ფიფამ რეიტინგი განაახლა – საქართველოს პოზიცია უცვლელია

დღეს, ფიფამ სანაკრებო რეიტინგის განახლებული ვერსია წარადგინა. გასული თვის მსგავსად, საქართველოს პოზიციაზე უცვლელია და ჩვენი ეროვნული გუნდი კვლავ 126-ე საფეხურზე იმყოფება.

მინიმალური ცვლილებებია მოწინავე ათეულშიც, სადაც აღარ არის ესპანეთი, რომელიც მე-10 პოზიციაზე იტალიამ ჩაანაცვლა.

ranking

ჯანო ანანიძე „მორდოვიაში“ გადავა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მიმდინარე სეზონს სარანსკის „მორდოვიას“ შემადგენლობაში გააგრძელებს.

მასთან ერთად „მორდოვიაში“ მისი თანაგუნდელი პაველ იაკოვლევიც გაბარგდება. ორივე ფეხბურთელის იჯარას კლუბები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაადასტურებენ. როგორც ცნობილია, კომპენსაციის სახით, „სპარტაკმა“ 150 ათასი ევრო უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს იჯარით სხვა კლუბში აქამდეც უთამაშია – გასულ სეზონში 22 წლის მოთამაშე „როსტოვში“ გამოდიოდა.

ფრე ევროშესარჩევის მეორე შეხვედრაში (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდა.

ანგარიში მატჩსი მე-6 წუთზე სებისკვერაძემ გახსნა. ქართველები მთელი შეხვედრის განმავლობაში ახერხებდნენ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას, თუმცა მატჩის დასრულებამდე 1:12-ით ადრე შვეიცარიამ მეზგერის დარტყმით გაათანაბრა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში 4 ქულაა. ბოლო შეხვედრას ალიკ სარქისიანის გუნდი 17 იანვარს, მასპინძელ ლიტვის წინააღმდეგ გამართავს.

ოფიციალურად: კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ, რესტორან “ქალაქურში” კახა ცხადაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი გაფორმდა.

ბაქოს “ინტერის” ხელმძღვანებლობამ ცხადაძეს გერმანიისა და მალტის ნაკრებებთან გასამართი შეხვედრებისათვის საქართველოს ნაკრებში მუშაობის ნება მისცა. სეზონის ბოლოს, ქართველი სპეციალისტი ბაქოელებს დაემშვიდობება.

“დიდი მადლობა ნდობისთვის. ვეცდები, კრიზისიდან გამოვიდეთ. საქართველოს ნაკრებში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. ფეხბურთელების იმედი მაქვს. მათ მატჩების მოგება და დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლიათ”, – განაცხადა ცხადაძემ.

 

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წლის ბოლომდე დასახელდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, კონსულტაციები უკვე ერთი თვეა რამდენიმე კანდიდატთან აქტიურად მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 15 ნოემბერს გათავისუფლდა, როდესაც ქვეყნის პირველი გუნდი თემურ ქეცბაიამ დატოვა.

GFF.GE

სანდრო კობახიძის გუნდი ვარჯიშს 12 იანვრიდან განაახლებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სანდრო კობახიძის კლუბი უკრაინული „ვოლინი“ საახალწლო არდადეგების შემდეგ ვარჯიშს 12 იანვრიდან ლუცკში დაიწყებს, სადაც 18 იანვრამდე დარჩება.

19 იანვარს „ვოლინი“ ზამთრის პირველ უცხოურ შეკრებას გაივლის. სავარაუდოდ, გუნდი პირველ თებერვლამდე თურქეთში ივარჯიშებს, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

2 თებერვლიდან 8 თებერვლამდე გუნდი ლუცკში დაბრუნდება, ხოლო 9 თებერვლიდან 22 თებერვლამდე სეზონის განახლების წინ ვიტალი კვარციანოვის გუნდი თურქეთში ბოლო შეკრებას გაივლის და ამჯერად ხუთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის კენჭისყრის წინ მე-5 კალათაში განთესეს

8 დეკემბერს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. კენჭისყრა, რომელიც პარიზის დისნეილენდში გაიმართება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან და მის შედეგად გაირკვევა ის ქვეყანა და ჯგუფი, რომელშიც ჩვენი ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის პირველ ეტაპზე იასპარეზებს.

კენჭისყრის წინ ფიბა-ევროპამ კალათები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაკრებები რეიტინგის მიხედვით განთესა. საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა ჩეხეთთან, ისრაელთან და გერმანიასთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ მოხვდება აღნიშნულ გუნდებთან ჯგუფში და შესაბამისად, იგორ კოკოშკოვის გუნდი არ ითამაშებს გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ტარდება. ჯგუფურ ეტაპს გერმანია, ხორვატია, ლატვია და საფრანგეთი უმასპინძლებენ, ხოლო ფინალური ეტაპი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.

შეიცვალა გათამაშების ფორმატიც, რომლის თანახმადაც აღარ გაიმართება მეორე ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყება. ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში 16 გუნდი გავა (თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო).

nakrebi kalatebigbf.ge

 

საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 9 ადგილით დაქვეითდა

გამოქვეყნდა ფიფა-ს ახალი სანაკრებო რეიტინგი, რომლის შედეგებიც ქართველი გულშემატკივრებისთვის კვლავ არასახარბიელოა.

ამჯერად ჩვენი ქვეყნის ნაკრები რეიტინგის 126-ე ადგილზე დაქვეითდა. შეგახსენებთ, რომ წინა თვეში საქართველო ფიფა-ს რეიტინგის 117-ე ადგილზე იმყოფებოდა. ამჟამად ქართველთა მონაგარი 239 ქულას შეადგენს.

სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრებს ფარერის კუნძლებმაც გაუსწრეს, რომლელიც უკვე 102-ე ადგილზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ თემუერ ქეცბაიას მოსვლის პერიოდში ნაკრები რეიტინგში 124-ე ადგილს იკავებდა.

ვის შეუძლია ნაკრებში სიტუაციის დალაგება ქეცბაიას შესაძლო წასვლის შემდეგ?

პოლონეთთან დღევანდელი მატჩის შემდეგ, სავარაუდოდ, თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს დატოვებს. თავად ბატონი თემურის ბოლო კომენტარები, გულშემატკივრების უკმაყოფილება, გუნდის შედეგები – ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ამის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

თუმცა, გუნდის შედეგი უკეთესობისკენ მხოლოდ მწვრთნელის წასვლით რომ იცვლებოდეს, თავის პოსტს, ალბათ, თავად თემურ ქეცბაია აქამდეც დატოვებდა. მსგავსი ცვლილება წარმატების გარანტი არასდროს არის, თუმცა, რასაკვირველია, მცირედით მაინც იმედის მომცემია. რამდენად იმედის მომცემია თემურ ქეცბაიას წასვლა, თუ შესაძლო კანდიდატებს შორის რეალურად არავინ დასახელებულა? ან საერთოდ, ვინ მოახერხებს ნაკრებში არსებული ამჟამინდელი სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას? გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არსებითად სიტუაცია უცხოელი სპეციალისტის მუშაობის დროსაც არ იცვლებოდა. ალენ ჟირესი, კლაუს ტოპმელერი და ექტორ რაულ კუპერი – ეს სამი სპეციალისტი „ჯვაროსნებს“ ხუთწლიან პერიოდში თავკაცობდა. ნაკრებისთვის ხუთ წელიწადში სამი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მუშაობა კი ნამეტანია. არადა, ერთი შეხედვით, სამივე ამ სპეციალისტს გუნდის პროგრესირებაში თავისი დიდი წვლილის შეტანა შეეძლო. სამივე მათგანს არც გამოცდილება აკლია, არც წარსულში მიღწეული კარგი შედეგები (განსაკუთრებით კუპერს, რომელიც „ვალენსიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გასულა). რა თქმა უნდა, სამივე მწვრთნელის მუშაობის პერიოდში იყო ერთი მატჩი, რომელშიც გუნდი კარგად გამოიყურება და ძლიერ მეტოქესთან შედეგს აღწევდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს „ერთი წარმატებული მატჩი“ „ერთ წარმატებულ მატჩად დარჩა“ და სხვა მსგავსი შეხვედრები ნაკრებს კონკრეტულად ერთი მწვრთნელის პერიოდში არ ჩაუტარებია.

2009 წელს თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გულშემატკივარს მცირე იმედი გაუჩნდა. როგორც აღვნიშნე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელოვანი მწვრთნელის დანიშვნა ნაკრებისთვის საკმარისი არ იყო, შესაბამისად, საპასუხისმგებლო მისიის დაკისრება ადგილობრივი სპეციალისტვისთვის უფრო პრიორიტეტული გახდა, რომელიც როგორც ქვეყანას, ასევე მის მოთამაშეებს კარგად იცნობდა. ასეთ მწვრთნელად, პირველ რიგში, სწორედ თემურ ქეცბაია მოიაზრებოდა. გასაკვირი ამაში არაფერია – ქართველმა სპეციალისტმა საკლუბო დონეზე „ანორთოსისთან“ მართლაც შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია და კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ქეცბაიას მოსვლისთანავე გუნდის თამაშში პროგრესი შეინიშნა და რამდენიმემატჩიანი წაუგებელი სერიაც გვქონდა. შესაძლოა, საბედნიეროდ, შეიძლება, პირიქითაც, მაგრამ ხორვატიასთან თბილისური მატჩი გულშემატკივრებს ახლაც ახსოვთ. საბედნიეროდ, იმიტომ, რომ ქეცბაიას გუნდმა 2011 წლის 26 მარტს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები დაამარცხა, რითაც ქომაგებს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი აჩუქა. სამწუხაროდ კი, იმიტომ, რომ იმ მატჩის შემდეგ სიტუაცია რეგრესისკენ შეიცვალა. რამდენიმე დღეში ქართველები ისრაელში ჩავიდნენ, სადაც ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. ციკლის ბოლოს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. საქართველო თბილისში ლატვიასთან, მოგვიანებით კი, საბერძნეთთან დამარცხდა. საბოლოოდ, ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპი ქეცბაიას გუნდმა ათი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა…

უფრო უარესი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის შედეგი აღმოჩნდა. ხუთგუნდიან ჯგუფში ქართველებმა კვლავ ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს (ამჯერად თავის აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერეს). არადა, ის ეტაპი ასევე კარგად დავიწყეთ. თორნიკე ოქრიაშვილის ბელორუსის ნაკრების კარში გატანილი ჩინებული გოლის წყალობით, „ჯვაროსნებმა“ აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს. სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ჩვენთვის ხსენებულ ციკლში ერთადერთი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო უგოლო ფრე, თუმცა იმ მატჩის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენი ნაკრები ფინეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მანამდე ერთი წლით ადრე, ჰელსინკიში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ის შეხვედრა ფინელებმა ათი კაცით დაასრულეს, თანაც, როდესაც მათ ერთი მოთამაშე გამოაკლდათ, საქართველო იგებდა და, შესაბამისად, გოლი კაცნაკლული გუნდისგან გაუშვა. ყველაზე დიდი მარცხი ქეცბაიას მუშაობის პერიოდში 2013 წლის ორ ივნისს დაფიქსირდა, როცა გასვლაზე ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 0:4 დავმარცხდით. ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შეხვედრაში, მეოცე წუთიდან, გიორგი ლორიას გაძევების შემდეგ, საქართველო ათკაციანი შემადგენლობით თამაშობდა.

ასე რომ, თავისი პატარა პლიუსები ქეცბაიას მუშაობის პერიოდსაც ჰქონდა, თუმცა ამ პლიუსებზე გაცილებით მეტი მინუსიც შეინიშნება. დავით მინაშვილთან ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ქეცბაიამ აღიარა, რომ იყო მატჩი, რომელიც გუნდმა უშუალოდ მისი გადაწყვეტილებების გამო წააგო.

ანალოგიური სიტუაცია, როგორც უკვე ვახსენეთ, ბატონი თემურის წინამორბედების პერიოდშიც იყო. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, თუ როგორი სპეციალისტი მოუხდება საქართველოს ნაკრებს. ასეთ სიტუაციაში, ალბათ, პრიორიტეტული უფრო ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნა იქნება, რომელიც ნაკრების შიდა სამზარეულოში, ასე თუ ისე, ჩახედული იქნება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მსგავსი სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით, თანაც, ყველა მათგანი ამ ეტაპზე დასაქმებულია და რთულია იმის თქმა, დათანხმდება თუ არა ამჟამინდელი სამუშაო ადგილის დატოვებას ძნელად შესასწორებელი სიტუაციის სანაცვლოდ…

ამავდროულად, მომგებიანი არც უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა უნდა იყოს, რომელსაც ადაპტაციისთვის, ნაკრების შიდა სამზარეულოს გაცნობისა და შემადგენლობის როტაციისთვის საკმაო პერიოდი დასჭირდება.

საქმე ხომ არამხოლოდ მწვრთნელშია… ნაკრებს მცოდნე სპეციალისტის გარდა, კარგი პირობები, ინფრასტრუქტურა და შეთამაშება სჭირდება…

თემურ ქეცბაიას შესაძლო წასვლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბევრი საფიქრალი ექნება. ვინ უთავკაცებს ნაკრებს მომავალში და როგორი იქნება მისი პერსპექტივა? ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, დღევანდელი მატჩის შემდეგაც კი გავიგოთ…

თემურ ქეცბაია: “ნაკრებიდან ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში წავალ”

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე ჯვაროსნების დამირგებელმა თემურ ქეცბაიამ მედიის კითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ პრესის წარმომადგენელთა ნაწილმა პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა, რისი მიზეზიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იყო.

თემურ ქეცბაია: “კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი რთული მატჩი გველის ხვალ. შეკრების დაწყების დღიდან ყველაფერი კარგად მიდის. გუნდში საქმისადმი კარგი დამოკიდებულებაა. სამწუხაროდ, გელაშვილმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ დაეხამრება. ნიკა ბოლო თამაშებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ხვალ მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ჯგუფში ვითარება ძალიან დაიძაბა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვების მოპოვება იქნება.

გიბრალტარის მატჩის შემდეგ ჩემი წასვლა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა. მე ნათქვამი მქონდა, რომ წაგების ან ფრის შემთხვევაში წავიდოდი, თუმცა ხვალ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჩემთვის უკანაკსნელი მატჩი იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. არ აქვს მნიშვნელობა ჩემს მაგივრად ქართველი სპეციალისტი დაინიშნება თუ უცხოელი. მთავარია, რომ ნაკრებს ძლიერი მწვრთნელი ჩაუდგეს სათავეში. აქ მუშაობის პერიოდში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა. ამიტომ, ახლა სხვა მიმართულებით უნდა წავიდე. ვფიქრობ, რომ ჩემს გადაწვყეტილებას ფეხბურთელები გაგებით მოეკიდებიან და ხვალინდელ თამაშში კარგ საჩუქარს გამიკეთებენ და სანაკრებო მოღვაწეობას პოზიტიურად დავასრულებ.

დღევანდელი პოლონეთის ნაკრები დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. მათ საკმაოდ მაღალი დონის საშინაო ჩემპიონატი და კარგი რესურსები აქვთ. ამ გუნდს მოწინავე პოზიციებისთვის ბრძოლის შანსი აქვს.

ჟურნალისტებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ალბათ, მათ თავიანთ მოვალეობებს ბოლომდე ვერ გაართვეს თავი. კარგია, რომ ერთმანეთის მიმართ გაქვთ სოლიდარობა, ამას მივესალმები. ანალოგიური რამ ქართულ ფეხბურთში რომ არ არის, ესაა მთავარი პრობლემა, რაც დღევანდელ მდგომარეობას განაპირობებს. პიროვნულად, არავისთან არ მაქვს პრობლემა.”

გელაშვილი ნაკრებს გამოაკლდა

12 ნოემბერს, “ბასაზე” გამართული ვარჯიშისას, ტრავმა მიიღო ნიკოლოზ გელაშვილმა და ეროვნულ ნაკრებს ხვალ, პოლონეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მედიკოსთა დასკვნა ტრავმის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს ჩვენი გუნდი კვლავ 16:00 “ბასაზე ივარჯიშებს, 18:00 საათზე კი, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

gff.ge

ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები სეზონის მეოთხე ოფიციალური მატჩისთვის “ბასაზე” ემზადება. ეროვნულმა გუნდმა დღეს არასრული შემადენლობით ივარჯიშა. “ომონიას” ქართველი ლეგიონერი უჩა ლობჟანიძე თბილისში, გვიან საღამოს ჩამოვიდა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ორშაბათს “გენკის” სარეზერვო გუნდში ერთი ტაიმი ითამაშა, თბილისში 12 ნოემბერს გამთენიისას ჩამოვიდა. საწვრთნელ პროცესს მატჩამდე ორი დღით ადრე შეურთდება კვიპროსის “ოთელოსის” წევრი როინ კვასხვაძე.
24 კაციანი შემადგენლობით, პირველ სრულყოფილ ვარჯიშს ნაკრები დღეს, 16 საათზე გამართავს.

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი
(„ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.