ჯერარდი: „ისე თამაში შეგვიძლია, რომ იტალიელებს შოკში ჩავაგდებთ“

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მის გუნდს ბევრის გაოცება შეუძლია. 33 წლის ნახევარმცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „სამმა ლომა“ სასტარტო მატჩში, რომელიც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება, წარმატებით ითამაშოს.

„ნიჭი და უნარი გაგვაჩნია. თუ ცოტა იღბალიც გაგვიმართლებს, ინგლისის ნაკრებს ბევრის გაოცება შეუძლია. ჩვენი პირველი მიზანი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ სასტარტო შეხვედრაში კარგი თამაშია.

იტალიელებს, რა თქმა უნდა, ძალზედ გამოცდილი გუნდი ჰყავთ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია. ჩვენ ისე თამაში შეგვიძლია, რომ იტალიელებს შოკში ჩავაგდებთ“, – ჯერარდის სიტყვები Liverpool Echo-მ გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 17 დღე დარჩა. მატჩი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის 15 ივნისს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

“ჩელსიმ” ლამპარდი გაუშვა

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფრენკ ლამპარდი ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი აღარ არის.

35 წლის ლამპარდი, ეშლი კოულთან, სამუელ ეტოოსთან და მარკ შვარცერთან ერთად, იმ მოთამაშეებს შორის მოხვდა, რომლებიც თავისუფალი აგენტები გახდნენ.

შეგახსნებთ, რომ ლამპარდი “ჩელსიში” 2001 წელს, “ვესტ ჰემიდან” გადავიდა. გამოცდილმა ნახევარმცველმა ლონდონელებთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო. “ჩელსიში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი, ლამპარდი კლუბის ისტორიაში მესამე პოზიციას იკავებს.

“არსენალის” ფრანგი და გერმანელი ფეხბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს “არსენალის” ფრანგი და გერმანელი ფეხბურთელები სახალისო კონკურსში.

“ევერტონელი” ფეხბურთელების სახალისო შეჯიბრი

ინგლისური “ევერტონის” ფეხბურთელებმა როს ბარკლიმ და ფილ იაგიელკამ საკმაოდ სახალისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

რუნი და სტერლინგი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენენ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახდენენ ტექნიკის დემონსტრირებას უეინ რუნი და რაჰეემ სტერლინგი.

ჯო ჰარტი: „ბრაზილიაში არსებულ მაღალ ტემპერატურას უნდა შევეგუოთ“

ინგლისის ნაკრების კიპერმა ჯო ჰარტმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სიცხე ფეხბურთელებს დამატებით დისკომფორტს შეუქმნის, თუმცა ეს საბაბად ვერ გამოდგება.

„ბრაზილიაში მაღალი ტემპერატურა იქნება და ამას როგორმე უნდა შევეგუოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ცუდი თამაშის გამამართლებელ საბაბად ვერ გამოდგება. სიცხე – ეს უბრალოდ ამინდია“, – ჰარტის სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს მეტოქეებად იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს.

 

ჯერარდი და ლამპარდი მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებენ

ბრიტანული „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების კაპიტანი სტივენ ჯერარდი სანაკრებო კარიერას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

ბრაზილიაში გასამართი მუნდიალი  ჯერარდისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.

წყაროს ცნობით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლონდონის „ჩელსის“ 35 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმაც.

ჯერარდმა ინგლისის ნაკრებში 109, ლამპარდმა კი 103 მატჩი ჩაატარა.

 

ლამპარდი მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტანი იქნება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაინიშნა. საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს, რომელიც „სამი ლომის“ პირველი კაპიტანია.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლამპარდისა და ჯერარდის შესახებ ისაუბრა.

„ფრენკი ნაკრების ვიცე-კაპიტანია. ჯერარდის არყოფნის შემთხვევაში, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ისედაც ლამპარდი მიუძღვებოდა და თავის საქმეს შესანიშნავადაც ასრულებდა. ვთვლი, რომ გამოცდილებისა და ოსტატობის გათვალისწინებით მას შეუძლია, ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყოს.

ვიცი, რომ ჯერარდი სეზონის შედეგებით იმედგაცრუებულია, თუმცა ახლა მას მუნდიალი ელის. ის ფსიქოლოგიურად ძლიერია. ჯერარდი პრემიერლიგაში განცდილ წარუმატებლობას დაივიწყებს და მსოფლიოს ჩემპიონტს აწეული თავით შეხვდება“, – როი ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

35 წლის ლამპარდის ანგარიშზე ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებული 103 მატჩია. ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „თუ მუნდიალზე ჯერარდი ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს“

„ლივერპულის“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ურუგვაის ნაკრების მეტოქეთა რიგებში მისი თანაკლუბელები ითამაშებენ.

„ყველაფერი არც ისე ადვილი იქნება, რადგან, მსურს, საკუთარ ქვეყანას დავეხმარო, ისევე, როგორც ჯერარდს, რომელიც ინგლისზე ფიქრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სტივი ჩემ კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „ლივერპულის“ ისტორიაში იგი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემთვის იგი საუკეთესო პარტნიორად სამუდამოდ დარჩება. ჯერარდი კაპიტანია, რადგან მთელ გუნდს ეხმარება.

ასევე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში იმიტომაც გაგვიჭირდება, რომ მოედნის გარეთ მეგობრები ვართ. თუმცა თამაშის დროს ყველაფერს ვივიწყებთ. თუ იგი რამე ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს. ამაში გასაკვირი არაფერია.

ურუგვაის ნაკრებს ჩინებული გუნდი ჰყავს. წინა ტურნირზე ცუდად არ გვითამაშია. თუ მუნდიალისთვის მშვიდად მოვემზადებით, მაშინ ნახევარფინალამდე მისვლას კვლავ შევძლებთ. მაგრამ, თუ ყველა იყვირებს, რომ ურუგვაი საუკეთესოა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სუარესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი

ტონი ადამსი: „ინგლისის ნაკრები ასეთი მცველებით კარს მშრალად ვერ შეინახავს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა ინგლისის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გააკრიტიკა. კერძოდ, ადამსის შეშფოთებას „სამი ლომის“ დაცვითი ხაზი იწვევს.

„ინგლისის ნაკრების დაცვა მაშფოთებს. ეს მცველები არ არიან იმ დონისანი, რომ ტოპ-გუნდების წინააღმდეგ მატჩებში კარი მშრალად შეინახონ.
დაცვითი ხაზი ჩვენი სისუსტეა და ეს მაშფოთებს. განაცხადში ჯონ ტერი უნდა შეეყვანათ“, – ციტირებს ადამსის სიტყვებს „თოქსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა „ჩელსის“ კიდევ ერთი მცველი ეშლი კოული.

„ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადში ეშლი კოული არ შეიყვანა. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია. შესაძლოა, სეზონის განმავლობაში ის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შვიდ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ეშლი კოული დიდებული მცველია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილება აუცილებელი ფაქტორია. ჩემი აზრით, მისი სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვება შეცდომაა“, – აღნიშნა ტონი ადამსმა.

ბექა დოგრაშვილი

“ტოტენჰემის” ფეხბურთელმა ჰოვარდ უები “მოცელა”

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლევის ჰოლტბიმ მთავარი არბიტრი ჰოვარდ უები “მოცელა”.