ვან გალს ევრას დატოვება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ლუი ვან გალს იმედი აქვს, რომ პატრის ევრა კლუბს არ დატოვებს, იტყობინება Goal.com-ი.

მათი ინფორმაციით, თვითონ ფრანგ ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი. ლუი ვან გალს იმედი აქვს ევრას გამოცდილების, რომელიც “იუნაიტედში” 2006 წლიდან ასპარეზობს. შეგახსენებთ, ლუი ვან გალმა ახლახან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა “წითელ ეშმაკებთან” და დანიშნულ იქნა “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელად.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/

La Stampa: ევრამ „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი პატრის ევრა ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

Football Italia „ლა სტამპაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ პარასკევს ფრანგი ფეხბურთელი ტურინს ეწვია, სადაც „ბიანკონერისთან“ კონტრაქტის ბოლო დეტალები განიხილა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. ამდენად, ევრა „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურინულმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ აგრეთვე უსასყიდლოდ გადმოიბირა ევრას თანამემამულე პოლ პოგბა.

ფრანგი მცველისთვის იტალია უცხო არ არის, რადგან კარიერა სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო. ის 1998-დამ 2000 წლამდე იტალიურ კლუბებში – „მარსალასა“ და „მონცაში“ გამოდიოდა. ევრა იტალიურ ენასაც თავისუფლად ფლობს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მცველი „იუვენტუსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბექა დოგრაშვილი

ევრა „იუვენტუსში“?

Goal.com-ს ცნობით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველთან პატრის ევრასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ინგლისურ კლუბთან 33 წლის მცველს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არსებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შეთანხმების კიდევ ერთ წლით გახანგრძლივების უფლება აქვთ, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იგი ჯერ არ გააქტიურა.

ტურინელები ევრას აგენტს ფედერიკო პასტორელოსაც დაუკავშირდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ აგენტსა და მოთამაშეს კვირაში ხელფასის სახით ამჟამინდელ ხელფასზე 90 ათასი ფუნტით ნაკლების გადახდაზე დაითანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევრას შეძენის სურვილი „ინტერსაც“ აქვს, სადაც მომავალი სეზონიდან „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი კაპიტანი ნემანია ვიდიჩ გადაბარგდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ევრა გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველს პატრის ევრას ჯერ არ იცის გააგრძელებს თუ არა კლუბთან კონტრაქტს. ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს. ევრას კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში იწურება. 32 წლის მცველით “ინტერი” და “მონაკო” ინტერესდებიან.

“საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებ. ჩემი აგენტი “მანჩესტერეის” ხელმძღვანელობას შეხვდება და ყველაფერი ამის მერე გაირკვევა. რაც შეეხება ჩვენს წლევანდელ ასპარეზობას… ფაქტია, რომ სეზონი ჩაგვივარდა და კრიტიკაც დავიმსახურეთ” – განაცხადა ევრამ.

პატრის ევრას სუპერგოლი “ბაიერნის” კარში

9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, პატრის ევრამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

პატრის ევრას სახეში ფეხი უთავაზეს

5 მარტს, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:0), ერთ-ერთ მომენტში პატრის ევრას სახეში ფეხი ჩაარტყეს.

„ინტერი“ ევრას „უთვალთვალებს“

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს (0:0) მილანის „ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო დაესწრო. იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი პატრის ევრა იყო, რომელსაც „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. „ნერიაძური“ აპირებს, ფრანგ ფეხბურთელს ზუსტად ისეთი კონტრაქტი შესთავაზოს, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთ მცველ ნემანია ვიდიჩს შესთავაზა – ხელშეკრულება სქემით „2+1“.

ევრას გარდა, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა „არსენალის“ ფეხბურთელი ბაკარი სანია, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ევრამ ინგლისის პრემიერლიგის 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

ევრა: „არამგონია, რასიზმის დამარცხება შევძლოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის პატრის ევრას აზრით, ფეხბურთში რასიზმის დამარცხება შეუძლებელია.

„რასიზმის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. მაგრამ ახლა, როგორც თქვა იაია ტურემ, უეფას რაღაცის გაკეთება მოუწევს. ამ თემაზე საუბარი ყოველწლიურად არის. ბევრი ადამიანი იმდენად გაუნათლებელია, რომ შავკანიანი მოთამაშეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებს“, – აცხადებს ევრა.

„მე ადამიანი ვარ და ჩემი კანის ფერს მნიშნელობა არ აქვს. ძალიან ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს. არ ვიცი, თუ რას აპირებს თვითონ იაია. ყველას თავის აზრი გაგვაჩნია, თუმცა, მსურს, დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მიუხედავად ამისა, არამგონია, რასიზმის დამარცხება ვინმემ შეძლოს“ , – დაასრულა „წითელი ეშმაკების“ მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“მონაკოს” ევრას დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან ლიგა 1-ში აღმოჩნდეს.

მოგეხსენებათ, მომდევნო ზაფხულს პატრის ევრას კონტრაქტს “წითელ ეშმაკებთან” ვადა გასდის. მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ, ამიტომაც, მედიამ 32 წლის მოთამაშის სავარაუდო მომავლის განხილვა დაიწყო.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის შეძენით მისი ყოფილი გუნდი, მდიდარი “მონაკოს” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ისინი ევრასთვის “გემრიელი კონტრაქტის” შეთავაზებას აპირებენ.

შეგახსენებთ, ევრა მანჩესტერელთა შემადგენლობას 2006 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სწორედ “მონაკოდან” შეუერთდა. მაშინ “იუნაიტედმა” მის სანაცვლოდ 5.500.000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ამ დროის მანძილზე, ფრანგმა მარცხენა მცველმა 244 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

სანდრო საპანაძე

კონფლიქტი ევრასა და ლიზარაზუს შორის

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი პატრის ევრა ჟურნალისტთა ნაწილს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. 32 წლის ფეხბურთელის უკმაყოფილება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ბიქსენტ ლიზარაზუს სიტყვებმა გამოიწვია. ლიზარაზუმ, რომელიც ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობს, ევრა გააკრიტიკა.

„ზოგიერთი ფრანგი ჟურნალისტი ნამდვილი პარაზიტია. ისინი ხალხს ატყუებენ, რათა უარყოფითი კუთხით წარმომაჩინონ. 2010 წლის მუნდიალზე ჩემთვის არ დაუსტვენიათ. ამპარტავანი ვარ? ეს არაფერია. ხალხი ქუჩაში თბილად მხვდება, პრობლემა არავისთან მაქვს, მხოლოდ –  რამდენიმე კომენტატორთან. ლიზარაზუს ვგულისხმობ, რომელიც არ ვიცი, რატომ გამოდის ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, რაიმე მიზეზი აქვს. ორჯერ გავხდი მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი, ოთხჯერ კი – პრემიერლიგის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველი. ის ოდესმე დაუსახელებიათ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მარცხენა მცველად? ლიზარაზუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხელი არ ჩამომართვა, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში პირველი მატჩი ჩავატარე“, – აღნიშნა ევრამ ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო გადაცემაში.

ლიზარაზუმ, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობას მიეკუთვნება, ევრას შესახებ ასეთი რამ თქვა:

„ის ამბობს, რომ იმიჯს უბღალავენ. განა ეს არის ჩვენი ვალდებულება? ევრა საკუთარ თავს თვითონვე უშავებს. მან ერთხელ უკვე შებღალა თავისი იმიჯი სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა იგივეს იმეორებს“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალზე ევრა ნიკოლა ანელკას პროტესტს შეუერთდა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.

ბექა დოგრაშვილი