ჰოლანდია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ მეკარე სერხიო რომერო დაასახელეს, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

რაც შეეხება ტურნირის ფინალურ მატჩს, ის 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ბრძოლა მესამე ადგილისთვის წინა დღის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

რა გააკეთა გაბრაზებულმა სილესენმა წუხანდელი შეცვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის 119-ე წუთზე ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა, რამაც ძირითადი კიპერის გაღიზიანება გამოიწვია. სათადარიგო ფეხბურთელთა შორის გადანაცვლებულმა სილესენმა ბრაზისგან წყლის ბოთლებს ფეხიც მიარტყა. ტიმ კრულს რაც შეეხება, მან დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა, ორი დატყმული მოიგერია და ჰოლანდიის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.

გაბრაზებული სილესეენის ნამოქმედარი

 

მატჩის შემდეგ სილესენმა ბოდიში მოიხადა:

„მატჩის დასრულებისთანავე ფრანკ ჰუკს (მეკარეების მწვრთნელი) მოვუბოდიშე. ბოდიშს მთელ გუნდს მოვუხდი. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს მართებული ცვლილება იყო, ტიმმა ფანტასტიურად ითამაშა“.

კრულმა ვან გაალის იმედები გაამართლა

 

ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვან გაალმაც:

„ეს ჯერ კიდევ მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი. ნაკრების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება აქვს. ჩვენს გუნდში პენალტების მოგერიების მხრივ კრული საუკეთესოა. მატჩამდე სილესენს არაფერი არ ვუთხარით, რათა ამას მასზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.

კანავარომ ვან გაალის საქციელი არ მოიწონა

 

აი, ფაბიო კანავაროს კი ვან გაალის საქციელი არ მოეწონა:

„ვიცი, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვან გაალზე ყველა ისე ისაუბრებს, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ პირადად მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. ეს სილესენის მიმართ უპატივცემულობაა. რომელ მეკარეს დააყენებს მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში? სილესენს უკვე ეცოდინება, რომ მწვრთნელი მას 100 პროცენტით არ ენდობა“.

ლინეკერმა სტატისტიკა მოიხმო

 

მეკარის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმაც, რომელმაც კრულის სტატისტიკა მოიხმო:

„ვან გაალმა მეკარე მხოლოდ პენალტების სერიის გამო შეცვალა. სილესენის შეცვლა მისი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის თუ მაინც იცის, რომ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში კრულმა ოციდან მხოლოდ ორი პენალტი მოიგერია?!“

ასეა თუ ისე, ვან გაალის შეცვლამ გაამართლა, ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ჰოლანდია — კოსტა რიკა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან. შეგახსენებთ, რომ ნავასი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთი კვირის წინათ გამართული მატჩის გმირიც გახდა.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

რაფა მარკესი: „პენალტი არ იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ევროპელებმა შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული და კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიგეს. პენალტი არიენ რობენმა მოიპოვა, რომელიც რაფაელ მარკესთან ორთაბრძოლისას დაეცა საჯარიმო მოედანზე.

მექსიკელთა კაპიტანი აცხადებს, რომ ის ჰოლანდიელთა ლიდერს არ შეხებია, მთავარ არბიტრ პედრო პროენსას კი თერთემეტმეტრიანი დარტყმა არ უნდა დაენიშნა.

„პენალტი არ იყო. მე მას არ შევხებივარ. რობენი თავად წამოეგო ჩემს ფეხს. საბოლოო ჯამში, არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა“, – ციტირებს „მარკა“ მარკესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ჰოლანდია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან.

ოჩოამ მატჩი სრულად ჩაამათვრა.

 

ჰოლანდია — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელიც მეორე საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 31 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ავსტრალია — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელმაც მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. მას მიმდინარე ტურნირზე აქტივში უკვე სამი გატანილი გოლი აქვს.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა 5-ჯერ.

 

ინიესტა: „ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის კრახით დაიწყო. „ფურია როხა“ ჰოლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 1:5 განადგურდა და საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა, თუმცა ესპანელთა გამოცდილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს და ჯგუფიდანაც გავა.

„ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ. მცირე დეტალები წონასწორობას გვაკარგვინებს. დღეს ძალიან მძიმე საღამო გვქონდა.

ყველაფრისთვის მზად ვართ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა დღევანდელ მარცხს არ დავივიწყებთ“, – ინიესტას სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანელები დარჩენილ ორ შეხვედრას ჩილესა (18 ივნისი) და ავსტრალიის (23 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ვან პერსი: „ვან გალმა გოლი მიწინასწარმეტყველა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. მატჩის გმირად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა.

„მატჩის წინ ვან გაალმა მითხრა, რომ გოლის გატანა შემეძლო. ასეც მოხდა – ამიტომაც აღვნიშნე ესპანელთა კარში გატანილი პირველი გოლი მწვრთნელთან ერთად. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ტაქტიკა სწორად გავანაალიზეთ და მათ წინააღმდეგ მატჩს სრულად შეიარაღებულნი შევხვდით“, – განაცხადა ვან პერსიმ.

 

ვან გაალი: „თავი არ უნდა მოვიტყუოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩი ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.

„არ ველოდი, რომ ეს ტაქტიკა ასე გაამართლებდა. აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ანგარიშით 5:1 დამარცხება მართლაც შესანიშნავი რამ გახლავთ. ისე, მეექვსეს გატანაც შეგვეძლო. თუმცა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ… ჯგუფიდან ჯერ არ გავსულვართ“, – აღნიშნა ვან გაალმა.

 

დელ ბოსკე: „უნდა ვაღიაროთ, მეტოქემ გვაჯობა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ წაგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ეს სპორტია. მარცხს უნდა შევეგუოთ. მეტოქემ მეორე ტაიმში გვაჯობა.

ახლა ვინმეს დადანაშაულების დრო არ არის. არ ღირს, რომ მარცხი რომელიმე ფეხბურთელს დავაბრალოთ, ეს მთელი გუნდის სისუსტე იყო. ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მით უფრო იკერს.

უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა.

საქმე გავირთულეთ, თუმცა პრობლემა უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დასახელდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ვან პერსიმ მოედანზე 79 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.