“პსჟ” დი მარიას სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

ესპანური Sport-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენმა” ანხელ დი მარიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მადრიდის “რეალთან” შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონ ევროდ ფასდება: პარიზელები 10 მილიონ ევროს მაშინვე გადაიხდიან, დანარჩენ 70 მილიონს კი – სეზონის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ „რეალის“ ფორმით გასულ სეზონში 52 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ლავესი “ლივერპულში”?

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს.

The Independent-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელ ფეხბურთელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

ლავესის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკოც” იჩენს.

გასულ სეზონში ესეკიელ ლავესიმ საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელმა თავდამსხმელმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

 

კრისტოფ ჟალე „ლიონში“ გადავიდა

ფრანგი მცველი კრისტოფ ჟალე „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლიონში“ გადავიდა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

30 წლის მცველმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა.

კრისტოფ ჟალე „ლიონში“ 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

სერჟ ორიე „პსჟ“-ში გაანათხოვრეს

როგორც მოსალოდნელი იყო, „ტულუზას“ კოტ დივუარელი მცველი სერჟ ორიე იჯარის წესით „პარი სენ-ჟერმენში“ გაანათხოვრეს.

ფრანგული პრესის ცნობით, მომავალში პარიზელებს 10 მილიონ ევროდ 21 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო ზაფხულს ორიე „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სერჟ ორიე მარჯვენა ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობს. 2013/14 წლების სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კოტ დივუარელი მცველი „პარი სენ-ჟერმენში“ 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

რონალდინიო: „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე სულ ცოტა დამაკლდა“

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიო განაცხადა, რომ 2003 წელს შეეძლო, „ბარსელონას“ ნაცვლად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.

„თითქმის უკვე „იუნაიტედში“ ვიყავი გადასული. შესაძლებელი იყო, 48 საათში ყველაფერი გადაწყვეტილიყო, თუმცა სანამ „წითელი ეშმაკებისგან“ წინადადებას მივიღებდი, მანამდე ჟოან ლაპორტამ მკითხა, გადავიდოდი თუ არა „ბარსელონაში“, თუ ის კლუბის პრეზიდენტი გახდებოდა. მე ვუპასუხე, რომ გადავიდოდი.

„იუნაიტედთან“ მცირე დეტალებიღა იყო შესათანხმებელი, როცა ლაპორტამ დამირეკა და მითხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა. როგორც გითხარით, შეპირებული ვიყავი, თუ ის გახდებოდა პრეზიდენტი, კატალონიურ გუნდში გადავიდოდი. ინგლისელებს ვუთხარი, რომ არჩევანი „ბარსელონაზე“ გავაკეთე.

ეს მართებული არჩევანი იყო. ბრაზილიელებს „ბარსელონა“ ყოველთვის უყვარდათ. ამ კლუბში ჩვენც გვაქვს ჩვენი ისტორია. ფეხბურთი გვერდზე რომ გადავდოთ, ბარსელონას მსგავსი ქალაქი ევროპაში არ მოიძებნება. ბედნიერი ვარ, რომ კატალონიურ გუნდში ვითამაშე“, – განაცხადა რონალდინიომ FourFourTwo-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

 

ოფიციალურად: ჟერემი მენეზი „მილანში“ გადავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგი ნახევარმცველი ჟერემი მენეზი „მილანში“ გადაბარგდა. 27 წლის ფეხბურთელმა „როსონერისთან“ 2017 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

მენეზი „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მენეზმა 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

ალექსი: „მინდა, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო“

ბრაზილიელმა მცველმა ალექსმა „მილანში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ყველაფერი მშვენიერია. მინდა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო. ერთი სული მაქვს, როდის გავალ „მილანის“ ფორმით მოედანზე. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიაგო სილვამ ამ კლუბზე ბევრი კარგი რამ მითხრეს. „მილანი“ ბევრ ასპექტში ნომერ პირველი კლუბია.

გადმოვა თუ არა ჟერემი მენეზი? მასთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ „მილანი“ მის მიმართ ინტერესს იჩენს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – ალექსის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ალექსი „მილანში“ გადავიდა

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ალექსი „მილანში“ გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ორწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

ალექსი პარიზული კლუბის ღირსებას 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. 17 ივნისს ფეხბურთელს 32 წელი შეუსრულდება.

 

მენეზი ადრიანო გალიანის და ფილიპო ინძაგის შეხვდა

„ფრანს ფუტბოლის“ ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი საკუთარ აგენტთან ერთად იბიცას ერთ-ერთ რესტორანში „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და „როსონერის“ შესაძლო მომავალ მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის შეხვდა.

საუბრისას იტალიურმა მხარემ  ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. წყაროს თანახმად, მენეზი „მილანის“ შემოთავაზებით მოიხიბლა და ლომბარდიაში გადასასვლელადაც დაიწყო მზადება. მოგეხსენებათ, მისთვის იტალია უცხო არ არის, 2008–2011 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა.

„როსონერის“ გარდა, 27 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „მონაკო“, „რომა“ და „ვალენსია“ იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი მენეზს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ბექა დოგრაშვილი

ბრიტანელი მინისტრი უეფას: „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვაზე დაფიქრდით“

დიდი ბრიტანეთის შრომისა და პენსიების მინისტრმა მაიკ პენინგმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან პარიზული კლუბის გარიცხვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

მატჩს ლონდონიდან ჩასული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაესწრნენ. ბრიტანელთა თქმით, მათ პარიზელმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამან გამოიწვია პენინგის აღშფოთება.

„კლუბის დაჯარიმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერაფერს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ღირს, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მონაწილეობის მიზანშეწონილობა განიხილოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მატჩზე დამსწრე ერთ-ერთი ქომაგი ლიზი ჰეიდენი ამბობს, რომ მისი და „ჩელსის“ სხვა გულშემატკივრების მიმართულებით მონეტებს, საღეჭ რეზინებს, ბოთლებსა და სხვა საგნებს ისროდნენ.

„სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. ვგრძნობდი, რომ შანსი არ გვქონდა, რომელიმე ჩვენგანი სერიოზულ დაზიანებას მიიღებდა. თავი ჯოჯოხეთში მეგონა. მდგომარეობის გაკონტროლება არ შემეძლო. ჩვენ ათნი ვიყავით, ისინი კი – ათასობით. მეგონა, რომ მათ ვერ გამოვაღწევდით. მატჩის ბოლოს პანიკაში ჩავვარდი“, – აღნიშნა ჰეიდენმა.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: დავიდ ლუისი „პსჟ“-ში ითამაშებს

დავიდ ლუისი „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

27 წლის მცველს სურდა, რომ საკუთარი მომავალი მაქსიმალურად სწრაფად გაერკვია, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში საკლუბო კარიერაზე ფიქრს ხელი არ შეეშალა. პარასკევს დავიდ ლუისმა „პარი სენ-ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ფრანგული პრესის ცნობით, დავიდ ლუისმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი „4+1″ სქემით გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს.

ამრიგად, თუ უეფა „პარი სენ-ჟერმენს“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის სანქციას არ შეუმსუბუქებს, დავიდ ლუისი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პარიზელთა ერთადერთი შენაძენი იქნება.

ბექა დოგრაშვილი

დორტმუნდის „ბორუსია“ ნაციზმის წინააღმდეგ

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ნაციზმის წინააღმდეგ ორიგინალური ვიდეორგოლი გადაიღო.

კლუბი დაუშვებლად მიიჩნევს სტადიონზე ნაცისტური პროპაგანდის წარმოებას და ეს ვიდეოც სწორედ ამ გამოვლინების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენი პოზიცია ცალსახად ნათელია. ჩვენს სტადიონზე არ შევეგუებით უფლებების დარღვევას. დაშიანებისა და დისკრიმინაციის ადგილი ჩვენს არენაზე არ არის. თუ ვინმეს აქვს არასწორი წარმოდგენა, რომ საკუთარი არაჰუმანური პროპაგანდისთვის ჩვენს კლუბს გამოიყენებს, ეჭვი არ შეეპაროთ იმაში, რომ ჩვენი ოჯახი მათ წინააღმდეგ იმოქმედებს! ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, რომ ასეთი დამოკიდებულება თავიდან ავირიდოთ. ფეხბურთი და ნაციზმი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.

აქვე შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსის“ ფანებმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრიბუნაზე ნაცისტური ბანერი გამოფინეს. აღნიშნულ ინციდენტს უეფა 17 ივლისს განიხილავს.

 

ბექა დოგრაშვილი