წლეულს ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისი ჩათვლით მსოფლიო ახალგაზრდული ალაფა იმართება (მეორე დონის მსოფლიო ახალგაზრდული ტურნირი), სადაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ჩათვლით, 8 მონაწილე გუნდი მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.
20-წლამდე ბორჯღალოსნები ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტიგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ იასპარეზებენ.
ალაფზე საუცხოო ფიზიკური ფორმით და მტკიცე მენტალობით
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირისთვის მზადება დაიწყო. სამწვრთნელო შტაბი ალაფამდე სამი შეკრების და რამდენიმე სპარინგ-მატჩის გამართვას გეგმავს, მაგრამ ტრადიციული მზადების პროცესს წელს ახალი კომპონენტი შეემატა:
მენტალური გამძლების შეკრება, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 8-დან 11 იანვრის ჩათლის რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა.
„დიდი ხანია რაც მსგავსი შეკრების გამართვა გვინდოდა. ამის ორგანიზებაში დასახმარებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, რომელმაც ჩვენი თხოვნის შესაბამისად რეინჯერთა მომზადების ცენტრში ჩვენი ბიჭებისთვის ძალზე საინტერესო, რთული და ინტენსიური კურსი გამართა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც თავდაცვის სამინისტროს და რეინჯერთა მომზადების ცენტრის მთელ შემადგენლობას დიდ მადლობას ვუხდი.“ განაცხადა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ – „ნანახმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს!“ მან ასევე დასძინა.
“ბაზაზე” მისვლიდან კურსის დასრულებამდე, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არ იცოდნენ თუ რა გამოცდა ელოდათ წინ. შეკრების განმავლობაში მათ ძალიან ცოტახანს ეძინათ, ხოლო ჭამისთვის მხოლოდ წუთნახევარი ეძლეოდათ. კურსის განმავლობაში მათ სტრესულ და რთულ გარემოში სხვადასხვა სიძნელეების და დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ. ასრულებდნენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ დავალებებს და თან ამ ყველაფერს მკაცრ კლიმატურ პირობებში, უძილობისა და შიმშილის ფონზე აკეთებდნენ.
ამასთან დაკავშირებით, ნაკრების მწვრთნელებმა ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა ისაუბრეს:
ლადო კილასონია – „ეს იყო მენტალური შეკრება, ანუ ხასიათის გამოცდის შეკრება, სადაც გვინდოდა გვენახა თუ როგორ ზემოქმედებს არანორმალური დატვირთვები მოთამაშეზე – დატვირთვები, რომლებსაც ფიზიკა ვეღარ უძლებს და მთლიანად მენტალური მდგრადობის გამოცდაზე გადადის.“
ზურა ამონაშვილი – „ჩვენ გვინდოდა გვენახა თუ რამდენის გაკეთებას შეძლებლდნენ მას შემდეგ რაც იფიქრებდნენ, რომ აღარაფერის გაკეთება შეეძლოთ. როგორც აღმოჩნდა მათ ბევრად მეტის გაკეთება შეძლებიათ. რათქმაუნდა ჩვენს მიზანს, მხოლოდ მოთამაშეების მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა არ წარმოადგენდა, არამედ გვინდოდა გვენახა ამ დატვირთვების დროს თუ რამდენად შეინარჩუნებდნენ მენტალურ მდგრადობას.“
ლადო კილასონია: „სიტყვებით ნამდვილად რთული გადმოსაცემია თუ რა „ჯოჯოხეთში“ (იცინის) გაიარეს ბიჭებმა. მეც და ზურა ამონაშვილმაც ნაწილობრივ ეს თავზე გამოვცადეთ, ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელმა, გიორგი ნადარეიშვილმა კი სრული კურსი გუნდთან ერთად გაიარა.“
საუბრის ბოლოს მათ დასძინეს, რომ შეკრება ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და ორგანიზებული ინსტრუქტორების მიერ, რისთვისაც საქართველოს რაგბის კავშირის სახელით რეინჯერთა მომზადების ცენტრს დიდ მადლობას ვუხდით!
72 საათით უჩვეულო გარემოში
„ახალგაზრდულმა ნაკრებმა რეინჯერთა მომზადების კურსის „შერჩევის“ ფაზა გაიარა, რომელიც სამ დღეს მოიცავდა. ამ პერიოდში მათ სულ 5 საათი ეძინათ და კვებაზე მხოლოდ წუთნახევარს ვაძლევდით. კურსის განმავლობაში მათ უწევდათ სხვადასხვა დაბრკოლებების და ფიზიკური სირთულეების გადაალხვა – იქნებოდა ეს წონით სირბილი, დიდ მანძილზე ლაშქრობები თუ მარშ-ნახტომები. ეს კურსი გათვლილი იყო ადამიანის მენტალურ გამძლეობაზე, საკუთარი ფიზიკური ძალების ლიმიტის აღმოჩენაზე და მის გადალახვაზე. ეს ყველაფერი მათ კრიტიკულ ვითარებაში დაეხმარებათ სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღებაში.
„გუნდმა ყველა დავალება წარმატებულად შეასრულა. მეც და ინსტრუქტორებმაც მათში შეჯიბრის მიმართ დიდი ინტერესი დავინახეთ – ყველა დავალებას, რომელიც გუნდურობასა და ყველას ჩართულობას მოითხოვდა, ისინი ზედმიწევნით კარგად ართმევდნენ თავს. ეხმარებოდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ საერთო ძალისხმევებით გვერდში მდგომისათვის საქმე გაეადვილებინათ და მოტივაცია აემაღლებინათ – თუმცა რუტინული დავალებების შესრულებას ნაკლები ენთუზიაზმით უდგებოდნენ. დიდი სტრესის, ფიზიკური დაღლიობის, უძილობისა და შიმშილის მიუხედავად, მორაგბეებმა კურსი წარმატებულად გაიარეს. მიმაჩნია, რომ მსგავსი კურსის გავლა ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის თუ გუნდისათვის, ვინაიდან მიუჩვეველ გარემოში, სტრესულ პირობებში ისინი დაინახავენ, რომ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე წარმოედგინათ. მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრებს და სამწვრთნელო შტაბს, ვინაიდან ამ ღონისძიებით მათ ასევე ქართული ჯარის პოპულარიზაცია აამაღლეს.“ განაცხადა რეინჯერთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, მაირომა გიორგი შერაზადაშვილმა.
Rugby.GE