სამუელ ეტოო საფრანგეთში არალეგალურად ცხოვრობდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ აღიარა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთში არალეგალურად ცხოვრობდა. კამერუნელი ფეხბურთელი გამოტყდა, რომ სანამ პროფესიულ კარიერას დაიწყებდა, პარიზის ხელისუფლებას ემალებოდა, რადგან უკანონო ემიგრანტი იყო და დეპორტაციის ეშინოდა.

„საჭირო დოკუმენტები არ მქონდა, თუმცა საფრანგეთში დარჩენა გადავწყვიტე. ათდღიანი ვიზით ჩავედი, მოვიარე მარსელი და ავინიონი, შემდეგ კი პარიზში დარჩენა გადავწყვიტე. საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე თვე დავყავი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ქუჩაში არ გამოვსულიყავი, დეპორტაციის მეშინოდა“, – განაცხადა ეტოომ France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბექა დოგრაშვილი

ეტო’ო: „რეალი“ მის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო დავტოვე“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ თავის დროზე მადრიდის „რეალიდან“ წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რეალში“ გადასვლის შემდეგ დიდი იმედი მქონდა. მეგონა, რომ ჩემი ოცნება ასრულდა. თუმცა, შემდგომ ეს ოცნება კოშმარად იქცა.

ჩემი სამუშაოს შესრულება არ შემეძლო, რადგან კლუბის პრეზიდენტთან კონფლიქტი მქონდა. შესაბამისად, მადრიდის დატოვება მომიწია“, – განაცხადა კამერუნელმა ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „იმედო მაქვს, ეტოო დიდი ხნით არ გამოგვაკლდება“

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული მატჩის (6:0) დებიუტში „პენსიონერთა“ თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

„სქაი სპორტსის“ ცნობით, კამერუნელმა ფეხბურთელმა მუხლქვედა მყესი დაიშავა, თუმცა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ ეტოო მოედანს მალე დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, დიდი ხნით არ გამოგვაკლდება. ვიმედოვნებ, ეტოო ლაზარეთში მხოლოდ 10-15 დღეს დაჰყოფს და არა მთელ თვეს“, – მოურინიოს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ეტოომ მოხუცი განასახიერა

ერთი კვირის წინათ ჟოზე მოურინიოთი დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული ყველა სამუელ ეტოოზე ხუმრობდა, გუშინ კი —  ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა მათ ხუმრობითვე უპასუხა.

რამდენიმე დღის წინათ „კანალ პლუსმა“ მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. პორტუგალიელი სპეციალისტმა მაშინ ეტოოზე ასეთი რამ თქვა:

„ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“.

მოგვიანებით მოურინიომ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა ცეცხლზე ნავთი ეტოოს ყოფილმა მეუღლემ დაასხა, რომელმაც აღნიშნა, კამერუნელი ფეხბურთელი არც 32 და არც 35 წლის არ არის, ის 39 წლისააო.

სამუელ ეტოოზე ხუმრობა არც ბრიტანულმა „სანმა“ არ ითაკილა და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ასეთი ფოტოსურათი შექმნა.

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ მატჩში (4:0) ეტოომ გაიტანა და ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა — გოლის აღნიშვნისას მოხუცი განასახიერა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ეტოო საშინაო მატჩებში საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ გასვლაზე…“

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონის „ჩელსი“ თანაქალაქელ „ფულემს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი ანდრე შიურლემ გაიტანა. მოულოდნელად, „პენსიონერთა“ განაცხადში არ იყო სამუელ ეტოო. მოგვიანებით ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ შეიყვანა კამერუნელი თავდამსხმელი განაცხადში.

„ეტოოს ყველაფერი რიგზე აქვს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ აგრესიული დაცვის მქონე გუნდის წინააღმდეგ ფერნანდო ტორესის თამაში უფრო გამართლებული იქნებოდა. სარეზერვო ვარიანტად კი დემბა ბა ვარჩიე.

ეტოო კი იტანს, მაგრამ მხოლოდ საშინაო მატჩებში. ის გოლებს პრემიერლიგაშიც იტანს და ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ მხოლოდ შინ.

მას გასვლით შეხვედრებში თამაში შედარებით უჭირს. სამუელი საშინაო მატჩებში ჩვენი საუკეთესო ფორვარდია: ტექნიკა, მოძრაობა და ედენ აზართან და ოსკართან ურთიერთგაგების უნარი..

საერთო ჯამში, საშინაო მატჩებში ეტოო ჩემთვის საუკეთესოა, გასვლაზე კი მას პრობლემები აქვს“, – მოურინიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერი“ ეტო’ოს დაბრუნებას შეეცდება

მილანის „ინტერნაციონალეს“ ხელმძღვანელობა ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელის სამუელ ეტო’ოს დაბრუნებაზე ფიქრობს.

„ნერაძურის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ცოტა ხნის წინ ლონდონში ყოფნისას კამერუნელი ფეხბურთელის აგენტს კლაუდიო ვიგორელის შეხვდა, რის შესახებაც „სქაი სპორტს იტალია“ იუწყება.

„ინტერის“ ახალი მფლობელი ერიკ ტოხირი ზაფხულის სატრანსფრო ფანჯრის დროს გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და 32 წლის ფორვარდთან კონტრაქტის გაფორმება მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება.

ცნობისთვის, ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ეტო’ოს მიმდინარე სეზონის შემდეგ ეწურება. შეგახსენებთ, რომ, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით ივნისში „ინტერს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ნემანია ვიდიჩი შეუერთდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „სირცხვილი ამ ჟურნალისტს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მის მიერ სამუელ ეტოოს მიმართ გაკეთებული კომენტარის შესახებ ისაუბრა.

„ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიტყვები გამოაქვეყნა, თავს უხერხულად უნდა გრძნობდეს, რადგან ეს არაეთიკური საქციელია.

პირადი საუბრის ჩაწერა და მისი საჯარო სივრცეში გამოქვეყნება ეს თქვენი პროფესიის ეთიკას ეწინააღმდეგება. ეთიკური თვალსაზრისით, ეს ნამდვილი სირცხვილია.

ამ ჟურნალისტმა თავისი საშინელი თვისებები წარმოაჩინა და ისიც გაირკვა, რომ ჟურნალისტის პროფესიის შესახებ არაფერი არ იცის. ეს კომენტარი არც სერიოზული საუბრის დროს და არც ოფიციალურ ინტერვიუში არ გამიკეთებია.

ეს იყო ხუმრობით წარმართული დიალოგი ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც საფეხბურთო სამყაროს არ ეკუთვნის. საუბრისას ვიცინით კიდეც. ჩვენი დიალოგი ვიღაცამ ისე ჩაწერა, რომ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით, ეს ნამდვილი სირცხვილია.

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ საჯაროდ ასე არ ვხუმრობ. მეორე რიგში, თუ მსოფლიოში არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც საკუთარ ფეხბურთელებს იცავენ, ერთ-ერთი მათგანი მეც გახლავართ. და მესამე, სამუელ ეტოო არის სამუელ ეტოო. ის ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ხალხს ჰგონია, რომ მან ეს ტიტული სამჯერ მოიგო, მაგრამ ასე არ არის: ეს თასი მან ერთხელ „რეალში“, ორჯერ „ბარსელონაში“ და ერთხელ „ინტერში“ დაისაკუთრა.

ის იმ გუნდის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. ეტოო იმ მცირეოდენ ფეხბურთელთა შორისაა, ვისთან ერთადაც მეორე გუნდში ვმუშაობ.

მწვრთნელი იმ ფეხბურთელთან ერთად არ იმუშავებდა, რომელიც არ მოსწონს არც როგორც პროფესიონალი და არც როგორც ადამიანი“, – განაცხადა მოურინიომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ბექა დოგრაშვილი

რას ფიქრობს მოურინიო ეტოოზე – პორტუგალიელის პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს

ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ეს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა „კანალ პლუსმა“.

მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ პირადი საუბრისას გაკეთებულ ამ განცხადებას ჟურნალისტები არ გამოაქვეყნებდნენ, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

 მოურინიომ სხვა ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა:

„მყავს გუნდი, მაგრამ არ მყავს ფალკაო. ფალკაოს კი გუნდი არ ჰყავს. ასეთი თავდამსხმელი სამი ათასი გულშემატკივრის წინაშე არ უნდა თამაშობდეს.

შემიძლია თუ არა, რომ „მონაკო“ ჩავიბარო? მხოლოდ მაშინ, როდესაც კარიერას დავასრულებ. ზლატანი „ჩელსიში“? ეს შეუძლებელია. ის პარიზში ყველაფრით კმაყოფილია. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ და ვიცი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მდიდარი „პსჟ“ მას არასდროს არსად არ გაუშვებს“.

ახლა „ჩელსის“ თავკაცს გუნდის თავდამსხმელების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

ეტოოს უცნაური საქციელი (ვიდეო)

გუშინ გამართულ “ჩელსი” – “ვესტ ჰემის” დაპირისპირების უკანაკნელ წუთზე სამუელ ეტოო ძალიან უცნაურად მოიქცა. იმ დროს, როდესაც სტუმართა კიპერი თავისუფალი დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა, კომერუნელმა საჯარიმოში შეირბინა და გოლი გაიტანა, რომელიც რა თქმა უნდა არ ჩაითვალა.

პოლიტიკა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, რომელიც ობიექტურობას ვნებს

გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „პოლიტიკა  „ოქროს ბურთის“  გამოკითხვაში,  რომელიც ობიექტურობას  ვნებს“.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის მეთოდი სულ უფრო და უფრო დიდ კრიტიკას იწვევს – მწვრთნელები და ფეხბურთელები უმტესწილად ხმას ცალკეულ სახელებს აძლევენ, რაც გუნდური მიღწევების მნიშვნელობას ამცირებს. აქვე გიჩვენებთ, რომ გამოკითხვაში სუბიექტურ პოლიტიკასა და გაკერპებასაც აქვს ადგილი.

ლიონელ მესიმ ტექნიკურად არ მისცა ხმა კრიშტიანუ რონალდუს, ფრანკ რიბერისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. არგენტინელმა თავისი ხმები თანაკლუბელებს – ანდრეს ინიესტას, ჩავისა და ნეიმარს გაუნაწილა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსაც „დაავიწყდა“ თავისი კონკურენტები და საუკეთესო ფეხბურთელად რადამელ ფალკაო დაასახელა. მეორე ადგილი ახალ თანაკლუბელ გარეტ ბეილს, მესამე პოზიცია კი – ძველ თანაკლუბელ მესუთ იოზილს მიაკუთვნა.


სამუელ ეტოო „ოქროს ბურთს“ ყოფილ თანაკლუბელ იაია ტურეს გადასცემდა, რომელიც გასულ წელს ტიტულის გარეშე დარჩა. მეორე ადგილზე ლეო მესი გაიყვანა, მესამეზე კი ახლანდელი თანაკლუბელი ედენ აზარი.

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ მესამე ადგილი რობერტ ლევანდოვსკის მიაკუთვნა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ლევანდოვსკი სულაც პირველ პოზიციაზე გაამწესა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა ფათიჰ თერიმმა პირველი ადგილი მესუთ იოზილს მიაკუთვნა, რითაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიანიშნა, აი, ვინ მაკლდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელადო.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა თანამემამულე ბეილი მესისა და რონალდუზე მაღლა დააყენა.


ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა დიეგო ლუგანომ პირველი ორი პოზიცია თანამემამულეებს გაუნაწილა – ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის. სუარესს ხმა ასევე მისცეს თანაკლუბელებმა მარტინ შკრტელმა (პირველი ადგილი) და სტივენ ჯერარდმა (მე-3 ადგილი).

რობინ ვან პერსიმ პირველ ადგილზე თანამემამულე არიენ რობენი გაამწესა.

ჯანლუიჯი ბუფონმა უმაღლესი ქულა ანდრეა პირლოს დაუწერა.

ჩვენი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არჩევანიც ბევრს გაუკვირდა: 1. ანდრეს ინიესტა; 2. ანდრეა პირლო; 3. ედინსონ კავანი.

ბექა დოგრაშვილი

სამუელ ეტოომ “კარდიფის” მეკარეს ბურთი მოპარა

19 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “კარდიფი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღნიშულ შეხვედრაში, საინტერესო რამ მოხდა. ლონდონელთა კამერუნელმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ “კარდიფის” მეკარეს ბურთი მოპარა, რასაც მალე “ჩელსის” ედენ აზარის გოლი მოჰყვა.

ეტოო ნაკრებში დაბრუნდა

სამუელ ეტოომ კამერუნის მთავრობის გენერალურ მდივან ფერდინანდ ნგო ნგოსთან საუბრის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის წარმომადგენელმა ეტოოს ნაკრებში დაბრუნება ქვეყნის პრეზიდენტ პოლ ბიიას სახელის სთხოვა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსის“ 32 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება, მისივე თქმით, ოჯახური მიზეზების გამო გადაწყვიტა.

„სახელმწიფოს მეთაურმა ნაკრებში დაბრუყნება მთხოვა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კამერუნის ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. ასე რომ, მაქსიმალურად შევეცდები, თანაგუნდელებს დავეხმარო“, – ეტოოს სიტყვები „როიტერმა“ გამოქვეყნა.

2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში კამერუნელები ტუნისელებს დაუპირისპირდებიან. მატჩები 13 და 17 ოქტომბერს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

ბექა დოგრაშვილი