პრემიერ ლიგის ახალი სეზონი საკმაოდ სწრაფად გვიახლოვდება და საჭიროდ ვთვლით, განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის ახალი სეზონი გვიქადის.
პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონი სტარტს 10 აგვისტოს აიღებს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლესტერ სიტის” მონაწილეობით “ოლდ ტრაფორდზე”. გთავაზობთ ახალი სეზონის სიახლეების მცირე ნუსხას…
მწვრთნელები
გასული სეზონის შემდეგ პრემიერ ლიგის ოთხმა კლუბმა შეიცვალა მწვრთნელი.
ალბათ, არსენ ვენგერის შემცვლელით უნდა დავიწყოთ. 22-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა საკუთარი ტახტი “პარი სენ-ჟერმენის” ექს-თავკაც უნაი ემერის დაუთმო. მისთვის პირველივე მატჩი რთული გამოცდა იქნება, რომელშიც მას მოქმედი ჩემპიონის დამარცხება მოუწევს.
ქარიზმატული ატონიო კონტე “არისტოკრატებმა” ასევე ქარიზმატული მაურიციო სარით შეცვალეს, რომელიც გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანასა და სათამაშო სტილის შექმნას დაგვპირდა.
“ევერტონში” სემ ალარდაისი მარკო სილვამ შეცვალა. მანუელ პელეგრინიმ კი, რომელმაც “სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო, “ვესტ ჰემში” დევიდ მოიესი შეცვალა.
კლუბები
პრემიერ ლიგის ახალი სეზონის სამივე ახალწვეულს აქვს გამოცდილი, თუ რაოდენ რთული და სასიამოვნოა ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში თამაში. ეს კლუბები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი წინამორბედების შედეგი გაიმეორონ და პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ.
Sky Bet-ის სახელობის ჩემფიონშიპი გასულ სეზონში “ვულვზმა” მოიგო დაგროვებული 99 ქულის წყალობით. ასე რომ, ექვსი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეეცდებიან ბრიტანეთის საუკეთესო ჩემპიონატში საკუთარი ძალების დემონსტრირებას.
“ვულვზს” პრემიერ ლიგაში “კარდიფი” და “ფულჰემი” გადმოყვნენ, რომლებიც 2013/14 წლების სეზონში ერთად დაემშვიდობნენ აღნიშნულ ჩემპიონატს.აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბს ჰყავს წარმოუდგენლად მოტივირებული და ქარიზმატული ფეხბურთელები, რომლებიც მზადა არიან “ლესტერ სიტის” სასწაულიც კი გაიმეორონ.
ფეხბურთელები
როგორც წესი, “არსენალი” სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად არ აქტიურობს. უნაი ემერიმ უკვე გააკეთა ხუთი ტრანსფერი. “მეთოფეთა” რიგებში მეკარე ბერნდ ლენო და ლუკას ტორეირა. როგორც ჩანს, ამით ემერიმ საქმე უკვე მოისტუმრა და “არსენალისთვის” სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა.
როგორც იქნა, მერსესაიდულ “ლივერპულს” შეუერთდა ნაბი კეიტა. მის ნაკვალევს გაჰყვა მეკარე ალისონი, ფაბინიო და ჟერდან შაქირიც. “მანჩესტერ სიტიმ” მსოფლიოს მიერ აღიარებული რიად მაჰრეზი დაიმატა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი ორი ნიჭიერი ფეხბურთელით გაძლიერდა – ფრედი და დალოტი.
“ფულჰემმა” დიდ კლუბებს აჯობა და ჟან მიშელ სერი დაიმატა მაშინ, როდესაც “ვესტ ჰემმა” ფელიპე ანდერსონი სარეკორდო თანხად დაიმატა. მათ რიგებს ამავდროულად შეუერთდა ჯეკ უილშირი და ანდრეი იარმოლენკოც.
სატრანსფერო ფანჯარა
პრემიერ ლიგის კლუბებს წელს ახალი “დედლაინი” ექნებათ. როგორც ცნობილი ხდება, კლუბებს ტრანსფერების განხორციელების ვადა 9 აგვისტომდე ექნებათ, რათა თავიდან აირიდონ ყოველგვარი ქაოსი სეზონის მიდმინარეობისას.
FIFA-ს წესების თანახმად ყოველ კლუბს უნდა მიეცეს 12 კვირა ტრანსფერებისთვის. რადგანაც სხვა ევროპულ ჩემპიონატებს პრემიერ ლიგის მსგავსი ზომები არ მიუღიათ, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბიდან წასვლა 31 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჩვეულებისამებრ ჩატარდება.
სტადიონი
“უემბლიზე” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, “ტოტენჰემს” საკუთარ სტადიონზე გადასვლის პატივი ერგება. პირველი ოთხიდან სამი თამაში “ტოტენჰემისთვის” საგარეო იქნება. მეოთხე მატჩში კი ის “უემბლის” დაემშვიდობება და 15 სექტემბერს დაგეგმილი გრანდიოზული გახსნითი ცერემონიალისთვის მოემზადება, რომლის შემდეგაც “დეზები” “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან.
ბურთი
რა ხიბლი აქვს ახალ სეზონს ახალი ბურთის გარეშე? საუკეთესო ფეხბურთის სათამაშოდ “ნაიკმა” სპეციალურად პრემიერ ლიგისთვის შექმნა ბურთი სახელწოდებით – “მერლინი”.