საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელები ავტოავარიაში მოყვნენ

დღეს ღამით, როდესაც “ჩიხურის” ფეხბურთელები ბათუმიდან სახლში ბრუნდებოდნენ ავტოავარიში მოყვნენ.

შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. საჩხერელთა პრესსამსახურის განცხადებით, ავარიის შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა. შედარებით მეტი პრობლემა შეექმნა გუნდის კაპიტანს, შოთა კაშიას, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის “ჩიხურამ” გუშინ ბათუმის “დინამო” სტუმრად დაამარცხა (2-1).

საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, გასული წლის ვიცე ჩემპიონმა საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა.

საქმე ეხება 29 წლის ცენტრფორვარდს, ბაჩანა ცხადაძეს. როგორც მოგეხსენებათ მრავალწლიანი უცხოური კარიერის შემდეგ, ცხადაძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა. ბოლოს ის “სამტრედიაში” გამოდიოდა, სადაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და დიდი ხანი გაუცდა. დღეს კი, ცნობილი ხდება, რომ ბაჩანა საჩხერელთა რიგებში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის “ჩიხურის” პრესსამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. ცხადაძე ახალ კლუბში ნაცნობი, 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი კორიფაძე: “ჩიხურა” ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ჩემპიონობისთვის ყველაფერს გააკეთებს!”

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად სამტრედიის “სამტრედია” გიორგი კორიფაძის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. საჩხერელთა ფეხბურთელმა 67-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

Fanebi.Com-ი გოლის ავტორს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

– პირველ რიგში, შეაფასეთ შეხვედრა, რა გქონდათ მიზნად დასახული და მიაღწიეთ თუ არა მას?

– ანგარიშგასაწევი მეტოქე გვყავდა და დაძაბული შეხვედრაც გამოვიდა. ჩვენ ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ამ მატჩშიც იმავეს მიღწევა გვსურდა. დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ და მიზანს მივაღწიეთ.

– წინა სეზონში ფინალში დამარცხდით. როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ ტიტულის მოსაგებად?

– ჩემი აზრით, რიგ ეპიზოდებში კონცეტრაცია დაგვაკლდა. იმ ორ შეხვედრაში სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც შედეგზე ცუდად იმოქმედა და თასი სამტრედიელებს დარჩათ.

 – არის თუ არა წინა სეზონზე ძლიერი ამჟამინდელი “ჩიხურა” და შეუძლია თუ არა დიდი მიზნისთვის ბრძოლა?

– მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლა გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავს. თუმცა, სახელი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. მთავარი ჩვენი მონდომება, შრომა და თავდადებული თამაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ნებისმიერ თამაშზე, განურჩევლად, ბოლომდე დავიხარჯებით. გამოჩნდება, მივაღწევთ თუ არა უმაღლეს მიზანს.

– თუ ზაფხულში ეს შემადგენლობა შეინარჩუნეთ, თქვენი აზრით, ევროსარბიელზე რა შანსები გაქვთ?

– იქამდე დიდი დროა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გუნდი როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ ასპექტებს გააუმჯობესებს და საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

– თქვენ როგორ გრძნობთ თავს გუნდში? თუ იქნება შემოთავაზება, გაახანგრძლივებთ კონტრატს?

– აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. “ჩიხურა” ერთი დიდი ოჯახია. თუ კლუბის მხრიდან შემოთავაზება წამოვა, ჩემი პასუხი მხოლოდ დადებითი იქნება.

უმაღლესი ლიგის მეორე ტური – პრევიუ

13 აგვისტოს, შაბათს სტარტს აიღებს უმაღლესი ლიგის მეორე ტური.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატის ნახსენები ტურის პრევიუს.

 “შუქურა” – “ჩიხურა”

შაბათის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ქობულეთის “შუქურასა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გაიმართება. აღნიშნული მატში “ჩელე არენაზე” 17:30 საათზე აიღებს სტარტს. აჭარლებმა პირველი თამაში ქუთაისში, ადგილობრივ “ტორპედოსთან” ჩაატარეს და უგოლო ფრეს მიაღწიეს. “შუქურა” ამ მომენტისთვის წითელი ჯგუფის მეხუთე ადგილზე იმყოფება ერთი ქულით. ქულების იგივე რაოდენობა აქვს “ჩიხურას”, რომელმაც წინა მატჩი საკუთარ კედლებში “ივანწმინდა არენაზე” გამართა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ და საქართველოს მოქმედ ჩემპიონებთან 0-0 ითამაშა. გამომდინარე იქედან, რომ ამ ჯგუფში ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდა, საჩხერული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 1 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მოკლედ, შაბათს გასამართ თამაშში ორივე კლუბი მიმდინარე სეზონის პირველი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

“ლოკომოტივი” – “ტორპედო”

უმაღლესი ლიგის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმავე დღესა და საათზე გაიმართება, “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. წინა ტურში თბილისლებს უქმობამ მოუწიათ და, შესაბამისად, ისინი თეთრი ჯგუფის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. საინტერესოა, როგორ ჩაერთვება ეს გუნდი ახალ სეზონში. ხოლო, “ტორპედომ”, როგორც უკვე ვთქვით, პირველ მატჩში “შუქურასთან ფრედ ითამაშა და ეს კლუბი მეექვსე პოზიციაზეა. ვნახოთ, მოიპოვებს თუ არა იმერული ფეხბურთის ფლაგმანი გამარჯვებას აღნიშნულ თამაშში.

“დინამო” (თბ) – “გურია”

შაბათის დღის დასკვნითი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის 20:00 საათზე გაიმართება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველ ტურში უგოლო ფრე ითამაშა სტუმრად “ჩიხურასთან” და 1 ქულით თეთრი ჯგუფის მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთლებთან დაპირისპირებიდან 5 დღეში, 18 აგვისტოს “დინამო არენაზე” თბილისური გუნდი პაოკ-ს უნდა შეხვდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, “დინამოელთა” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს. სწორედ ეს აძლევს გურულებს იმის შანსს, რომ მინიმუმ ფრისთვის იბრძოლონ. “გურიამ” წინა ტურში “ცხინვალის” წინააღმდეგ იასპარეზა საკუთარ მოედანზე. ეს მატჩიც 0-0 დასრულდა. ამ მომენტისთვის ლანჩხუთის გუნდი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება მას 1 ქულა აქვს.

“დილა” – “ზუგდიდი”

გადავიდეთ წითელ ჯგუფში გასამართ შეხვედრებზე, რომლებიც კვირას ჩატარდება. ერთ-ერთ მათგანში გორის “დილა” ზუგდიდის “ზუგდიდს” დაეჯახება 17:30 საათზე. გორელებმა წინა ტურში დაისვენეს და, შესაბამისად, 0 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ მეგრელებს, ისინი პირველ ტურში თავიანთ მოედანზე ფოთის “კოლხეთთან” დამარცხდნენ. სწორედ იმ თამაშში გავიდა 2016/2017 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის პირველი გოლი, რომლის ავტორი ფოთელთა ფეხბურთელი, გოგონაიაა. მან 26-ე წუთზე პენალტით მოახერხა “ზუგდიდის” კარის აღება. მოკლედ, ამ გუნდს 0 ქულა აქვს და წითელ ჯგუფში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა “ზუგდიდი” პირველი სამი ქულის მოპოვებას მიმდინარე სეზონში.

“სამტრედია” – “სიონი”

ეს მატჩი კვირას, 17:30 საათზე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. მასპინძლებმა წინა თამაში სტუმრად “ჩელე არენაზე”, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარეს. იმ შეხვედრაში გუნდებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და, საბოლოოდ, ტაბლოზე 1-1 დააფიქსირეს. ამჟამად, სამტრედიული კლუბი ერთი ქულით წითელი ჯგუფის მესამე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება “სიონს”… ბოლნისლები პირველ დაპირისპირებაში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე “საბურთალოსთან” ანგარიშით – 1-2 დამარცხდნენ და 0 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ. ერთი სიტყვით, რომელმა კლუბმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს მისი პირველი სამი ქულა იქნება მიმდინარე სეზონში.

“კოლხეთი” – “დინამო” (ბთ)

ბოლო მატჩი, რომელიც უმაღლესი ლიგის მეორე ტურში გაიმართება, “კოლხეთისა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებაა. ეს თამაშიც 17:30 საათზე აიღებს სტარტს. როგორც უკვე ვთქვით, “კოლხეთმა” პირველი მატჩი სტუმრად ზუგდიდში მოიგო და ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება. ხოლო, ბათუმურმა კლუბმა წინა კვირაში, ქობულეთში 1-1 ითამაშა “სამტრედიასთან” და მეოთხე პოზიციას იკავებს. ეს შეხვედრაც, ნამდვილად, საინტერესო უნდა გამოვიდეს.

 

 

 

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” “სამტრედიას” სძლია, “დილა” ლიდერის კვალდაკვალ

როგორც იცით, მიმდინარე კვირას საქართველოს უმაღლესი ლიგა განახლდა.

გუშინ ჩატარდა ჩემპიონატის ორი მატჩი. ზუგდიდის “ზუგდიდმა” ქობულეთის “შუქურა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ხოლო ზესტაფონელები გურულებთან 1-0, თორნიკე მოსიაშვილის გოლით დამარცხდნენ.

დღეს კი გაიმართა შიდა ჩემპიონატის კიდევ ხუთი მატჩი.

“ჩიხურა”(საჩხერე) 2-0 “სიონი”(ბოლნისი)

გოლი: მანჯგალაძე ’31; კორიფაძე ’88

“დინამო”(ბათუმი) 2-0 “მეტალურგი”(რუსთავი)

გოლი: ბერიაშვილი ’40; ტატანაშვილი ’47

“სამტრედია”(სამტრედია) 0-1 “დინამო”(თბილისი)

გოლი: მანუელ ონვუ ’20

“ცხინვალი”(ცხინვალი) 0-1 “დილა”(გორი)

გოლი: გორელიშვილი ’61

“ვიტ-ჯორჯია” 2-2 “მერანი”(“მარტვილი”)

გოლი: კურდღელაშვილი ’64; ’67 – წურწუმია ’34; წყაროზია ’84

ჩისკომ “ჩიხურას” კარში გატანილი გოლის შემდეგ იტირა (ვიდეო)

ჩისკო მუნიოსის მიერ “ჩიხურას” კარში კარიერის ბოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი ესპანელი ფეხბურთელისთვის საკმაოდ ეცმოიური გამოდგმა. შეგახსენებთ, “დინამომ” წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში სუპერთასის მოპოვება შეძლო და კაპიტანი დიდი ფეხბურთიდან გააცილა. 

საჩხერეში დინამოს დუბლებიც დამარცხდნენ

პირველი წრის ბოლო მატჩი გაიმართა დუბლების ჩემპიონატშიც. ჩიხურას დუბლებმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი ჩიხურას კვერნაძემ გაუტანა. პირველი წრე დინამოს დუბლებმა 28 ქულით და მესამე ადგილზე დაასრულეს.
დინამო (დუბლები): კულუა, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კირკიტაძე (კაპანაძე 46), ნემსაძე, ჩაკვეტაძე (აშორტია 80), ვეკუა, კვერნაძე (გეგეშიძე 78), ო. კობახიძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 64)

fcdinamo.ge

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის გასამართი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. გუნდები პატივს მიაგებენ აზერბაიჯანული ფეხბურთის ვეტერან ალეკპერ მამედოვს, რომელიც გასულ კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ნეფთჩი” თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება და ფასი 4 ლარია.

შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: განრიგი, არბიტრი, ბილეთები

ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. “ნეფთჩი” თბილისში ოთხშაბათ დილას ჩამოფრინდება. იმავე დღეს გაიმართება გუნდების მატჩისწინა ვარჯიში და მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენციები.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ხვალ დილიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.

შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.

 

დავით ოდიკაძე: “ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგია”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ჩიხურას” კაპიტანმა დავით ოდიკაძემ, რომელმაც ნულოვანი ფრე სასურველ შედეგად შეაფასა.

“პირველ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა არწაგება გახლდათ, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ჩვენთვის ეს კარგი შედეგია. მძიმე მატჩი გამოვიდა.

ახლა განმეორებითი შეხვედრა გველის, ჩვენი ტრიბუნების წინაშე. “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დაახლოებით 15 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ამჯერად უფრო მეტნი ვიქნებით, დაახლოებით 20 ათასი”, – ციტირებს ოდიკაძის სიტყვებს azerisport-ი.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.