ზლატანს იმედი არ აქვს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “ოქროს ბურთის” მოგების იმედი არ აქვს.

“ვფიქრობ, გასული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. სწორედ ასეთ თამაშს ვისახავ მიზნად. უკეთ და უკეთ ვთამაშობ, მაგრამ “ოქროს ბურთის” მოგების დიდი იმედი არ მაქვს. ამას მშვენივრად ვხვდები. მსოფლიოს ჩემპონატზე არ მითამაშია და რთულია, სხვებს კონკურენცია გავუწიო”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინათ ფიფამ “ოქროს ბურთის” 23 ნომინანტი დაასახელა.

 

კავანი “პსჟ”-ში რჩება

ფრანგული “კანალ პლუსის” ცნობით, ედინსონ კავანი უახლოეს სატრანსფერო პერიოდში “პარი სენ-ჟერმენიდან” სხვა გუნდში არ გადავა.

ბოლო ხანებში ურუგვაელი თავდამსხმელი ჩვეულად ვეღარ თამაშობს, არადა პარიზელებს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ. აქედან გამომდინარე, სულ უფრო ხშირად ისმის ხმები მის შესახებ, რომ კავანი მალე “პარი სენ-ჟერმენს” დატოვებს. ყველაზე მეტად ინგლისური კლუბები იჩენენ მის მიმართ ინტერესს.

კავანის “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” უკავშირებდნენ, თუმცა თუ “კანალ პლუსის” მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ურუგვაელი ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარსაც პარიზში გაატარებს.

27 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

 

დავიდ ლუისი: “დღეს ოცნება ამიხდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან გატანილი სამი ბურთიდან ერთი დავიდ ლუისის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ოცნება აუხდა.

“ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. სეზონი არცთუ ისე კარგად დავიწყეთ, თუმცა დღეს ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინა. ასეთ მატჩში გოლის გატანა მართლაც წარმოუდგენელი რამ გახლავთ. ჯერ ყველას მოლოდინი არ გამიმართლებია, თუმცა მე დღეს ოცნება ამიხდა”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჯგუფებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად გადადით ბმულზე: ცხრილები

 

იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპს II ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა “ლიონის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარცხენა ქუსლი დაიშავა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპონატის ბოლო ორი ტურის გამოტოვებაც მოუხდა.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროთ 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ნიკოლა რიცოლის ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ზლატანმა რონალდუს უნიკალური რეკორდი გაიმეორა

“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული უნიკალური რეკორდი გაიმეორა.

ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ზლატანმა ორი გოლი გაიტანა — მე-4 და 24-ე წუთებზე. რეკორდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შვედ თავდამსხმელს საფეხბურთო მატჩის თითოეულ წუთზე აქვს გოლი გატანილი.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა ამ გოლებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ის 50 გატანილი ბურთით შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბრანდაომ გუშინ მხოლოდ ტიაგო მოტა როდი იმსხვერპლა

როგორც გუშინ გაუწყეთ, უსიამოვნო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ჩემპიოანტის II ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთადერთი რამ არ ყოფილა, რაც გუშინ ბრანდაომ დააშავა.”პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ “ბასტიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბრანდაომ პარიზელთა მცველ გრეგორი ვან დერ ვილს ზურგში მუხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვან დერ ვილს წელის მალა აქვს გატეხილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება 26 წლის ფეხბურთელი მოედანს.

 

იბრა დაშავდა, “პარი სენ-ჟერმენმა” მოიგო

საფრანგეთის ჩემპიონატის II ტურში “ბასტიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავდა.

დრიბლინგის მცდელობის დროს შვედმა ფეხბურთელმა მტკივნეული დარტყმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მატჩის მე-16 წუთზე თამაშში არგენტინელი თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი ჩაერთო.

“პარი სენ-ჟერმენმა” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა: გოლები ლუკას მოურამ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

ზლატანი 2016 წელს კარიერის დასრულებას აპირებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ  კარიერას, სავარაუდოდ, სწორედ პარიზულ კლუბში დაასრულებს.

“მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდის. მომდევნო სეზონში 34 წლის ვიქნები და საეჭვოა, უმაღლეს დონეზე თამაში გავაგრძელო. ასე რომ, ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენი” ჩემი უკანასკნელი კლუბი იქნება”, – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Metro.

იბრაჰიმოვიჩი ჰოლანდიის ორგზის, იტალიის ოთხგზის, ესპანეთის ერთგზის და საფრანგეთის ორგზის ჩემპიონია. უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოსთან ერთად ზლატანს 2012 წელს “ოქროს ბუცი” აქვს მოგებული.

 

“პარი სენ-ჟერმენმა” სეზონი ყაიმით დაიწყო

საფრანგეთის პირველი ლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშება “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-7 წუთზე პარიზელებმა გახსნეს, თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა. მე-19 წუთზე შვედმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ანგარიში გათანაბრდა კიდეც. გოლი პრინს ონიანგემ გაიტანა. 34-ე წუთზე “რეიმსი” სულაც წინ გავიდა: ამჯერად გატანილი ბურთით თავი ანტუან დევომ გამოიჩინა, თუმცა პარიზელებმა მატჩის გადარჩენა შეძლეს: 63-ე წუთზე ზლატნმა დუბლი გაიფორმა.

“რეიმსი” — “პსჟ” 2:2 (2:1)
გოლები: ონიანგე 22′, დევო 63′ — იბრაჰიმოვიჩი 7′, 63′.

“პარი სენ-ჟერმენმა” დავიდ ლუისი წარადგინა

“პარი სენ-ჟერმენმა” კლუბის ახალწვეული დავიდ ლუისი წარადგინა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც პარიზულ გუნდში ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა, 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დავიდ ლუისის სანაცვლოდ “პარი სენ-ჟერმენმა” 50 მილიონო ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

ესეკიელ ლავესი ეროტიკული შინაარსის ფოტოზე

ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულმა ესეკიელ ლავესის ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეროტიკული შინაარსის ფოტოზე არგენტინელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად არის აღბეჭდილი. სხვათა შორის, ლავესი ერთ-ერთი არგენტინული სამოდელო ინტერნეტმაღაზიის მოდელადაც მუშაობს.

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი მოიგო

ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში “პარი სენ-ჟერმენსა” და “გენგამს” შორის საფრანგეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გამართული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მე-20 წუთზე კი დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე “გენგამის” ფეხბურთელებს ერთი ბურთის გაქვითვის შანსი მიეცათ, თუმცა მუსტაფა იატაბარემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, პარიზელთა კიპერმა სალვატორე სირიგუმ მოიგერია.

ამრიგად, “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო (1995, 1998, 2013, 2014).