარს ცუდი სამსახური გაუწიოს.

ბექა დოგრაშვილი

КГБ — World Cup 2018

როგორც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით, ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის თხოვნით წერილი მიწერეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმაც არ დაახანა და განაცხადა, რომ ბოიკოტზე არავინ ფიქრობს და მუნდიალს, უეჭველად, რუსეთი მიიღებს.

ამ საკითხს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ყაზახეთში გამართულ კონგრესზე გამოეხმაურა: „უკვე დავიღალეთ ასეთი მოთხოვნების მოსმენით. ბოიკოტი გამოუცხადეთ საელჩოებს, მიმართეთ ეკონომიკურ სანქციებს. რატომღაც ყოველთვის სპორტი ხდება სამიზნე. ბევრს არ უყვარს სპორტი და ამიტომ ითხოვენ ამგვარ ბოიკოტს. ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკას უნდა მიხედონ, სპორტი კი გამაერთიანებელი ელემენტი უნდა გახდეს“.

დიახ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. ქვეყანა, რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ, ოთხ წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.

„ბებერმა“ ევროპამ თვალი დახუჭა ყოველგვარ მორალურ ფაქტორზე და არც ჩვენ ვაპირებთ ვინმე კონკრეტული ადამიანის (ქვეყნის წარმომადგენლის) პატიოსნებაზე მსჯელობას, თუმცა განვიხილოთ რამდენიმე სრულიად ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში:

როდესაც გადაწყდა, რომ 2010 წლის მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში უნდა გამართულიყო, კოხტაპრუწა ევროპელებმა ვიშვიში ატეხეს: აქაოდა, აფრიკაში საშინელი კრიმინოგენური ვითარებაა და ვინ იცის, საერთოდაც, იქნებ ლომმა იმსხვერპლოს რომელიმე გზააბნეული ფანიო (ზოგიერთი იმაზეც შეშფოთდა, აფრიკაში პროსტიტუცია მძვინვარებს და შიდსს არ გადავეყაროთო… პროსტიტუცია და შიდსი რუსეთში ნახეთ, ბატონო ევროპელებო).

აფრიკულმა მუნდიალმა მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა. აი, რუსეთში კი, ნამდვილად აქვთ ევროპელ ფანებს შიშის მიზეზი. ქვეყნა, რომლის საგარეო პოლიტიკა შოვინიზმზეა აგებული და ქუჩებში ასობით შეიარაღებული ნეოფაშისტი დაძრწის, აშკარად საშიშია მოწინააღმდეგე ნაკრებების ფანებისათვის. სხვა საქმეა რასიზმი. ერი, რომელიც კავკასიელებს „შავებს“ ეძახის, არამგონია, აფრიკული ქვეყნის ნაკრებების გულშემატკივრებს სტუმართმოყვარეობით შეხვდეს. გავიხსენოთ შარშან მოსკოვში მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ცსკა“-ს ქომაგებმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე რასისტული შეძახილებით „შეამკეს“.

რუსეთში ჩასულ ქომაგს, სამწუხაროდ, არც იქაური მილიციის იმედია არ უნდა ჰქონდეს. თავად რუსები აღიარებენ, რომ მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში საშინელი კორუფცია მძვინვარებს.

კიდევ ერთი: მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას სამ რეგიონში თითქმის საომარი მდგომარეობა აქვს. დღე არ გავა, ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) ინციდენტი არ მოხდეს. ყირიმის ანექსიაზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მათ მიერ განხორცილებულ ბარბაროსობაზე აღარც ღირს საუბარი.

მოკლედ, რუსეთში ფეხბურთის საქომაგოდ ჩასულ კაცს ცალი თვალი უნდა გეჭიროს, ვინმე მუსლიმანმა ტერორისტმა მძევლად არ აგიყვანოს და მერე რუსმა სამართალდამცავმა ორივეს ერთად არ გაგიხვრიტოთ შუბლი (ჩვენ მეზობლად ხომ მძევლის „გამოხსნის“ ასეთი მეთოდი დიდი ხანია დანერგილია).

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული ფიფას სულ არ ანაღვლებს. მუნდიალის ჩატარების სურვილი ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ, როგორებიცაა: ჰოლანდია-ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ინგლისი, თუმცა… ფიფამ ყველას რუსეთი არჩია.

ევროპაში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ფიფა რუსული მაფიის გავლენას განიცდის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მუშაობა კა-გე-ბესაც კი შეადარეს.

ფაქტი ერთია, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება. ალბათ, მას ვლადიმირ პუტინი გახსნის… ალბათ, ალა პუგაჩოვაც იმღერებს…

ცოტნე ცხვედიანი
ჟურნალი Fanebi.com

ფიფას რჩევები ტურისტებს — რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება?

რამდენიმე დღის წინათ ფიფამ საკუთარ ჟურნალში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტურისტებისთვის რჩევების სია გამოაქვეყნა. „ბრაზილია დამწყებთათვის“ მოიცავს ათ პუნქტს და მოგვითხრობს ბრაზილიელთა კულტურის, მათი ჩვევების შესახებ. სიის რამდენიმე პუნქტმა იმდენად შეურაცხყო ბრაზილიელები, რომ ფიფას ინტერნეტ-სივრციდან მათი წაშლა მოუწია. სხვათა შორის, როგორც ამ სიიდან ირკვევა, ბრაზილიელები უარყოფითი თვისებებით ქართველებს ძალიან ჰგვანან.

აი, რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება:

● არაპუნქტუალობა: თუ ბრაზილიელები ერთმანეთს შეხვედრას 12:30 საათზე დაუნიშნავენ, 12:45 საათზე ადრე არ მივლენ;

● რიგები: ბრაზილიელებს ლოდინი ჭირის დღესავით სძულთ. რიგში ისინი მუდმივად ქაოსს აწყობენ;

● გზებზე ფეხით მოსიარულეებს ყურადღებასაც არ აქცევენ, ე.წ. „ზებრებზეც“ კი არ ატარებენ მძღოლები მოსიარულეებს. (გიხაროდენ! ეს მარტო ქართველების სენი არ ყოფილა – ავტ.);

● არ ისაუბროთ ესპანურად. სახელმწიფო ენა პორტუგალიურია. თუ ბრაზილიის დედაქალაქად ბუენოს-აირესს დაასახელებთ, ქვეყნიდან გაგაძევებენ;

● იქონიეთ მოთმინება: ბრაზილიაში ყველაფერს ბოლო წუთებში აკეთებენ. ეს სტადიონების მშენებლობასაც ეხება. ბრაზილიაში ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ: უნდა დაისვენო და დატკბე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. ტურნირის დაწყებამდე 71 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

რუნი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებაში დარწმუნებული არ არის

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი თვლის, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის განაცხადში მას ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს.

„ეს ბოლო ეტაპია, სანამ მთავარი მწვრთნელი არჩეული მოთამაშეების გვარებს არ დაასახელებს. ამჟამად ნაკრებში 29 მოთამაშეა გამოძახებული, რომელთა შორისაც მუნდიალზე 23 გაემგზავრება. ყველა ფეხბურთელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება სურს. ყველას ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი, ამიტომაც, ვფიქრობ, ჰოჯსონს საბოლოო განაცხადის შესადგენად ბევრი ფიქრი მოუწევს“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მუნდიალის დაწყებამდე 100 დღე დარჩა

წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ვეცადეთ გამოგვეყო რამდენიმე მთავარი მოვლენა, რასაც გულშემატკივარი ყველაზე მეტად ელის. 

 

კარნავალი

ბრაზილიური კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერფორმანსია, რომლის მეშვებითაც ბრაზილიაში ამა თუ იმ მოვლენის გალამაზება ხდება. როგორ წესი, ყველაზე გრანდიოზული შოუ ცნობილი ფესტივალის დროს იმართება, რომელიც ტრადიციულად თებერვლის ბოლოს ტარდება. თუმცა, ეჭვი არავის ეპარება, რომ მუნდიალის დროს ამ ლამაზ სანახაობას გულშემატკივარი იდევ ერთხელ იხილავს.

 

ლამაზი ფეხბურთი

სადღესასწაულო ეიფორიის გარდა ნებისმიერი მუნდიალი რა თქმა უნდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდების შერკინებას ნიშნავს. ყოველი მათგანი საკუთარი განუმეორებელი სტილით თამაშობს. ესპანეელბის ტოტალური ბურთის ფლობა, გერმანელების რაციონალური და დაბალანსებული მოქმედება, შემტევი ბრაზილია და ტრადიციული იტალიური “კატენაჩო”. ეს ფეხბურთის კლასიკაა, რომლის ნახვა უბრალოდ აუცილებელია.

 

ევოლუცია მსაჯობაში

როგორც წესი, ფიფა ნებისმიერ ცვლილებას დიდი სიფრთხილით ეკიდება, თუმცა გარკვეული სიახლეები ბრაზილიაში იქნება. მსაჯობის მხრივ მოახლოებული მუდნიალი ევოლუციური ხასიათის იქნება. ცნობილია, რომ ამ მასშტაბის ტურნირზე პირველად იქნება გამოყენებული ახალი სპრეი, რომელიც მსაჯებს საჯარიმოების დარტყმების დროს ბურთის და ცოცხალი კედლის განკუთვნილი ადგილების დაფიქსირებაში დაეხმარება. ანუ, კედელში მდგომი ფეხბურთელები სპრეით გაკეთბულ ხაზს ვერ გადაკვეთენ და შესაბამისად ვერც დისტანციის შემცირებას მოახერხებენ.

მთავარი ინოვაცია კი გოლის ელექტრონული დაფიქსირება იქნება. ბლატერის განცხადების თანახმად, მუნდიალზე Goalcontrol-ის სისტემას გამოიყენებენ.

 

ახალი ვარსკვლავები

ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების დონის ტურნირები ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის თავის გამოსაჩენად ბრწყინვალე შანსია. ზინედინ ზიდანი, დავორ შუკერი, რონალდო, ოლივერ კანი, ფაბიო კანავარო, ფილიპ ლამი, ჩავი, ანდრეს ინიესტა და მრავალი სხვა ფეხბურთელი მუნდიალზე შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა გულშემატკივარს. ბევრი მათგანი სწორედ მსოფლიო თასის შემდეგ გადავიდა უკეთეს კლუბში.

 

საყვარელი გუნდის კარგი ასპარეზობა

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ხილვას ქართველი გულშემატკივარი ჯერ ვერ მოესწრო. თუმცა, საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს უმარავი გულშემატკივარი ჰყავს, რომელიც საკუთარი გუნდის წარამტებას დიდი იმედით ელის.

 

მუნდიალის მასპინძელ სტადიონზე სახურავი ჩამოინგრა

ბრაზილიურ ბელუ ჰორიზონტეში მდებარე “მინეირანის” სტადიონზე სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ძლიერი წვიმის შემდეგ სახურავის სამი სექცია ტრიბუნებსა და მოედანზე ჩამოინგრა. შემთხვევას დაზარალებულები არ მოჰყოლია.

აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ სტადიონზე შტატის ჩემპიონატის მატჩი გაიმართა.

“მინეირანის” არენაზე 2014 წლის მუნდიალის მატჩები გაიმართება. მათ შორის ნახევარფინალური შეხვედრაც.

ზიკო: „მსოფლიოს ჩემპიონატის თასი სამხრეთ ამერიკაში დარჩება“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპონატის მოგების ყველაზე კარგი შანსი ბრაზილიის ნაკრებს აქვს. მისი თქმით, „სელესაოს“ კონკურენციას ისევ სამხრეთამერიკული ნაკრებები გაუწევენ.

„თუ ჩვენი გუნდის ძირითადი ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, მაშინ ბრაზილიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. „სელესაოს“ ძირითადი კონკურენტები, ჩემი აზრით, იქნებიან არგენტინა, თავისი ლიონელ მესით და ურუგვაი, რომელსაც შესანიშნავ თავდამსხმელთა სამეული ჰყავს: ლუის სუარესი, დიეგო ფორლანი, ედინსონ კავანი. ასე რომ, ვფიქრობ, მუნდიალის თასი სამხრეთ ამერიკაში დარჩება“, – ზიკოს სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ამბიციური უნდა იყოს“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდი ეცდება, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, „მამლებმა“ 2010 წელს გამართულ მუნდიალზე განცდილი წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ.

„საფრანგეთის ნაკრები ამბიციური უნდა იყოს. ბრაზილიაში მივდივართ სურვილით, რომ ტურნირზე მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც 2010 წელს მოხდა. ეს ისტორიად დარჩება, მაგრამ არ უნდა გავიხსენოთ. მთავარი ისაა, რაც წინ გველის: მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს კედლებში გაიმართება. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. პრესაში ყველაფერი შეიძლება დაიწეროს, თუმცა მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – დეშამის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან ერთად Е ჯგუფში შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები მოხვდნენ.

ბექა დოგრაშვილი