კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

ფეხბურთელის პასუხი რასისტებს

ოთხშაბათს პერუს ჩემპიონატში “სიენსიანოსა” და “ალიანსა ლიმას” შორის გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა.

“სიენსიანოს” გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში “ალიანსა ლიმას” ფეხბურთელებს რასისტულ შეურაწყოფას აყენებდნენ. საბოლოოდ, “ლიმას” მოთამაშემ თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ მას უპასუხა.

იტალიელმა გულშემატკივრებმა მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

იტალიის ეროვნული ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ჩეზარე პრანდელის მიერ გამოძახებული ფეხბურთელები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილებაში მყოფ სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობენ.

სამშაბათს, ერთ-ერთი ვარჯიშისას ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიელმა გულშემატკივრებმა “მილანის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გაირკვა, ასეთი გულშემატკივრების რაოდენობა ოთხი ან ხუთი იყო.

Gazetta Dello Sport-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ბალოტელის თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ ასეთი რამ მხოლოდ რომსა და ფლორენციაში ხდება.

პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.

ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.

„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.

საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

დანი ალვესის მამამ ბანანის მოშენება გადაწყვიტა

„ბარსელონას“ მცველ დანი ალვესის მამამ, რომელიც საკუთარ ფერმას ფლობს, ბანანის მოშენება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ფეხბურთელის მშობლებმა მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ მანგო, ქოქოსი, ნესვი და საზამთრო მოგვყავს. ახლა ბანანსაც მოვიყვანთ. ასეთი იდეა აქამდეც მქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სტადიონზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ მივიღე. სხვათა შორის, დანის ვუთხარი, რომ ტრიბუნიდან გადმოგდებული ბანანი აღარ შეჭამოს. იქნებ, მოწამლული ბანანი გადმოაგდონ?!“ – ფეხბურთელის მამის, დომინგუს ალვესის სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

„ჩემი შვილის ქმედებით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვასწავლიდი, რომ პროვოკაციებს არ უნდა უპასუხოს, რადგან პროვოკატორის მიზანი შენი ნერვების მოშლაა“, – განაცხადა ფეხბურთელის დედამ ლიუსია რიბეირუმ.

ბექა დოგრაშვილი

NBA-ს მფლობელები „კლიპერსის“ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მფლობელები ითხოვენ, რომ დონალდ სტერლინგმა, რომლის რასისტული სიტყვების გამოც სკანდალი დაიწყო, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის პრეზიდენტის“ პოსტი დატოვოს, რის შესახებაც „იაჰუ სპორტსი“ წერს.

„თუ მფლობელები სტერლინგს კლუბს ვერ გააყიდნებენ, საჭირო გახდება ახალი კანონის მიღება. ჯარიმასა და დისკვალიფიკაციას აზრი არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში, ყველაფერი ისე გამოვა, თითქმოს ლიგა ამ არაადამიანს იცავს“, -განაცხადა NBA-ს მფლობელთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კლიპერსის“ მოთამაშეები პლეი-ოფის მეხუთე მატჩისთვის კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგ პროტესტს ამზადებენ

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ კალათბურთელები „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ პლეი-ოფის მეხუთე მატჩისთვის კლუბის პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის რასისტული განცხადების წინააღმდეგ მორიგ პროტესტს ამზადებენ.

წყაროს თქმით, კალათბურთელებს დრო სჭირდებოდათ, რათა საერთო გადაწყვეტილება მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ სერიის ბოლო, მეოთხე მატჩის წინ, „კლიპერსის“ კალათბურთელებმა სავარჯიში მაისურები უკუღმა ჩაიცვეს, რათა კლუბის სიმბოლო არ გამოეჩინათ. გარდა ამისა, სათამაშოდ ისინი შავი წინდებით გამოვიდნენ და ხელებზე შავი სამკლაური გაიკეთეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაიკლ ჯორდანი: „NBA-ში დისკრიმინაცია დაუშვებელია“

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა, რომელიც ამჟამად „შარლოტ ბობკეტსის“ ერთ-ერთი მფლობელია, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის რასისტულ კომენტარს გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ამ ამბავს ორი კუთხით ვუყურებ – როგორც გუნდის მფლობელი და ყოფილი მოთამაშე.

როგორც კლუბის მფლობელისთვის, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც კოლეგას ასეთი შეურაცხმყოფელი აზრები აქვს. დარწმუნებული ვარ, ადამ სილვერი ყველაფერს გამოიძიებს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ყოფილი მოთამაშე, მე განრისხებული ვარ. არც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და არც სხვა ნებისმიერ ადგილას რასიზმი და დისკრიმინაცია არ უნდა იყოს. საწყენია, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ხდება, განსაკუთრებით კი ჩვენი დონის სპორტში. ლიგაში მოთამაშეთა უმრავლესობა აფროამერიკელია, მსგავსი რამ დაუშვებელია“, – ჯორდანის ეს სიტყვები NBA.com-ს მოჰყავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის ადგილი NBA-ში არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეიზდენტს დონალდ სტერლინგს, რომელსაც რასიზმში სდებენ ბრალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არაფერი ესაქმება.

„დონალდ სტერლინგის ადგილი აქ არ არის. თუ გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილია, ლიგისთვის მსგავსი ადამიანის ყოფნა დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი რასის წარმომადგენელი ხარ – მსგავსი სიტყვები ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ჩვენი ლიგის კომისიამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება უნდა გამოაქვეყნოს. არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მსგავსი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მთელი მსოფლიოსთვის ჩვენ სამაგალითო სპორტსმენები და პიროვნებები ვართ. მსგავსი სიტყვები შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია“, – განუცხადა ლებრონმა NBA.com-ს.

ბარაკ ობამა: „კლიპერსის“ პრეზიდენტის სიტყვები შეურაცხმყოფელია“

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ პობამა „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ წამყვანმა გამოცემებმა დონალდ სტერლინგის საუბარი ჩაწერეს, რომელშიც იგი თავის მეგობარ გოგოს აფროამერიკელებთან მეგობრობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

„როდესაც გაუნათლებელ ადამიანებს თავისი დაბალი ინტელექტის ჩვენება სურთ, მათთან კამათს აზრი არ აქვს“, – განუცხადა ობამამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებსაიტს.

გარდა ამისა, ობამამ განაცხადა, რომ ამერიკაში რასიზმთან ბრძოლა გრძელდება და კარგი იქნება, თუკი ქვეყნის ყველა მოქალაქე რასობრივ დისკრიმინაციაზე უარს იტყვის.

იაია ტურე: „ზოგიერთი აფრიკელს ჯერ კიდევ ცხოველად თვლის“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ფერადკანიან ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევიან. კოტ დივუარელი მოთამაშე თანაკლუბელ სამირ ნასრის დაეთანხმა, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ტურე უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო.

„ზოგიერთი ამ დრომდე თვლის, რომ აფრიკელი ცხოველია და არა – ადამიანი. ნასრის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიმართლეა. ნამდვილი აღიარება გულშემატკივრებისგან მოდის, მაგრამ როცა კარგად თამაშობ და პრესაში საკმარისად არ გაღიარებენ, ამას არ უნდა შეეგუო.

აფრიკის ნებისმიერ ნაწილში რომ იკითხოთ, ვინ არის მესი, მაშინვე გიპასუხებენ. იკითხეთ ევროპაში, ვინ არის იაია ტურე. იცით, რას გიპასუხებენ?! „მის შესახებ გამიგია, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობ“. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო, ჩვემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლეგენდა. არც მათ აფასებენ სათანადოდ. ვამაყობ, რომ აფრიკელი ვარ. მინდა, დავამტკიცო, რომ აფრიკელებს ევროპელებზე და სამხრეთ ამერიკელებზე არანაკლებ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში“, – იაია ტურეს სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოსკოვის „ცსკას“ გულშემატკივრებმა ტურეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. აფრიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ამის შესახებ აცნობა, თუმცა მსაჯმა მომხდარი ინციდენტი პროტოკოლში არ შეიტანა. სამაგიეროდ, მოსკოველები უეფამ დასაჯა და „ცსკას“ ერთი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე თამაში მიუსაჯა.

ბექა დოგრაშვილი

ევრა: „არამგონია, რასიზმის დამარცხება შევძლოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის პატრის ევრას აზრით, ფეხბურთში რასიზმის დამარცხება შეუძლებელია.

„რასიზმის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. მაგრამ ახლა, როგორც თქვა იაია ტურემ, უეფას რაღაცის გაკეთება მოუწევს. ამ თემაზე საუბარი ყოველწლიურად არის. ბევრი ადამიანი იმდენად გაუნათლებელია, რომ შავკანიანი მოთამაშეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებს“, – აცხადებს ევრა.

„მე ადამიანი ვარ და ჩემი კანის ფერს მნიშნელობა არ აქვს. ძალიან ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს. არ ვიცი, თუ რას აპირებს თვითონ იაია. ყველას თავის აზრი გაგვაჩნია, თუმცა, მსურს, დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მიუხედავად ამისა, არამგონია, რასიზმის დამარცხება ვინმემ შეძლოს“ , – დაასრულა „წითელი ეშმაკების“ მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი