რიბერი: “მთავარია, გუნდური თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ!”

მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერმა, ფრანკ რიბერიმ უეფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპის საუკეთესო კლუბის წოდების დაცვის სირთულეზე ისაუბრა.

“ცოტა ხნის წინ ამ ტიტულზე მხოლოდ ვოცნებობდით. გასულ სეზონში, როგორც იქნა მივაღწიეთ და ევროპული ფეხბურთის მწვერვალი დავიპყრეთ. “ბორუსიის” დამარცხება იოლი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ჩემი აზრით, დამატებითი წნეხის ქვეშ გვაქცევდა ისიც, რომ ფინალამდე ყველა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად მოვიგეთ”.

“ვთვლი, რომ შარშანდელი შედეგის გასამეორებლად, პირველ რიგში გასული სეზონი საერთოდ უნდა დავივიწყოთ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაქსიმალური კონცენტრაცია ვიქონიოთ და რაც მთავარია, ვითამაშოთ, დავტკბეთ და ვისიამოვნოთ გუნდური ფეხბურთით”,- ამბობს რიბერი.

მესის დაუცხრომელი წყურვილი

გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის კლუბთან ერთად მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, თუმცა ეს იმის სურვილს არ ანელებს, რომ არგენტინელმა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

„ყოველთვის ვისწრაფით ახალი მიღწევებისკენ. მას შემდეგ, რაც გასულ წელს მადრიდის „რეალმა“ საჩემპიონო ტიტული აგვართვა, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ეროვნული ჩემპიონატის მოგებამ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის სხვაობა აშკარად გამოჩნდა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა ეს უკვე წარსულია. წინ უნდა ვიყუროთ“, – ამბობს მესი უეფას ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თქმა არ უნდა იმას, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე რეაბილიტაცია სურს, თუმცა ამისთვის გუნდმა ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს. არადა, კატალონიურ გრანდს საკმაოდ რთული მეტოქეები შეხვდა: „მილანი“, ამსტერდამის „აიაქსი“ და გლაზგოს „სელტიკი“.

„რთული ჯგუფია, თუმცა ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია, პირველი ნაბიჯების გაკეთებაც კი რთული იქნება. წელს საკმაოდ თანაბარი ჯგუფებია და კარგ თამაშებს მოველი. ვიმედოვნებ, ჩვენს საუკეთესო დონეს ვაჩვენებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
ჩვენს ჯგუფში სახელგანთქმული გუნდები მოხვდნენ. მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. „აიაქსს“ არცთუ ისე კარგად ვიცნობთ, თუმცა ამსტერდამული გუნდის თამაშები ნანახი გვაქვს. ასე რომ, საინტერესო ჯგუფია“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა მესის ხერარდო მარტინესსთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს, ისინი ხომ ერთი ქალაქიდან არიან – როსარიოდან.

„ახალ თავკაცს ძალიან მალე შევეჩვიეთ. ვცდილობთ, მისი მოთხოვნები შევასრულოთ, ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რასაც აქამდე ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ახალია, რომელსაც ახალი იდეები ამოძრავებს, თუმცა ჩვენი განწყობა არ შეცვლილა – სეზონი მაქსიმალურად კარგად უნდა დავიწყოთ, რათა ყველა ფრონტზე წარმატებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

მოგეხსენებათ, ევროპის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელეს. ლეო მესიმ ჩვეული თავმდაბლობით გააკეთა ამის შესახებ კომენტარი.

„მახარებს ის ფაქტი, რომ მესამედ მოვხვდი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და მიხარია, რომ მათ კონკურენციას ვუწევ. რიბერიმ ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო“, – განაცხადა მესიმ.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი ”ოქროს ბურთზე” ფიქრობს

მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველს ფრანკ რიბერის ახალი მიზნები აქვს. ამჯერად, 30 წლის ფეხბურთელი ”ოქროს ბურთის” მოგებაზე ფიქრობს.

”რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ”ოქროს ბურთის” მოგება შემიძლია. გასულ სეზონში მოედანზე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ამ ტიტულის მოგებისთვის არის საჭირო. როგორც პროფესიონალი მოვიქეცი და ჩემს გუნდთან ერთად შესანიშნავი სეზონი გამომივიდა – ყველანი კმაყოფილნი დავრჩით”, – განაცხადა ფრანკმა.

”საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღება და ამავე დროს, მესისა და რონალდუზე უკეთესი შედეგის ჩვენება – შესანიშნავი მიღწევაა. ამჟამად, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. სპორტული თვალსაზრისით, ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი წყალობით, თავდაჯერებულობა მემატება’, – დაასრულა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 30 წლის ფრანგმა ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და ამავე დროს, 18 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ალექსანდრე მატევოსოვი